სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამქირავებელმა მათ ფული ბოლომდე აღარ გადაუხადა. ხოლო როცა მოტყუებულმა მიგრანტებმა სამართლის აღდგენა კანონიერი გზით სცადეს, პოლიციამ თავად მომჩივნები დააკავა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ამბით რადიო თავისუფლებისა და ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ საგამოძიებო პროექტი, „სისტემა“ დაინტერესდა, კომპანია „აბზ ბელი რასტის“ ხელმძღვანელობამ თავი იმით იმართლა, რომ ამ ისტორიაში თითქოს თავად ბიზნესმენები იყვნენ მსხვერპლი იმ არაკეთილსინდისიერი ბრიგადირებისა, რომლებმაც მუშებს ფული „მოუტეხეს“.
თუმცა, შრომითი მიგრანტების პრობლემა ამით არ მთავრდება. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა და იქ რუსი სამხედროებისათვის მომსახურების გაწევა, უკრაინის კანონმდებლობით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ზეწოლას ახდენდნენ და დაშინებას ცდილობდნენ“
2023 წლის იანვარში ტაჯიკეთის 27 წლის მოქალაქე ნურულო (სახელი მისი თხოვნით არის შეცვლილი) მოსკოვიდან ფულის საშოვნელად ჩვეულებრივ სამშენებლო სამუშაოზე გაემგზავრა. ნურულოს ხელმძღვანელობით 35 მუშას სანგრები უნდა გაეთხარა და შიგნით ბლინდაჟები აეგო. სამუშაო კი მათ მოსკოვის ოლქის ქალაქ დიმიტროვში მდებარე (ასფალტისა და ბეტონის) ქარხანა „აბზ ბელი რასტის“ თანამფლობელმა ევგენი კონოპლიოვმა დაუკვეთა.
განცხადება მოსკოვში გავგზავნეთ, რადგან იქ (ზაპოროჟიეში) პოლიცია არ არსებობს. არიან მხოლოდ სამხედროები, რომლებიც რაც უნდა იმას გიზამენ, დაგხვრეტენ, აგაფეთქებენ, ჩაგმარხავენ, საკუთარი თავის მეტი არავინ ჰყავთ გამკითხველი...ტაჯიკეთის მოქალაქე
ერთი კილომეტრის სიგრძის ტრანშეის გათხრაში მათ 800 ათასი რუსული რუბლი (იანვრის თვის გაცვლითი კურსით 11,4 ათასი დოლარი) შესთავაზეს. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონში მუშაობდნენ.
„სანგრებს ტექნიკა თხრიდა, ჩვენ კი ხელით ვმუშაობდით. ვაგებდით თავშესაფარს ჯარისკაცებისთვის და ბრძოლის წარმოებისათვის საჭირო ყველა საჭირო სამალავს. ჩვენი ბრიგადა ფრონტიდან 15 კილომეტრის დაშორებით, მეორე ხაზზე აშენებდა ბლინდაჟებსა და ტექნიკის სამალავს, ამიტომ საარტილერიო დაბომბვებისგან არავინ დაზარალებულა. ჩვენ ქალაქ ტოკმაკის მახლობლად, კამენკაში მდებარე დევნილთა სახლში დაგვაბინავეს“, - უყვება ნურულო „სისტემას“.
პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მიგრანტებმა სამუშაოს ნაწილი დაასრულეს. ნურულომ და მისმა რამდენიმე ამხანაგმა ვერ მიიღეს ის 800 ათასი რუსული რუბლი, რომელსაც მათ „ბელი რასტის“ თანამფლობელი, სერგეი კონოპლიოვი დაჰპირდა. კონოპლიოვმა მათ მხოლოდ 600 ათასი რუბლი მისცა და დანარჩენი თანხის გადახდაზე უარი უთხრა. ამის გამო მუშებმა შეწყვიტეს სანგრების თხრა და სახლში წასვლა გადაწყვიტეს. მაგრამ ფული ყველას არ ჰქონდა. როგორც ნურულო ჰყვება, ზოგიერთი მუშა, ანაზღაურების მოლოდინში, კვლავ რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც შესრულებული სამუშაოსთვის 40, 50 ათასი რუბლი აქვთ გადასახდელი“, - ამბობს ნურულო. ეს წლის დასაწყისში არსებული კურსით დაახლოებით 600-700$-ს უტოლდება.
ამის გამო ნურულომ და მისმა მეგობრებმა პოლიციას მიმართეს.
თუ ის [ნურულო] სანგრებს თხრიდა, ესე იგი ის მონაწილეობდა ოკუპაციის მომზადებაში, საბრძოლო მოქმედებებში. ეს უკვე შეიძლება კვალიფიცირდეს ან როგორც შეგნებული დანაშაული, ან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების რიგებში მონაწილეობა...პაველ ლისიანსკი
„განცხადება მოსკოვში გავაგზავნეთ, რადგან იქ (ზაპოროჟიეში) პოლიცია არ არსებობს, არიან მხოლოდ სამხედროები, რომლებიც რასაც უნდა იმას გიზამენ, დაგხვრეტენ, აგაფეთქებენ, ჩაგმარხავენ, საკუთარი თავის მეტი არავინ ჰყავთ გამკითხველი“, - ჰყვება ნურულო. ის, რომ მუშების განცხადება რეგისტრაციაში გაატარეს, „სისტემას“ დაუდასტურა ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც ხელი მიუწვდება მოსკოვის პოლიციაში შესულ ცნობებზე.
ამის შემდეგ, ნურულო და სხვა მუშები დააკავეს. პროკურატურაში ტაჯიკეთის მოქალაქეების დაშინებას შეეცადნენ. „ზეწოლას ახდენდნენ და დაშინებას ცდილობდნენ. მაგრამ მე ვუთხარი: რაც გინდათ, ის მიქენით-მეთქი. ისინი გვეუბნებოდნენ, იცით, რომ იქ (ზაპოროჟიეში) წასვლისთვის სამუდამო პატიმრობა გელოდებათო? ჩვენ ვუპასუხეთ, რომ კი არ ვიბრძოდით იქ, არამედ ვმუშაობდით“, - იხსენებს ერთ-ერთი მუშა.
„ძლივს დავიძვრინეთ თავი“
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოსკოვის პროკურატურაში „სისტემის“ მიერ გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხეს. მაგრამ პოლიციის შიდა ინფორმაციაში გარკვეული წყაროს თანახმად, ნურულო და მისი კოლეგები „საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის“ მხრივ შეამოწმეს, თუმცა პოლიციამ ვერანაირი სამართალდარღვევა ვერ აღმოაჩინა. შრომითი მიგრანტები რუსეთში კანონიერად იმყოფებოდნენ.
კომპანია „აბზ ბელი რასტის“ თანამფლობელმა ევგენი კონოპლიოვმა უარი თქვა ეპასუხა პროექტ „სისტემის“ შეკითხვებზე, მაგრამ არ უარყო, რომ მის მიერ დაქირავებული მიგრანტები ნამდვილად მუშაობდნენ ზაპოროჟიეში. ხოლო ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ ამ ისტორიაში მსხვერპლი თავად ბიზნესმენები არიანო.
„ჩვენს კომპანიას ძალიან ცუდად მოექცნენ, ეს უკიდურესად უწესო ადამიანები. მათი [მუშების] ბრიგადირები ატყუებენ თავისსავე ხალხს, ხოლო ეს ადამიანები ფულს იმ ორგანიზაციისგან ითხოვენ, რომელზეც მუშაობენ. ასეთ რამეს ჩვენ ორჯერ წავაწყდით და ამ ადამიანებისგან მერე ძლივს დავიძვრინეთ თავი“, - ამბობს ანონიმი წყარო. გამოდის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის ვერსიით, მათ თანხა სრულად გადაიხადეს, მაგრამ ბრიგადირებმა, მათ შორის ნურულომ, ფული მუშებამდე არ მიიტანეს. თავად ნურულო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ისინი მიდიან ომის ზონაში, ოკუპაციის ზონაში. შესაბამისად, ის, რაც მათ დაჰპირდნენ, 90%-ით ვამბობ, რომ მათ ამ თანხას უბრალოდ არავინ გადაუხდის...პაველ ლისიანსკი
მაგრამ ერთია ნურულოს და მის ბედში მყოფ სხვა მუშებსა და კომპანია „აბზ ბელი რასტს“ შორის არსებული დავა და მეორეა ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლით შრომითმა მიგრანტებმა დაარღვიეს უკრაინის კანონი, რისთვისაც ნურულოსა და მის კოლეგებს უკრაინაში სისხლის სამართლის სასჯელები ელოდებათ.
„თუ ის [ნურულო] სანგრებს თხრიდა, ესე იგი ის მონაწილეობდა ოკუპაციის მომზადებაში, საბრძოლო მოქმედებებში. ეს უკვე შეიძლება კვალიფიცირდეს ან როგორც შეგნებული დანაშაული, ან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების რიგებში მონაწილეობა“, - უთხრა „სისტემას“ უკრაინელმა უფლებადამცველმა, პაველ ლისიანსკიმ.
ამასთან, ზემოხსენებულ მუშებზე შეიძლება გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. ამიტომ ლისიანსკი მათ ურჩევს, უბრალოდ უარი თქვან ასეთ სამუშაოზე.
„ისინი მიდიან ომის ზონაში, ოკუპაციის ზონაში. შესაბამისად, 90%-ით ვამბობ, რომ მათ დაპირებულ თანხას უბრალოდ არავინ გადაუხდის“, - ვარაუდობს ლისიანსკი.
უკრაინის კანონმდებლობით, ოკუპანტებისთვის დახმარება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს და ბრალდებულ პირს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შრომით მიგრანტებს ასევე შეიძლება წაუყენონ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლი, რაც ადმინისტრაციული დანაშაულია და ფულადი ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
კომპანია „აბზ ბელი რასტი“ ძირითადად საგზაო მშენებლობებითა და შესაბამისი მასალების: ბეტონის, ასფალტისა და აგურის მიწოდებით არის დაკავებული. დიმიტროვის ასფალტბეტონის ქარხნის ძირითად სახელმწიფო დამკვეთად გამოდის კომპანია „მოსავტოდორი“, რომელიც მოსკოვის გზების მართვასა და მოვლაზე აგებს პასუხს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ბელი რასტმა“ საბიუჯეტო კომპანიებთან 1,5 მილიარდი რუსული რუბლის ღირებულების ათზე მეტი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ ამ კონტრაქტებს შორის არ არის არცერთი, რუსეთის მიერ დაპყრობილ უკრაინის ტერიტორიას რომ უკავშირდებოდეს. რადიოსადგურ „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, (ასფალტისა და ბეტონის) ქარხანა ფრონტს აწვდის ბეტონის კონსტრუქციებს, ე.წ. გველეშაპის კბილებს, რომლებმაც უკრაინის არმიის შეტევის დროს უკრაინული ტექნიკის წინსვლა უნდა შეაჩერონ.
- რუსეთის არმია და საოკუპაციო ხელისუფლება გასული წლის შემოდგომიდან ემზადებიან თავდაცვისთვის დაპყრობილ ტერიტორიებზე. სატელიტიდან გადაღებული ფოტოების თანახმად, დამცავი ტრანშეები გადაჭიმულია პრაქტიკულად მთელი შეპირპირების ზოლზე - ხერსონიდან ვიდრე კლინცოვომდე.
- ზაპოროჟიეში მდებარე ტრანშეები, სადაც ნურულოს ბრიგადა მუშაობდა, შეიძლება ითქვას, რომ სარეკორდო სიგრძისაა. ცოტს ხნის წინ სატელიტურ ფოტოზე დაფიქსირდა 70 კილომეტრის სიგრძის ტრანშეა, რომელიც ქალაქ ბერდიანსკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დაბა მარინოვკიდან იწყება და მელიტოპოლიდან 9 კილომეტრის სიახლოვეს მთავრდება.