"ერთმანეთისთვის მოღალატის ძახილი არ არის სიძულვილის ენა"
პარლამენტის სპიკერისა და უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატის 6 აგვისტოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ხელისუფლება ერთმანეთში ურევს დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას, როცა ერთი მხრივ ლაპარაკობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ოპონენტის მადისკრედიტებელ, აგრესიულ, არაეთიკურ განცხადებებსა და სარეკლამო მასალაზე, მეორე მხრივ კი შემოაქვს რეგულაცია, რომელშიც ლაპარაკია „სიძულვილის ენაზე“. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: “არსებობს სიძულვილის ენის განმარტება, რომლითაც ევროპის საბჭო ხელმძღვანელობს. სიძულვილის ენად აღიქმება ისეთი გამოხატვა, რომელიც არის ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ა.შ. - კონკრეტული ნიშნით ადამიანის მიმართ გაკეთებული დისკრიმინაციული გამონათქვამები, რომლებმაც მთელი რიგი ტესტი უნდა გაიაროს იმისათვის, რომ სიძულვილის ენად ჩაითვალოს. გასული არჩევნებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სიძულვილის ენა ამ სახით არ ყოფილა. იყო იქ ცალკეული თურქოფობიული განცხადებები, მაგრამ ქართულ მედიაში ეს პრობლემა მასშტაბურად არ დამდგარა. რის მოგვარებასაც ცდილობს ხელისუფალი, როგორც ამის მიწოდება ხდება - ის დისკრედიტაციული განცხადებებია, რომლებიც ძალიან ბევრი იყო. იყო პოლიტიკური თავდასხმები დისკრედიტაციული ხასიათის, ერთმანეთისთვის მოღალატის ძახილი და ერთმანეთისგან მტრის ხატის შექმნა. ასეთი გამოხატვები სიძულვილის ენა არ არის. ეს არის პოლიტიკური გამოხატვა, უმრავლეს შემთხვევაში - არაეთიკური. „მე შენ მძულხარ“ არ არის სიძულვილის ენა“. მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ სიძულვილისა და სიძულვილის ენის აღრევა განზრახ ხდება. ის წინასაარჩევნო კამპანიის მადისკრედიტებელი შინაარსით გაჯერებას პოლიტიკური კულტურის ჭრილში განიხილავს და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯად წარმოუდგენია პოლიტიკოსთა შეთანხმება თამაშის წესებზე, გამიჯვნა მადისკრედიტებელი კამპანიებისგან. სხვაგვარია რეალობა: „სინამდვილეში ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიები მათთან აფილირებული პირების მეშვეობით თავად უწყობდნენ ხელს ამ დისკრედიტაციულ კამპანიებს. გახსოვთ, რომ პიარსტრატეგებიც ჩამოიყვანეს სპეციალურად ამისთვის. ისინი დადიან ქვეყნიდან ქვეყანაში და შავ პიარში თავიანთ გამოცდილებას სთავაზობენ. დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო და არა კანონში ასეთი ჩანაწერი“. „დილის საუბრების“ სტუმარი დისკრედიტაციის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ სოციალურ ქსელებს განიხილავს: „მეორე, რითაც დისკრედიტაციას აღმოვფხვრით, ეს არის სოციალური ქსელების მეშვეობით რეკლამის და იქ დახარჯული თანხების გამჭვირვალება და უკეთესი მონიტორინგი. ამ მიმართულებით კანონპროექტში არაფერია. მესმის, რომ ეს რთულია და ახალია, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით უკვე არსებული საკმაოდ კარგი რეგულაციების გავრცელება სოციალურ ქსელებზეც. უბრალოდ, საჭირო იქნება შესაბამისი უწყებები სათანადოდ მოემზადონ და მონიტორინგი გაუწიონ ამ დანახარჯებს. დისკრედიტაციის მთავარი ისნტრუმენტი იყო „ფეისბუკზე“ სხვადასხვა გვერდების მეშვეობით უამრავი დასპონსორებული კონტენტის გავრცელება, რაზეც ძალიან დიდი თანხა იხარჯება და არავინ იცის, ვინ იხდის ამ თანხებს. ამის გამჭვირვალების ნაცვლად, შემოდის რეგულაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს შერჩევითად“. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი პოზიტიურად თვლის ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ მიერ უფასო სარეკლამო დროის სხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის გადაცემის საკითხის დარეგულირებას, თუმცა, კვლავ უბრუნდება საარჩევნო რეკლამის შინაარსის ნიუანსებს და პრობლემურად აფასებს ანტირეკლამის რეგულაციის მცდელობას. პროექტის თანახმად, ანტირეკლამა შეიძლება შეადგენდეს საარჩევნო რეკლამის მხოლოდ ერთ მეოთხედს: „ჩვენი კანონმდებლობით ანტირეკლამა დაშვებულია როგორც საარჩევნო აგიტაციის ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ აქ არის მცდელობა ანტირეკლამის ზღვრებში ჩასმის. აქაც ჩანს რა ინტერესია - ანტირეკლამას ხშირად იყენებს ოპოზიცია, რომ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს. მათ შორის, გასულ არჩევნებზე ანტირეკლამა ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ორივე მხრიდან. ახლა არის მცდელობა ამის დარეგულირების“. საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მიხედვით: „მაუწყებელს ეკრძალება განათავსოს ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა, რომლის შინაარსიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმ