„ვინც ფულს მომცემს - გათხოვდება! ვინც ფულს არ მომცემს - სახლში დარჩება“, - გაიძახის პროფესიონალი მათხოვარი, რომელიც, უკვე მრავალი წელია, მოწყალებას თხოულობს ბაქოს ქუჩებში.
აზერბაიჯანში, სადაც მშობლების სახლში დარჩენა სირცხვილია გოგოსთვისაც და მშობლებისთვისაც, პრაქტიკულად აკვნიდან ჩააგონებენ ბავშვებს, რომ ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად უნდა გათხოვდნენ ან დაქორწინდნენ.
როცა ბავშვი იბადება, მნახველები მშობლებს ასე ულოცავენ: („Toyunu görək") „ამის ქორწინებას მოვსწრებოდეთ“.
ქალიშვილი სკოლას დაამთავრებს თუ არა, „გოგოს როდის ათხოვებო?“ - ყველა მხრიდან აყრიან შეკითხვებს გოგოს დედას.
აზერბაიჯანის სამხრეთ რეგიონებში ბევრი გოგო უკვე 8-9 წლის ასაკში თხოვდება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას კრძალავს.
„ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ და ყოველთვის, როდესაც ამაზე ჩამოვაგდებდი სიტყვას, ცდილობდნენ გადათქმევინებას: ეს რაში გჭირდება, გათხოვდი, ბავშვები გააჩინეო. დღემდე ვნანობ, რომ არ აღმომაჩნდა მაშინ მეამბოხის ნებისყოფა, რომ ჩემი გამეტანა. ცხადია, ცუდი არაფერია მშობლების სურვილში, რომ მათმა შვილებმა ოჯახები შექმნან, მაგრამ შვილებს ხომ სხვა მისწრაფებაც შეიძლება ჰქონდეთ?! მე, მაგალითად, სულ ვფიქრობდი შემოქმედებაზე და არა გათხოვებაზე“, - ამბობს 38 წლის ფოტოგრაფი ნატავანი. იგი კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა და კარგად იცნობს ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
„ერთადერთი, რაც შევძელი, კატეგორიულად ავუკრძალე მშობლებს ვინმე გაეცნოთ ჩემთვის, მაგრამ დედის სიკვდილის შემდეგ ზეწოლა გაძლიერდა და ამაში ჩაბმული იყო ყველა - ახლობლები, მეზობლები. მამის ერთმა თანამშრომელმა ქალმა საერთოდ გული გამიწვრილა დაუსრულებელი შეკითხვებით და წინადადებით, გაეცნო ჩემთვის „ძალიან სასიამოვნო რუსულენოვანი ბიჭი“. თავი რომ დაენებებინა, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ მეცრუა, ლესბოსელი ვარ-მეთქი“.
„არასრულფასოვნების ნაწილი“
ნატავანი ასე კი ამბობს, მაგრამ აზერბაიჯანში ჰომოსექსუალობა ყოველთვის როდი ითვლება „საპატიო მიზეზად“ იმისათვის, რომ ქორწინებას თავი აარიდო.
35 წლის სონია ორი წლის წინ წავიდა ბაქოდან და ამჟამად 10 წლის შვილთან ერთად სტამბოლში ცხოვრობს. იგი, დიდი ხანია, არ მალავს თავის ბისექსუალობას.
17 წლის იყო, როდესაც მშობლებმა ძალით გაათხოვეს. უკვე გათხოვების შემდეგ მან გაიჩინა მეგობარი გოგო, რომლის გახსენებაც დღემდე ტკივილს აყენებს.
„ეს იყო საოცარი გოგო - ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული და თავისუფალი. ყველა ეს თვისება მის მშობლებს მიაჩნდათ კაპიტალად, რომელიც შეიძლება კარგად იქნეს ინვესტირებული მისთვის მდიდარი საქმროს მოსაძებნად. მაგრამ ჩემი მეგობარი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა მათ. სურდა, რომ ეცხოვრა, როგორც უნდოდა და შეხვედროდა, ვისაც უნდოდა“.
იმ დროისათვის სონიას ოჯახური ცხოვრება ვერ იყო რიგზე - ქმართან გამუდმებით ჩხუბი ჰქონდა, საქმე ცემამდეც კი მიდიოდა. ამ დროს მას ყოველმხრივ ეხმარებოდა მისი მეგობარი გოგო. სიახლოვის გარდა, აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთის მიმართ სექსუალური ლტოლვაც ჰქონდათ. ასე გადაიზარდა მათი ურთიერთობა რომანტიკულში.
„ერთხელ, მორგი ჩხუბის დროს, ქმარმა ცხვირი გამიტეხა. დასისხლიანებული, მეგობართან მივედი. მის მუხლებზე მედო თავი, მეფერებოდა დასიებულ და დალურჯებულ სახეზე, თითქოს თითებით ცდილობდა მათ მორჩენას. ამ დროს მოულოდნელად შემომთავაზა: „მოდი, მივაფურთხოთ ყველაფერს და გავიქცეთო“. მაგრამ მაშინ მხოლოდ 24 წლის ვიყავი და ასეთი ნაბიჯისთვის მზად არ ვიყავი. ამის შემდეგ იგი ამ თემას აღარ მიბრუნებია“.
მოგვიანებით სონია დაფეხმძიმდა, ხოლო მისი მეგობარი გოგო, მშობლების ჩარევით, გათხოვდა და ქმართან ერთად საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. შეყვარებული გოგოები ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მით უფრო, რომ მანამდე მისმა ქმარმა რაღაც იეჭვა და კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მეგობარი გოგონები ერთმანეთს შეხვედროდნენ.
„წლების შემდეგ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომ შემეცვალა ჩემი ცხოვრება - მივაფურთხე ყველას და წავედი, როგორც ამას ჩემი მეგობარი გოგო მთავაზობდა, ოღონდ მის გარეშე, შვილთან ერთად. და ახლა, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, ხშირად საკუთარი თავი განახევრებული მგონია. შესაძლოა იმიტომ, რომ ჩემი ნახევარი სხვა არასრულფასოვნების ნაწილად იქცა“, - ამბობს სონია.
„სოციალური თანაცხოვრების წესი“
იმ ადამიანების სტატისტიკა, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებიან, ბოლოს 2009 წელს შემუშავდა, უკანასკნელი საყოველთაო აღწერის შედეგად. იმ დროისთვის 49 წლამდე ასაკის ქალების 8 % არასოდეს ყოფილა ქორწინებაში, ხოლო უცოლო კაცების რაოდენობა მხოლოდ 4 % იყო.
არსებობს კიდევ 2018 წლის სტატისტიკა, რომლის თანახმად, ქორწინების საშუალო ასაკი კაცებისათვის 25-34 წლებს შორის მერყეობს, ხოლო ქალები, საშუალოდ, 18-24 წლის ასაკში თხოვდებიან.
მართალია, ფსიქოლოგი აზად ისაზადე აღიარებს აზერბაიჯანში „ქორწინების თაობაზე შვილების დაპროგრამების“ ტენდენციას, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
„ყველა საზოგადოება თავისი კანონით, ე.წ. სოციალური თანაცხოვრების წესით, ცხოვრობს და აზერბაიჯანშიც, როგორც კონსერვატიულ საზოგადოებაში, ქორწინების ინსტიტუტი, პირველ ყოვლისა, მოწოდებულია ადამიანების ცხოვრების ორგანიზებისთვის, რათა ისინი არ შედიოდნენ ქორწინებისგარე ურთიერთობებში, ხოლო ბავშვები კანონიერად იბადებოდნენ. ეს არც ცუდია და არც კარგი. უბრალოდ, აქ ასეა მიღებული“, - ამბობს ისაზადე.
იგი მიიჩნევს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი დედის რძესთან ერთად იზრდება ამ წესით, მათთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა და, შესაბამისად, ეს წესიც მათ საკუთარ სურვილად იქცევა.
„ბრძოლა საქორწინო ბეჭდისთვის“
30 წლის ლალა გასიმოვამ მხოლოდ რამდენიმე თვე დაყო ქორწინებაში, რასაც 7 წლის განმავლობაში დაუღალავად ესწრაფოდა.
„ჩემს შეყვარებულ ბიჭს დიდი ხნის განმავლობაში ვხვდებოდი. ჩვენ ორიდან მე ვითხოვდი გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, იდეალურად წარმოვადგენდი ჩვენს ურთიერთობას როგორც ჩემ, ისე საკუთარი ოჯახის წინაშე, სადაც ყოველთვის მტკიცედ სჯეროდათ, რომ ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა კარგია. მაგრამ მიმაჩნდა, რომ ქალი მხოლოდ სიყვარულით უნდა გათხოვდეს. და აი, ჩემი ომიდან „მეშვიდე“ წელს ბიჭმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა ჩემზე დაქორწინება“.
ნიშნობის შემდეგ, ტრადიციისამებრ, ორი ქორწილი გადაიხადეს: „გოგოსი“ - პატარძლის და „ბიჭისა“ სასიძოს სტუმრებისთვის.
მაგრამ ძალიან მალე ლალა ქმარს გასცილდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან დაიწყო სიარული, რათა საკუთარ სურვილებში გარკვეულიყო.
ფისქოთერაპია, როგორც ლალა ამბობს, მას დაეხმარა გაეგო, თუ რაში მდგომარეობს რეალური მოთხოვნილებები და გათავისუფლებულიყო გამოგონილისგან. ახლა იგი დარწმუნებულია, რომ მისწრაფება, გინდა თუ არა გათხოვდე, გაუცნობიერებლობით გამოწვეული საერთო პრობლემის მხოლოდ მწვერვალია.
„ლაჩარივით მოვიქეცი“
„საქორწინო ვალდებულება“ აზერბაიჯანში ვრცელდება არა მხოლოდ ქალებზე, არამედ კაცებზეც, ოღონდ კაცების შემთხვევაში ზეწოლა არ არის ასეთი სასტიკი.
„30 წლის ვხდებოდი და უკვე ჭირივით მქონდა მობეზრებული ორი შეკითხვა: „როდის მოიყვან ცოლს?“ და „როდის დაიცავ დისერტაციას?“
ასე იწყებს თავის ახალგაზრდობაზე საუბარს 55 წლის ნარიმან მამედოვი. მაშინ ფიქრობდა, რომ 30 წლამდე აუცილებლად უნდა დაოჯახებულიყო.
„30 წელზე უფროს დაუოჯახებელ კაცებს ალმაცერად უყურებდნენ - მის იმპოტენტობასა და ჰომოსექსუალობაში შეჰქონდათ ეჭვი. არ მინდოდა, რომ ასეთი ეჭვების ობიექტი გავმხდარიყავი, მით უფრო, რომ ერთი გოგო მომწონდა. ვთხოვე ცოლად გამომყოლოდა. ის ჯერ დამთანხმდა, შემდეგ კი გადაიფიქრა. მითხრა, რომ ვიყავი გამხდარი, უშნო და მას არ შევეფერებოდი“.
გაბრაზებულმა ნარიმანმა შურისძიება გადაწყვიტა. მათ საერთო კომპანიაში ყველაზე ლამაზ გოგოსთან გააბა ურთიერთობა. ბოლოსდა ბოლოს, მოიგო მისი გული და მიიღო თანხმობა ცოლად გაჰყოლოდა.
„მაგრამ აქ უკვე მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი რჩეული არ შემეფერებოდა. ჩემი მშობლები ბაქოელი არისტოკრატები არიან, მისი მშობლები - პროვინციალები. აკრძალვით ცოლად მოყვანა არ აუკრძალავთ, მაგრამ დაჟინებით მირჩევდნენ, დავფიქრებულიყავი. და მე მოვიქეცი, როგორც უკანასკნელი ლაჩარი - უარი ვთქვი მის ცოლად მოყვანაზე. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, არ მიყვარდა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მეორე გოგოს ჯიბრზე მოვიმოქმედე. ყველაფერი ავუხსენი არშემდგარ საცოლეს, რომელსაც დიდად არ უჯავრია, რადგან თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განიცდიდა“.
ამის შემდეგ ნარიმანმა უკვე გადაწყვიტა სამაგიერო მშობლებისთვის მიეზღო და განუცხადა, რაკი ჩემი არჩევანი არ მოგწონთ, თავადვე მომიძებნეთ საცოლე, ჩემთვის სულერთიაო.
მათაც აურჩიეს. ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვიდრე 30 წლისა გახდებოდა, ნარიმანი დაქორწინდა. ეს საქმე მოასწრო, მაგრამ დისერტაცია კი დღემდე ვერ დაიცვა.
ნარიმანის ქალიშვილი ახლა 24 წლისაა. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა ევროპაში მაგისტრატურა, კარიერას იკეთებს და მომავალში კვლავ აპირებს უცხოეთში წასვლას. მამა ხელს არ უშლის და არც გათხოვებას აიძულებს.