თბილისის ავზნიანი, პაპანაქება სიცხის შესახებ წერს ყველა, ვინც, ბედის თუ უბედობის წყალობით, ივლის-აგვისტოში საქართველს დედაქალაქში მოხვედრილა. ქალაქში ბაღებისა და ტყის სტიქიურმა გაჩეხამ გამოიწვია თბილისის ჰავის თვისებათა გაუარესება, გამოაცალა ჰაერს სიგრილე, გაზარდა ნიადაგქვეშა სინესტის აორთქლება და გააქრო წყაროები, რომლებიც, იყო დრო, ქალაქს 16 შადრევნისა და 59 აუზისთვის აწვდიდნენ წყალს.
სწორედ ამგვარი სიგრილეგამოცლილი დაუხვდა საქართველოს მთავარი ქალაქი ალექსანდრ პუშკინს 1829 წელს იმ თავისი ცნობილი მოგზაურობის დროს:
„ტფილისი მდებარეობს მტკვრის ნაპირას კლდოვანი მთებით შემოსაზღვრულ ველში. ეს კლდეები, იცავენ რა ქალაქს ყველა მხრის ქარებისგან, ვარვარებენ მზეზე და უბრალოდ კი არ აცხელებენ ჰაერს, არამედ ადუღებენ. სწორედ ესაა მიზეზი აუტანელი სიცხისა, რომელიც ტფილისში მეფობს“.
„თეთრი ქალაქი მზის ალმურში თეთრად იწვოდა. სულის შემხუთავი ბუღი ზეცაში ოქროს მტვერივით იყო გაბნეული. ადამიანს სუნთქვა უჭირდა და ჩრდილს ეძებდა“, - ასეა აღწერილი ზაფხული „აივნიან ქალაქში“.
ტფილისში გამეფებული ამ აუტანელი სიცხისგან თავის დასახსნელად ბევრი გზა არსებობდა, მათ შორის თბლისური ღრმა და გრილი სარდაფები, მიტროფანე ლაღიძის გამაგრილებელი სასმელები, ძველი და ახალი ბაღები, სააგარაკე ადგილები შემოგარენში (კოჯორი, მანგლისი, კიკეთი...), მთისა და ზღვის შედარებით შორეული კურორეტები და ა. შ. თუმცა ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტიანი მაინც მდინარეზე ჩასვლა იყო და ჩადიოდნენ კიდეც, ლამის ჩვენს დრომდე.
მტკვარზე ქცევის წესები
თბილისში მტკვარში ბანაობა 1980 წლის 10 აპრილს აიკრძალა, „წყალზე უბედურ შემთხვევათა თავიდან აცილების“ მიზნით. ბევრად ადრე, 1924 წლის 1 აპრილს, ტფილისის აღმასრულებელმა კომიტეტმა მდინარე მტკვარზე ნავებით მოძრაობის წესის დასადგენად გამოსცა სავალდებულო დადგენილება N60, რომლის IV პუნქტის მიხედვითაც, სასტიკად აიკრძალა მტკვარზე სეირნობა, ქეიფი და სხვ. მდინარეზე ნებადართული იყო ნავებით მხოლოდ ტვირთის გადატანა (მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე), წესების დარღვევა კი ისჯებოდა ორთვიანი პატიმრობით ან ჯარიმით „ას ჩერვონულ მანეთამდე“.
შესაბამისად, მტკვარზე „გადაბმული ტივებითა და ნავებით“ ქეიფი მკაცრად აიკრძალა, თუმცა მტკვარში შესვლა, თევზაობა და ბანაობა თბილისის ტერიტორიაზე ლამის გასული საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა.
მტკვარში შესვლა და გაგრილება არ იყო მხოლოდ თბილისელი ბიჭების გასართობი. გავიხსენოთ, მტკვრის პირას (ანჩისხატის მახლობლად) ჰყვებოდნენ „სურამის ციხის“ ამბავს ზაფხულის საშინელ სიცხეს გამორიდებული ყმაწვილები, რომლებიც „იბანდნენ, ჩაის მიირთმევდნენ და, წინასწარ დათქმული პირობის თანახმად, რიგრიგობით ამბობდნენ მოთხრობას, ანდაზას ან სხვა რაიმეს საქართველოს ცხოვრებიდან“.
აკი, იოსებ გრიშაშვილიც წერდა, „ანჩისხატის ეკლესიის ჩასწვრივ, მტკვრის ნაპირას, ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენი ლიტერატორები, „ცისკრის“ თანამშრომლები და მსჯელობდნენ მშობლიურ ლიტერატურაზე. აქ დაიწერა ბარათაშვილის „ჩინარი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“. აქ ზაფხულობით, პატარა ლხინის დროს, თარს უკრავდა სიღნაღელი პოეტი დიმიტრი ბერიევი. ეს ადგილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო გასართობი და სასაუბრო კლუბი ჩვენთა მწერალთა ორმოციან წლებშიო“.
მრავალფეროვნება მტკვრზე
მტკვარში, თბილისის ტერიტორიაზე, შედიოდნენ ქალებიც. 1878 წელს „ივერია“ რეგულარულად აქვეყნებდა ქრონიკებს სასამართლო დარბაზიდან, სადაც განიხილებოდა ანდრეევსკის ქალის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე. გაზეთი მოწმე ქეთევან ორბელიანის ჩვენებაზე დაყრდნობით წერდა, რომ „ანდრეევსკის ქალი ბანაობაში მტკვარში დამხვრჩალა“.
„ანდრეევსკის ქალი“ მიხეილ ვორონცოვის ცნობილი ექიმის, ერასტ ანდრეევსკის, ქალიშვილი იყო.
ასე შეგვიძლია გავიხსენოთ გრიგოლ ორბელიანისა და მისი მეგობრების ინტენსიური ურთიერთობა მტკვართან, მეთევზეებსა და „მეჩანგლე“ ლოპიანასთან.
„20 ივლისს ალავერდის საზოგადოების მცხოვრები ალექსანდრე ლევანის ძე ჭიჭინაძე, რომელიც პუშკინის თეატრში მსახურობდა, მტკვარში ბანაობდა და დაიღრჩო“, – ეს ცნობა გამოქვეყნებულია 1893 წელს გაზეთ „ივერიის“ N# 135-ში.
მტკვარში ბანაობას თან ახლდა უბუდური შემთხვევები, რომელთა შესამცირებლად XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა წყალზე დამხსნელი საზოგადოება, რომლის განკარგულებითაც, როგორც 1894 წლის 20 დეკემბრის „ივერია“ წერდა, „კუკიის ხიდის ქვეშ მტკვარზე დაარსდა დროებითი სადგური, სადაც უნდა იმყოფებოდეს ვოდოპიანოვი თავის ნავით“.
მენავეების ძალისხმევის მიუხედავად, ცხადია, მტკვარზე მაინც იხრჩობოდნენ ადამიანები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისელებმა ცურვა მასობრივად არ იცოდნენ. როგორც აკადემიკოსი ვალერიან გაბაშვილი წერდა თავის ცნობილ ნაწარმოებში, „ძველ ტფილისში ქალაქელმა კაცმა ცურვაც ისევე იცოდა, როგორც რამე ხელობა ან ლაზათიანი ქეიფი“.
„ფირუზა დახლიდარს მტკვარში ცურვასაც ასწავლიდა. ქალაქელმა ცურვა უნდა იცოდეს, – ამბობდა ცხოვრების ავან-ჩავანს გაცნობილი მეწვრილმანე, – თუ ვინიცობაა ნავიდან ან ტივიდან წყალში გადავარდა ან გადააგდეს, ნაპირს მშვიდობით მიაღწიოსო“.
ძველი ტფილისის ცნობილი მკვლევარის, იოსებ გრიშაშვილის თქმითაც, თბილისელმა მრავალნაირი ცურვა იცოდა: ძუარა, ფიცრული, ბაყაყური, ოფოფური და სხვა. „და ესეთ გაბედულ ცურვით თბილელ მეთევზე-მეჩანგლეებს არაერთი ადამიანი გადაურჩენიათ სიკვდილს“ („საიათნოვა“, ი. გრიშაშვილი, 1918 წ.)
ჰიგიენა და სპორტი
იოსებ გრიშაშვილი იმასაც ამბობს, მტკვრის ცივ წყალში ტანის შენამვა ერთგვარი საშუალება იყო სხეულის სიმაგრე-სისაღისათვისო.
მტკვარში ცურვა-ბანაობას, ცხადია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მნიშვნელობაც ჰქონდა, ისევე როგორც დიდწილად მტკვარი წყვეტდა საგრძნობად გაზრდილი თბილისის ჰიგიენურ პრობლემებსაც.
საქმე ისაა, რომ XX საუკუნის 10-იან წლებში, თბილისის მოსახლეობის მატების გამო, გოგირდის აბანოები ქალაქის გაზრდილ მოთხოვნას ვეღარ აუდიოდა. აბანოების გამტარუნარიანობა იმდენად შეზღუდული იყო, რომ თითოეულ მცხოვრებს საშუალოდ შეეძლო კომუნალური აბანოთი ესარგებლა წელიწადში მხოლოდ 4-ჯერ. ამასთან, ანგარიშგასაწევი იყო თბილისელთა მნიშვნელოვანი ნაწილის სიღარიბე და, შესაბამისად, აბანოების ფასიანი მომსახურებაც. გამოსავლის სახით თბილისის საბჭომ მტკვარზე საბანაოს გამართვა გადაწყვიტა, თუმცა იმავე 1905 წლის 12 მაისის „ივერიიდან“ ირკვევა, რომ საკითხის წინ წაწევა რამდენიმე მიზეზის გამო შეფერხდა:
„ხმოსანი ხუდადოვი: ამას წინათ ჩვენ გადავწყვიტეთ მტკვარზე საბანაოს გამართვა ინჟინერ კირაკოზოვის პროექტით. აგერ მაისი გადის და საბანაოს ხსენებაც არ არის. რა მიზეზია, ჰფიქრობთ თუ არა გამართვას?“ რაზეც ქალაქის მოურავი უპასუხებს: ჯერ ერთი, რომ ამჟამად ამ მიზნისათვის ქალაქს ფული არა აქვს. როგორც ქალაქის საქმეების ანგარიშიდანა სჩანს, წელს ქალაქს აკლია შემოსავალი 160 000 მანათი, მაგრამ ესეც რომ არ იყვეს, მოიჯარადრემ განაცხადა, სხვადასხვა მიზეზების გამო საბანაოს აგება მარიამობის თვემდე შეუძლებელიაო. ჩვენც გადავსწყვიტეთ ეს საკითხი მერმისთვის გადავდოთ“.
მომდევნო წლების პერიოდიკიდან ცნობილი ხდება, რომ მთელი XX საუკუნის განმავლობაში, ვიდრე 70-იან წლებამდე, მტკვარს არ მოჰკლებია არც მობანავეები და არც მოყვარული თუ პროფესოიონალი მოცურავეები.
პროფესორი აკაკი დოკვაძე იხსენებს 1939 წელს, როცა ფიზკულტურის ინსტიტუტი ორთაჭალის კუნძულზე, ყოფილი მაკარონის ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ცურვაში მეცადინეობებიც იქვე იმართებოდა, სანაპიროზე. „სადაც ახლა რესტორანია, იქ აუზი იყო“.
მტკვარზე ჰქონდათ ნასწავლი ცურვა პირველი თაობის თბილისელ წყალბურთელთა დიდ ნაწილსაც. ცნობილი წყალბურთელი ირაკლი ჩხიკვაძე მოგონებების წიგნში იხსენებს ერთ სახალისო შემთხვევას, როცა მტკვრისპირელმა მოცურავემ ინსტინქტურად აუზშიც გაითვალისწინა მტკვრის დინების სიჩქარე.
„ერთ კვირა დღეს შეჯიბრზე გამოცხადდა ჩვენი თანაკლასელი ხიტო ჩაკვეტაძე. ხიტო მტკვრის პირას ცხოვრობდა და ცურვაც იქ ჰქონდა ნასწავლი. ალალი ბიჭი იყო, მხიარული, თვალებში სულ ჭინკები უხტოდა. დადგა ჩვენი ხიტო სტარტზე. მესამე ბილიკი ერგო. სტარტიორმა დაიქნია დროშა და სხვებთან ერთად ხიტოც გადაეშვა წყალში. მოუსვა თავისი მტკვრისპირულით... როცა ამოსასუნთქად წყლიდან თავი ამოჰყო, მეექვსე ბილიკზე აღმოჩნდა“.
ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმაც, რომელიც თბილისს პირველად 1947 წელს ესტუმრა, უმალ შეამჩნია მტკვარი და მასში მობანავე თბილისელი ბიჭები:
„თბილისის ნაწილი ძალიან ძველია. ქალაქში ერთ მხარეს, კლდოვანი ნაპირის გაყოლებით, მდინარე მოედინება. მაღალ კლდეებზე ძველებური სახლები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრიან... მდინარეში, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფდა, ასობით ბიჭუნა ბანაობდა“.
ვინ იცის, იქნებ ამ ასობით მობანავე ბიჭუნას შორის იყო არჩილ სულაკაურის მოთხრობის („ბიჭი და ძაღლი“) მთავარი პერსონაჟი, რომელიც „მთელ დღეს მტკვრის პირას, რიყეზე ატარებდა, ხან ბანაობდა, ხან მზის გულზე იწვა და ნებივრობდა“:
„ბიჭი ჩქერში შევიდა და დინებას ცურვით დაჰყვა. ასე ჩაუარა წისქვილებს, მტკვარზე გადმომდგარ ხის აივნიან სახლებს. აივნიდან წაბლისფერნაწნავებიანმა გოგომ დაუქნია ხელი და გაუცინა. გუშინაც ასე მოხდა. ბიჭს არ ეგონა, თუ დღესაც აქ იქნებოდა გოგო. თვითონაც დაუქნია ხელი. მერმე რომ ეჩვენებინა, თუ რა მარჯვედ ცურავდა, ამოტრიალდა, ფეხები ჰაერში აიქნია და თევზივით გაუჩინარდა წყალში. როდესაც ამოყურყუმალავდა, აივანი უკვე შორს იყო“...
ასეთი ვითარება იყო მტკვარზე მდინარის შეგუბებამდე, ანუ 1954 წლამდე, ვიდრე ორთაჭალჰესი არ აშენდა და მტკვარმა არ დაკარგა ნაპირები, თუმცა ქალაქის ტერიტორიაზე მტკვარში ბანაობა ჯკრ მაინც შეიძლებოდა, რასაც ადასტურებს 1969 წლის ფოტორეპორტაჟი ჟურნალ „დროშაში“.
თბილისელი ბიჭები მტკვრის გრილსა და მღვრიე წყალს საბოლოოდ 1980 წლის 11 მარტს გამოცემული განკარგულების შემდეგ შეელივნენ... მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აკრძალვამდე 2 წლით ადრე, 1978 წლის 3 ოქტომბერს, მტკვრის უშუალო სიახლოვეში გაიხსნა ღია საცურაო კომპლექსი, რომელმაც 35 წლის განმავლობაში გაუწია თბილისელებს დაკარგული მდინარის მაგივრობა და რომელიც ახალი ინვესტორის ხელში, 2013 წლიდან მოყოლებული,უსაშველოდ დაშრა და განადგურდა.