15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და გამოწვევებზე. მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ უპრეცედენტოა ხელისულების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე კოორდინირებული შეტევა. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამის მიზანია რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა და იმ ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რომლებიც წლებია აქტიურად აკვირდებიან არჩევნებს და აფასებენ პროცესებს. "სამართლიანი არჩევნები" საზოგადოებას სთავაზობს აგრეთვე "ხმების პარალელურ დათვლას", რაც არის ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტი გაყალბების პრევენციისთვის. ამასთან, მიხეილ ბენიძის აზრით, მუდმივი თავდასხმებით ხელისუფლება ცდილობს სტრესულ რეჟიმში ამყოფოს არასამთავრობო სექტორი და ხელი შეუშალოს ეფექტიან სადამკვირვებლო საქმიანობაში. "დილის საუბრების" სტუმარი გამოწვევად აფასებს იმ კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემას, რაც მედიით გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა გააჩინა ხელისუფლების მიმართ. მიხეილ ბენიძე ლაპარაკობს აგრეთვე სოციალურ ქსელებში გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევაზე. ის შენიშნავს, რომ მადისკრედიტებელი კამპანიები გააქტიურებულია არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების, არამედ არასამთავრობო სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლების მიმართ. რაც შეეხება საარჩევნო მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლას, ყველაზე ძლიერ იარაღაც მიხეილ ბენიძე ასახელებს ამომრჩეველთა აქტიურობას.