30 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია თავბერიძე, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" კოორდინატორი. მან ილაპარაკა აფგან მუხთარლის საქმეზე. ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოში აღიძრა საქმე აზერბაიჯანის მოქალაქის აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტის გამოსაძიებლად. ერთი წლის შემდეგ, საზოგადოებამ პრაქტიკულად იგივე იცის საქმის გარემოებებზე, რაც აფგან მუხთარლის გატაცების დღეს იცოდა. გასული წლის ამ დღეს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს" აფგან მუხთარლის ოჯახმა და მეგობრებმა აცნობეს ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ. ორგანიზაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ინტერნეტში პირდაპირ გადაიცა. ნათია თავბერიძე "დილის საუბრებში" იხსენებს იმ დღეების დეტალებს, აფგან მუხთარლის მეუღლისა და მეგობრების განცდას ადამიანის გაუჩინარების და მოგვიანებით აზერბაიჯანის სამართალდამცავთა ხელში აღმოჩენას, იმ ქვეყნის უწყებისა, რომლისგან შევიწროების გამოც მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის სასამართლოს ორმა ინსტანციამ სცნო აფგან მუხთარლი დამნაშავედ ბრალდებებში, რომლებიც მოიცავს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, უცხოური ვალუტის უკანონოდ შეტანის მცდელობასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რაც შეეხება საქმის პერსპექტივას, ნათია თავბერიძე განმარტავს, რომ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელი და ქართველი დამცველები ერთობლივად მუშაობენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან და როგორც კი აზერბაიჯანში საქმე გაივლის უზენაეს სასამართლოსაც, სრული აპლიკაციის განხილვა დაიწყება სტრასბურგის სასამართლოში. საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და მისი განხილვა შედარებით მოკლე დროში მოხდება. ნათია თავბერიძე თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში საზოგადოებამ არ დაივიწყოს ეს საქმე და მუდამ შეახსენოს ხელისუფლებას ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების შესახებ.