ანიმ ამ ზაფხულს წონაში დაკლება გადაწყვიტა და დიეტა დაიწყო. ანი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრკელასელია და იმედი აქვს, რომ სკოლაში მისულს მათემატიკის მასწავლებელი ვეღარ ეტყვის, „შენ რომ დადიხარ, მიწისძვრა ხდებაო“. ნიკას წელსაც ეშინია, ბიოლოგიის მასწავლებელმა გოგოებთან მეგობრობის გამო „ქალაჩუნა“ არ დაუძახოს. ნუცას ისევ ახსოვს ის დღე, როცა გაკვეთილზე მასწავლებელმა რწმენაზე ილაპარაკა და ის ბავშვები შეაქო, ვისი ოჯახებიც მართლმადიდებლურ დღესასწაულებს აღნიშნავენ, ვისაც სახლში მეტი წმინდანის ხატი უკიდია. მერე ამ მოსწავლეების დავალებებსაც უფრო მონდომებით აფასებდა.
„ჩემს კლასში ყველა მართლმადიდებელია, მეც, მაგრამ ჩვენ სახლში ხატები არ გვაქვს, ამის თქმის კი შემეშინდა. ვიცოდი, მასწავლებელი წესიერ ნიშანს აღარ მაღირსებდა“, - გვეუბნება ნუცა.
მოზარდები ჰყვებიან, რომ სკოლაში შერქმეული მეტსახელის ავტორები ხშირად მათივე მასწავლებლები არიან. ისინი ყველაზე ხშირად საკუთარ „ძალაუფლებას“ მაშინ მიმართავენ, როცა განსხვავებულ აზრს ისმენენ.
ანი ამბობს, რომ მოსწავლეების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მასწავლებლების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია, ზოგჯერ ამას მოსწავლეებიც აღარ აქცევენ ყურადღებას, თუმცა წინააღმდეგობის შემთხვევაში აიძულებენ გაჩუმდნენ, „ენას ნუ ატლიკინებო“ - ამის მსგავსი მიმართვებით.
ანი (სახელი შეცვლილია): „[როცა ბავშვები მასწავლებლების გამონათქვამებს ეწინააღმდეგებიან, მაგ დროს მასწავლებლები ეუბნებიან] ოჯახში გაზრდილი არა ხარ? იცის შენმა მშობელმა ახლა რას აკეთებ, უპატრონო ხარ? - ასეთი სიტყვებით მიმართავენ. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ხდება რელიგიასთან დაკავშირებით. ასევე, მაგალითად, „შენ გოგო ხარ, ასე არ შეგეფერება, ასე არ უნდა თქვა“. თითქოს გვასწავლიან, რა არის ზედმეტი და რა არა. ახალგაზრდა მასწავლებლებთან ეს უფრო ნაკლებად ხდება. თითქოს იმაზეა დამოკიდებული, თვითონ რა პირობებში სწავლობდნენ და როგორ ექცეოდნენ მათ. მერე გამოჩნდება ხოლმე რამდენიმე გმირი მოსწავლე და წინააღმდეგობას გაუწევს. მერე მასწავლებელი ამ ბავშვს აყენებს შეურაცხყოფას, მერე მასწავლებლები ცდილობენ ასეთი ამბები კლასიდან არ გავიდეს და თუ მაინც გავიდა, დირექცია მასწავლებელს უჭერს მხარს, რადგან თვლიან, რომ ბავშვებს არ უნდა დაუჯერონ“.
არადა, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (მიღებულია 2010 წლის 14 ივნისს), მკაფიოდ ადგენს: “მასწავლებელი თავისი პროფესიული საქმიანობისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს”. “მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას”.
რამდენი მასწავლებლის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის სანქცია, მოსწავლის ან მოსწავლეებისადმი სულ მცირე არაეთიკური მიმართვების გამო, ცნობილი არ არის. თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლებს წლიდან წლამდე ტრენინგებს უტარებს, კლასში ძალადობის პრევენციის, მოსწავლეთა შორის ბულინგის ამოცნობისა და მართვის სასწავლებლად, კონკრეტული ტრენინგი, რომელიც მასწავლებლების მხრიდან შესაძლო ბულინგს მიეძღვნებოდა, არ ჩატარებულა.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, სკოლებში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი კლასის დამრიგებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მხოლოდ ამ ზაფხულიდან ჩაუტარდებათ და მასში 1729 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება ჩართული. აქამდე, 2016 წელს 282 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მომზადდა, 2017-ში - 352 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. კითხვაზე, რატომ მხოლოდ სამოქალაქო განათლების სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ ეს მოდული წინა წლებში მომზადდა.
„უტვინოებო“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „ლაწირაკო“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „სპილოს ყურები გაქვს“, „წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“, „გაჭყლეტილ ბაყაყს ჰგავხარ“ - მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების მიმართ ამის მსგავსი კიდევ მრავალი გამონათქვამია თავმოყრილი სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებეში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ“, რომელიც 2017 წელს გამოიცა (ამჟამად სახალხო დამცველის აპარატის ინტერნეტგვერდი გათიშულია, რადგან განახლების პროცესშია. ინფორმაციის ნაწილის ნახვა სხვა ინტერნეტრესურსებზეა შესაძლებელი.)
სახალხო დამცველის რწმუნებულები 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს გაესაუბრნენ. მათგან 98 საჯარო, 5 კერძო სკოლის და 6 სკოლა-პანსიონის მოსწავლე იყო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თავისი აზრის გამოთქმას მასწავლებლები მოსწავლეებს უზრდელობად უთვლიან. თავისი აზრის გამოთქმის გამო მასწავლებლები მოსწავლეებს დასცინიან, ამცირებენ ან აზრის გამოთქმას საერთოდ უკრძალავენ.
„როგორც სკოლის მასწავლებლები, ისე მოსწავლეები ძალადობად არ აღიქვამენ ისეთ აშკარა ძალადობის ფაქტებს, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა. ასე ფიქრობს მასწავლებელთა დაახლოებით 14 % და მოსწავლეთა 40 % და მეტი“.
„ეროვნული კვლევა სკოლებში ძალადობის შესახებ“ გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 წელს ჩაატარა. კვლევის თანახმად, სკოლაში უფროსების მხრიდან (პედაგოგიური კოლექტივი) მოსწავლეზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ყვირილი, გინება, ცუდი ნიშნებით დაშინება, ცუდი მეტსახელებით მიმართვა.
კიდევ ერთ კვლევა, რომელიც მასწავლებელთა ცოდნასა და გენდერული საკითხებისადმი დამოკიდებულებას სწავლობდა, 2014 წელს ჩატარდა. 5 ფოკუსჯგუფში 50 სხვადასვა ასაკის 50 მასწავლებელი მონაწილეობდა.
ციტატა კვლევიდან:
შეკითხვაზე, კაცი უნდა გავიდეს თუ არა დეკრეტულ შვებულებაში, პასუხი იყო: „კაცს თანდაყოლილი რომ არ აქვს შვილის გაჩენის და ძუძუთი კვების ფუნქცია, ეს ბუნებრივად განაპირობებს მის ქცევას, ხოლო ქცევების აღრევა კაცს ფუნქციას დაუკარგავს საზოგადოებაში“.
„კაცს შეიძლება ეპატიოს, ქალმა არ უნდა იკადროს“. შეკითხვაზე, თუ რატომ, უმრავლესობა ამბობს, „იმიტომ, რომ კაცია“.
„შეიძლება ქალი გათხოვდეს და არ იყოს ქალწული, მაგრამ მე იმის პროპაგანდას ვერ გავაკეთებ, რომ ყველა ჩემი მოსწავლე ასე მოიქცეს, ეს უზნეობად მიმაჩნია და იმიტომ“.
ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ვაჟკაცობისა და „რაინდობის თემა“ უფრო ბიჭებისთვის არის აქტუალური. მონაწილე ამას თავის ცნობიერებას აბრალებს და დასძენს, „... რომ დავინახო, ჩემი მოსწავლე ბიჭი გოგონასთან ერთად თოჯინათი თამაშობს, ალბათ, ნამდვილად მივუთითებ ...“
პედაგოგები საუბარში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებისათვის იმის ახსნისას, თუ რა არის ჰომოსექსუალობა, გამოიყენებდნენ/გამოუყენებიათ ისეთი შედარებები, როგორიცაა: „მუტანტებიც ხომ იბადებიან“, „ანომალიური ტვინი, რომლის გადაკეთებაც არ შეიძლება“. ერთ-ერთი მასწავლებელი იყენებს სიტყვა „ავადმყოფებს“ და მოსწავლეებთან ლაპარაკის დროს შემდეგნაირად ახდენს საკუთარი აზრის ფორმულირებას: „ვუპასუხებ, რომ ბუნებაში, მაგალითად, ხშირად ჩნდება ორთავიანი გველიც კი ...ჩნდება რაღაცა მუტანტებიც, ჩნდება გადახრებით, თუნდაც, ადამიანები ... ესენიც ასე არიან ...ანომალიაა და ავადმყოფობაა ... არ შეიძლება ავადმყოფი დავჩაგროთ." მიუხედავად ძალადობის დაგმობისა, ყველა იზიარებს აზრს, რომ ლგბტ ადამიანების საჯარო გამოსვლები საქართველოში მიუღებელია.
მონაწილეების დიდი ნაწილი თვლის, რომ ლგბტ ადამიანები საქართველოში არ იჩაგრებიან და ჯერ კიდევ საბჭოთა დროს თბილისში ყველამ იცოდა „ასეთების“ შესახებ, თუმცა მათ არავინ არ უწევდა დისკრიმინაციას. „... ეს არ არის ნორმალური და ამის წახალისება არ უნდა ხდებოდეს ... მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს, რომ შენ თუ რაღაცა გინდა, აკეთე შენთვის, ნუ გამოდიხარ და ნუ ახვევ სხვას თავს და ნუ აიძულებ“.
„თანამედროვე საქართველოს სკოლა საბჭოთა გამოცდილებაში დარჩა“, „სკოლაში მოქმედებს დიქტატორული ვერტიკალი“, „სკოლის მიზანი გახდა აღზარდოს მორჩილი ადამიანი“, „მასწავლებლები და მოსწავლეები კომპიუტერულმა წიგნიერებამ სხვადასხვა ღირებულებით პოლუსებზე დააყენა“, „რელიგიის ადგილი არ არის სკოლაში“, „მასწავლებლებს ეშინიათ შეცდომების აღიარების“ - ეს ციტატები კი იმ რესპონდენტებს ეკუთვნით, ვისაც იმის შეფასება ვთხოვეთ, რა წარმოდგენებმა, სოციალურმა გამოცდილებამ, ღირებულებათა ერთობლიობამ განაპირობა მჩაგვრელი მასწავლებლების ჩამოყალიბება.