სანამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სასამართლოსა და შს სამინისტროში არკვევდნენ ურთიერთობას, საქართველოს სამეფო კლუბმა მონარქის ახალი კანდიდატურა წამოაყენა. მონარქიის მომხრეთა ამ გაერთიანების წევრებმა გიორგი ბურჯანაძემ და გიორგი მამალაძემ 4 ივნისს პრესკონფერენციებზე ხუან ბაგრატიონზე გააკეთეს მინიშნებები.
რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს სამეფო კლუბი დავითისა და ანას მცირეწლოვანი შვილისკენ იხრებოდა, თუკი ოდესმე ქვეყანა მონარქიის გზას დაადგებოდა. თუმცა რამდენიმე დღეში სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი გიორგი ბაგრატიონის სრულწლოვანებას ვერ დაელოდებიან და დროა ახალი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც “სკანდალებში არ არის გახვეული”.
ხუან ბაგრატიონის სახელის ხსენებას სამეფო კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ბურჯანაძემ, თავი აარიდა, თუმცა მის მიერ დასახელებულ კანდიდატში მედიამ ხუან ბაგრატიონი ამოიცნო. მუხრანელთა შტოს წარმომადგენელი დავით ბაგრატიონს ენათესავება. ისიც ესპანეთშია გაზრდილი, ესპანეთის სამეფო კართან ნათესაური კავშირებით. მისი მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურია.
სამეფო კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი რჩეული პრეტენდენტობისთვის ჯერ არ არის მზად, თუმცა, პირადი საუბრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის “თანახმაა ემსახუროს თავის ქვეყანას”.
აქამდე მონარქიის მომხრეები ანას ან დავითის ირგვლივ ერთიანდებოდნენ. კითხვაზე, თუ რატომ არ სწყალობს სამეფო კლუბი ამ ორ ბაგრატიონს, კლუბის დამფუძნებელს ასეთი პასუხი აქვს: “მათ უკვე საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, შევიდნენ ერთმანეთთან უცნაურ კონკურენციაში და საბოლოოდ თავი დაისამარეს”.
საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძეც მინიშნებებს ხუან ბაგრატიონზე აკეთებს. “დღეს მეფობის კანდიდატები არიან დავით ბაგრატიონის ძმა უგო, დავითის ბიძაშვილი ხუანი, რომელიც ესპანეთის მეფის ნათესავია. ასევე არსებობენ სხვებიც. საზოგადოებას შევთავაზებთ იმ პერსონას, რომელიც იქნება შესაბამისი. მეფობის კანდიდატი არ უნდა იყოს სკანდალური, არ უნდა თამაშობდეს კაზინოში, არ უნდა იყოს ძალადობებში შემჩნეული, არ უნდა უყვარდეს ფული, უნდა იყოს კარგი მეოჯახე და მეუღლე, უნდა იყოს ქრისტიანი”.
მიუხედავად ამისა, მონარქიის მომხრეთა გაერთიანებაში საერთო აზრი ჯერ არაა. მაგალითად, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, რომელიც ამავე კლუბის წევრია, უფრო შორსაც იყურება და დავითისა და ანას ვაჟში შტოების გამაერთიანებელს მოიაზრებს. “თუ გიორგი შეუღლდება რომელიმე დინასტიის წარმომადგენელთან, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ერთიანი დინასტია გვეყოლება”, - უთხრა მეუფე ანანიამ „რუსთავი 2“-ს.
რას ფიქრობს საპატრიარქო
ბაგრატიონებს შორის წამოწყებული ყოველი დავის დროს ჩნდება კითხვა: რას ფიქრობს საპატრიარქო? 2008 წელს დავითი და ანა სწორედ საპატრიარქოს მხარდაჭერის შედეგად შეუღლდნენ. პირველად მონარქიის მხარდამჭერი განცხადება პატრიარქმა 2007 წელს გააკეთა. მას მერე კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენჯერმე წამოსწია ეს თემა ქადაგებაში.
სამეფო კლუბის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქო არ არის მონარქიისთვის ბოლომდე მზად. მათი თქმით, საპატრიარქოს მზადყოფნა და თანხმობა კანდიდატის დასახელებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება.
რა სახით წარმოუდგენიათ მონარქია მის მომხრეებს
საქართველოს სამეფო კლუბის წარმომადგენლებს არ მოსწონთ არც კონსტიტუციური და არც აბსოლუტური მონარქია, როგორც სახელწოდებები. ისინი თავის მოდელს “სახალხო მონარქიას” უწოდებენ. აი, როგორ განმარტავს მას კლუბის სპიკერი გია მამალაძე: „სახალხო მონარქია ნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას ისეთ მონარქიას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დაცლილი ადამიანების წოდების მიხედვით დაყოფისგან. ტიტულების დაბრუნება და ქონების გადაცემა, სამეფო კარის შექმნა და ვინმეს დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდება”.
მონარქიის მომხრეები ბიუჯეტსაც ითვლიან და ამბობენ, რომ მეფის შენახვა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უჯდება ბიუჯეტს. “მეფის შენახვა პრეზიდენტზე გაცილებით მარტივიც იქნება და, ამასთან, ტურისტებსაც მოიზიდავს. ეს არის ტრადიციონალიზმის, კონსერვატიზმისა და ეროვნულობის დაცვა”, - ამბობს გია მამალაძე.
დღეს საქართველოში მონარქიის მომხრეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქართველი მეფეების ძირითადი შტოს, ბაგრატიონ- გრუზინსკების, წარმომადგენლები არიან ნუგზარ ბაგრატიონი და მისი შვილი ანა. სწორედ ეს გვარია ერეკლე II-ის შთამომავალი. მეორე ჯგუფი კი ამტკიცებს, რომ მუხრანელთა შტო უპირატესია, რადგან რუსეთის იმპერატორისგან სწორედ მათმა მემკვიდრეებმა შეინარჩუნეს ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა და ნუმერაცია.