„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის“ (IDSD) ხელმძღვანელი, ნათია იმნაძე 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება და რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიზეზს. სამშაბათს საპარლამენტო კომიტეტში ოთხი პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვა გაიმართა:
„ჩვენი აღშფოთება გამოიწვია იუსტიციის მინისტრის უკანონო ქმედებამ, რაც გამოიხატებოდა იმ ვიდეოს გასაჯაროებაში, რომელიც ყველამ ვიხილეთ. შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიდეო იყო ჩაწერილი სრულიად კანონიერად და ა.შ., მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვიდეოს ჩაწერის ფაქტს არ ვაპროტესტებდით, რადგან კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ციხეში აწარმოო ვიდეოგადაღება, ხშირ შემთხვევაში პატიმარი საქმის კუსრშია და სავარაუდოდ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც ეს იცოდა. მას შეუძლია აირჩიოს ესაუბროს თუ არა პატიმარს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ ეს ჩანაწერი კანონმდებლობის მიხედვით ემსახურება გარკვეულ მიზნებს და არამც და არამც, რომ ეს იხილოს იუსტიციის მინისტრმა და შემდეგ გაასაჯაროოს და გამოიყენოს სახალხო დამცველის დისკრედიტაციისთვის. ეს არის უკანონო ქმედება. ეს არის სწორედ ის ქმედება, რომლის გამოც ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს იუსტიციის მინისტრის სულ მცირე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.
სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთხელ არის ხაზგასმული ინფორმაციის წყაროს კონფიდენციურობის დაცვის მნიშვნელობა. ამით ხსნის სახალხო დამცველიც იმას, რომ ინფორმაცია დოკუმენტში არ არის ჩაშლილი იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს რესპონდენტის იდენტიფიკაცია:
„ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია იმგვარად, რომ გამოირიცხოს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიცირების შესაძლებლობა და მაქსიმალურად იყოს უზურნველყოფილი მათი უსაფრთხოება“.
მეტიც, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მოგვიანებით გადაამოწმა კიდეც, ხომ არ ყოფილა მუქარა ან ანგარიშსწორება პატიმრებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია ჰქონდათ მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს.
„და ამ ფონზე, იუსტიციის მინისტრი ითხოვს სახალხო დამცველისგან კონკრეტული სახელების და გვარების, პატიმრების დასახელებას. ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო. არც მჯეროდა, ეს რომ გავიგონე და რომ ეს თქვა იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც სისტემა აბარია“, - ამბობს ნათია იმნაძე „დილის საუბრებში“ და იუსტიციის მინისტრის ქმედებას „იაფფასიან ხრიკებს“ უწოდებს „იმ პრობლემების გადასაფარად და თავის სამართლებლად, რაც პენიტენციურ სისტემაში ხდება“.
IDSD-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის გამოწვევის აღიარება უმნიშვნელოვანესია:
„ამჟამად ციხეებში ხდება ასე: ადმინისტრაცია ხშირ შემთხვევაში თვითონ ერიდება ე.წ. ურჩი პატიმრების დასჯას და ხშირად ამისთვის იყენებს სწორედ იმ სუბკულტურის წარმომადგენლებს და კრიმინალურ ლიდერებს. მათ ეყრდნობა იმისთვის, რომ ე.წ. წესრიგი დაამყაროს და სიმშვიდე ჰქონდეს ციხეებში. ეს, სხვათა შორის, ძალიან საშიში მოვლენაა და რატომ: წინა ხელისუფლების დროს თუ ძირითადი არასათანადო მოპყრობის ფაქტები მომდინარეობდა ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ციხის თანამშრომლების მხრიდან, მაშინ კიდევ იყო დიდი შანსი, რომ მიგვეღო რაღაც ინფორმაცია, თუნდაც კონფიდენციურად იმაზე, რაც ხდებოდა ციხეებში. მაგალითად, გლდანიდან არ გამოდიოდა არც ერთი საჩივარი, სამაგიეროდ, კონფიდენციური ინფორმაცია გვქონდა, ზუსტად ვიცოდით რა ხდებოდა და ამას ვწერდით კიდევაც, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა არასათანადო მოპყრობა, ცემა, დაშინება, ფსიქოლოგიური ზეწოლა მომდინარეობს სხვა პატიმრების და კრიმინალური ლიდერების მხრიდან, ძალიან ძნელია იგივე მონიტორინგის ორგანოების მუშაობა, ძალიან ძნელია სამართალდამცავი ორგანოებისთვის მუშაობა და თუნდაც სურვილის შემთხვევაში ფაქტების დადგენა თვითმხილველების, მოწმეების მოძიება, მსხვერპლის მხრიდან აღიარება და ა.შ.. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სუბკულტურას როგორი პასუხი აქვს ხელისუფლების მხრიდან.
მე ვფიქრობ და ბევრი ჩემი კოლეგა ფიქრობს, რომ ახლა ზუსტად არის ის დრო, როცა სისტემამ უნდა აღიაროს ეს პრობლემა, შემდეგ სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი მისი გავლენა ზოგადად ციხის ცხოვრებაზე, პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე, თანამშრომლების მხრიდან ჩართულობაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ სიტუაციაში კორუფციის მომეტებული რისკია. ეს ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი და მერე უნდა დაიგეგმოს რანაირად გავანეიტრალოთ სუბკულტურის გავლენა.
რა მინდა ვთქვა: წინა ხელისუფლების მიდგომა - ძალისმიერი მეთოდებით აღმოეფხვრა კრიმინალური სუბკულტურა - საბოლოოდ მარცხით დამთავრდა. ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომ არ შეიმჩნიოს ან გაურიგდეს სუბკულტურას, ასევე კრახით დამთავრდება და ძალიან ცუდ მდგომარეობას მივიღებთ ციხეებში, რომელიც ნელ-ნელა გარეთ დაიწყებს გამოსვლას.
ამიტომ არის ძალიან საშიში ის პოლიტიკა, რასაც ეწევა დღევანდელი იუსტიციის მინისტრი“.