- აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭების და გოგონების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში?
- ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები მხარდაჭერისთვის?
- როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და რას ფიქრობენ ბავშვები უფროსების ქცევაზე?
ამ და სხვა მოზარდების, მათი მშობლებისა და მათ შორის არსებული პრობლემების შესახებ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების საპოვნებად გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევა ჩაატარა 6 ქვეყანაში, რომელთაგან ერთ-ერთი იყო საქართველო. საქართველოში კვლევამ მოიცვა თბილისი, კახეთი და აჭარა და ესაუბრა როგორც მოზარდებს, ასევე მათთან დაკავშირებულ ზრდასრულებს.
რამდენიმე ამბავი, კვლევის მიგნებებისა და კვლევაში ჩართული პირების მონათხრობებიდან.
საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბუნდოვანია დასჯის მიზეზი და მიზანი. მშობელი არ ახდენს სწორ კომუნიკაციას შვილთან, რასაც შედეგად არ მოჰყვება მოზარდის ქცევის გამოსწორება.
დისციპლინასთან დაკავშირებული პრაქტიკა, ბავშვის ზრდასთან დაკავშირებით, იცვლება. მოზარდობის პერიოდში იგი უფრო მეტად ხდება სქესთან დაკავშირებული: მშობლები უფრო მეტად აკონტროლებენ და უწესებენ შეზღუდვებს გოგონებს, ვიდრე ბიჭებს. მშობლების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ მოზარდობის პერიოდში ფიზიკური დასჯის მეთოდებს აღარ მიმართავენ.
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ მშობლების მიერ მოზარდების გარეგნობის კონტროლი ზოგიერთ მოზარდში უარყოფით განცდებს იწვევს. ადრეული მოზარდობის პერიოდში მყოფი ზოგიერთი ბიჭი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ თითქმის არასდროს ეძლევათ საკუთარ ჩაცმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება.
ზოგიერთი მოზარდის განცხადებით, მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, მათ ხანდახან შიშის და სირცხვილის განცდა ეუფლებათ.
კვლევის შედეგად გამოვლინდა საერთო ტენდენცია მშობლებში, კერძოდ კი, მამებში, რომლებიც ძალიან დაღლილები და სასოწარკვეთილები ჩანან შვილების დაუმორჩილებლობით. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერას და იმედს ისინი სასულიერო პირებთან (მაგალითად, მღვდლებთან) ეძებენ.
თბილისელი მამები შვილებთან არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების მოსაგვარებლად ხშირად მღვდლებს მიმართავენ. მათი აზრით, მონასტერში ცხოვრება მოზარდის ქცევას შეცვლის და გამოასწორებს.
კვლევამ დაადგინა, რომ მოზარდებისთვის ჩვეული რამ არის ალკოჰოლის გასინჯვა ისეთ ადრეულ ასაკში, როგორიცაა 11-12 წელი და როგორც ჩანს, არც ალკოჰოლის ადრეულ ასაკში მოპოვება წარმოადგენს სირთულეს. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მოხმარების გამოცდილება ჩვეულია ბავშვებისთვის მოზარდობის როგორც ადრეულ, ისე გვიანდელ პერიოდში, ოღონდ უფრო ბიჭების, ვიდრე გოგონების შემთხვევაში. მშობლების, ისევე როგორც ბიჭების აზრით, სპორტული აქტივობები ის მთავარი ბარიერია, რამაც მოზარდებს შესაძლოა უარი ათქმევინოს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე. სიგარეტის მოწევას მოზარდები უფრო გვიანდელ პერიოდში იწყებენ.
მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან/აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას.
ზოგიერთ ოჯახში, ბიჭი შვილები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან, ვიდრე გოგონები, შესაბამისად, მათგან უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას მოითხოვენ. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ გოგონებს არ შეუძლიათ კომპლექსურ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებით ჩართვა. აღზრდის კუთხით, ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოზარდი გოგონების აკადემიური მოსწრება და განვითარება. კვლევის განმავლობაში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გოგონებში წახალისებული არ ყოფილა ისეთი პროფესიების არჩევა, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება. მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. გამოვლინდა, რომ „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. გოგონებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან „ბულინგის“ სამიზნე. 10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა.
მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. „ქუჩის აკადემიას“ გადიან. კვლევაში მონაწილე მამები არ ავლენენ შეშფოთებას იმ სარისკო ქცევების მიმართ, რასთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება მათ შვილებს ე.წ. „ქუჩის აკადემიაში“. ამასთან, ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.
ინტერნეტმა, სოციალურმა მედიამ და სმარტფონებმა ჩუმი სოციალური რევოლუცია მოახდინა, რამაც შეცვალა თაობათაშორის ურთიერთობა.