Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელი ქვეყანა გადაქცეულია ერთ დიდ უკონტროლო სამშენებლო ობიექტად - რას ემსხვერპლა 15 წლის ბიჭი


კალანდაძისა და გორგასლის ქუჩების კვეთა, ადგილი, სადაც 21 ნოემბერს, სატვირთო ავტომობილის დაგორებას, გადასასვლელთან მდგარი 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა
კალანდაძისა და გორგასლის ქუჩების კვეთა, ადგილი, სადაც 21 ნოემბერს, სატვირთო ავტომობილის დაგორებას, გადასასვლელთან მდგარი 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ბოძი საგზაო ნიშნებით, რომელსაც 21 ნოემბერს, ორთაჭალაში, გორგასლისა და კალანდაძის კვეთაზე სატვირთო მანქანა დაეჯახა და მოტეხა, რამდენიმე საათში განაახლეს. მის გარშემო ცემენტი ჯერაც არ შემშრალა. იმ ხის ძირში, რომელსაც 21 ნოემბერს, ორთაჭალაში, სატვირთო მანქანა დაეჯახა, ჯერ ისევ ყრია მომტვრეული ტოტები.

შემთხვევის ადგილი, 22 ნოემბერი
შემთხვევის ადგილი, 22 ნოემბერი

- ხედავ ხო იმ ხეს, რა დღეშია? ბოძი ახალი დადგეს და აღარაფერი ეტყობა. აი, მანდ იდგა ის ბავშვიც. მანდ დაეჯახა სატვირთო მანქანა, - მეუბნება ადგილობრივ საცხობში მომუშავე ქალი და ხელით მანიშნებს კალანდაძისა და გორგასლის კვეთისკენ, - ქვევიდან ამოუხვია, აი, ზუსტად ჩვენს მოპირდაპირედ შეანელა სვლა, როგორც ჩანს, ვეღარ ადიოდა და ნელ-ნელა დაიწყო უკან-უკან დახევა, დაგორება. ატყდა ერთი ამბავი, ყვირილი, თვითონ მძღოლიც ყვიროდა, გაიწიეთ, გაიწიეთ. პირველ სართულიდან ქალი კიოდა განწირული ხმით, ბავშვი, ბავშვი, მაგრამ"...

შემთხვევის ადგილი, 21 ნოემბერი
შემთხვევის ადგილი, 21 ნოემბერი

ქალი ამბობს, რომ დაგორებული სატვირთო მანქანა რომ გაიყვანეს, 15 წლის ბიჭი, რომელიც, სკოლიდან ბრუნდებოდა, უკვე გარდაცვლილი იყო. ბიჭი, სავარაუდოდ, შუქნიშანზე უნდა ყოფილიყო გაჩერებული, გადასასვლელთან.

- აქ იცით, ყოველდღე რა ხდება? ახლა დაინტერესდა ყველა, ბავშვი რომ დაიღუპა, თორე, აქ ამავალ და ჩამომავალ სამშენებლო მანქანებს, ხან ბეტონი დაეღვრება, ხან ბლოკები გადმოუცვივდება, ერთხელ სინკარებიც კი გადმოეყარათ. მთელი დღე მიდი-მოდია, ზანზარი გაუდის ქუჩას, - მეუბნება საცხობის გამყიდველი ქალი და ქუჩაზე დაღვრილ და უკვე გამშრალ ბეტონზე მიმითითებს.

კალანდაძის ქუჩა
კალანდაძის ქუჩა

კალანდაძის ციცაბო აღმართზე მანქანები ადიან და ჩამოდიან. წამით არ ჩერდება მოძრაობა. მხოლოდ შუქნიშანზე შეყოვნდებიან და ისევ იწყებენ მოძრაობას. მსუბუქ ავტომობილებს მშენებლობებზე მიმავალი და მშენებლობებიდან მომავალი სატვირთო მანქანები ცვლიან, მათ შორის, ე.წ. ბეტონის შემრევი მანქანები.

კალანდაძის ქუჩა
კალანდაძის ქუჩა

„დილიდან დაღამებამდე ასეა. არ ჩერდება ამ სატვირთო, სამშენებლო მანქანების მოძრაობა“, - მეუბნება ირინა კვახაძე. ირინა კალანდაძის ქუჩაზე ცხოვრობს, მისი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ საბავშვო ბაღია. კალანდაძის ქუჩის გადასწვრივ, გორგასალზე, საჯარო სკოლა. იქვეა კიდევ ერთი სკოლა:

„ამ ტერიტორიაზე უამრავი ბავშვი ტრიალებს. ამ ტრაგედიასაც ბავშვი შეეწირა. არანაირი უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული. ხომ ხედავთ, როგორი აღმართია. რამდენი მანქანა მოძრაობს და ამას დამატებული ამდენი სატვირთო მანქანა. ისეთი ვიბრაციაა მთელი დღე, რომ ხალხს აივნები დაებზარა, მაგრამ აივნებს ვინ ჩივის, სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა ეს ქუჩა“.

კალანდაძის ქუჩა
კალანდაძის ქუჩა

აქვე ცხოვრობს აიდა ტაგიევაც. მეუბნება, რომ ამ ქუჩაზე სამშენებლო მანქანების გადაადგილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეს ქუჩა ტაბახმელის ერთ-ერთ დამაკავშირებელ გზად იქცა:

„ძალიან ბევრი ახალი მშენებლობაა ზევით. უამრავი სახლი შენდება. სხვადასხვა კომპანია აშენებს კორპუსებს. შესაბამისად, ძალიან ბევრი სატვირთო მანქანა დადის. ფაქტია, რომ ეს გზა ძალიან საშიში გახდა აქაური მცხოვრებლებისთვის და ეს უნდა შეიცვალოს“.

21 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებამ 21 ნოემბერსვე დააკავა სატვირთო ავტომობილის მძღოლი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელმაც სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა, არ არის რომელიმე სამშენებლო კომპანიის კუთვნილება და ის დაკვეთით ასრულებს სამუშაოს.

ვინ იყო დამკვეთი - ფიზიკური პირი თუ დეველოპერული კომპანია, ამის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, კომპანია „მონილითი ჯგუფია“. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელმაც 21 ნოემბერს 15 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, არ იყო მათი კონტრაქტორი.

მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს „პანორამა თბილისიც“. თუმცა, რადიო თავისუფლებამ მათთან დაკავშირება, ამ დრომდე, ვერ მოახერხა.

რატომ დაგორდა სატვირთო?

ამ კითხვას პასუხი ახლა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს. მიზეზები კი, რის გამოც სატვირთო ავტომობილმა კალანდაძის აღმართზე ასვლა ვერ შეძლო, ბევრი შეიძლება იყოს - ზედმეტი ტვირთი, გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, მძღოლის დაუდევრობა... ამ მიზეზების მინიმუმამდე დაყვანა იმ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაა, რომლებსაც ან თავად ეკუთვნით მანქანები, ან ამ მანქანებს სამუშაოების შესასრულებლად ქირაობენ.

„დაუცველობის შეგრძნება სულ იყო სამშენებლო სივრცეებში და, როგორც აღმოჩნდა, სამუშაო სივრცეების გარეთაც არ ვართ ადამიანები დაცული. მთელი ქალაქი და ქვეყანა გადაქცეულია ერთ დიდ სამშენებლო ობიექტად, რომელიც, ფაქტობრივად, სრულიად უკონტროლოა“, - მეუბნება თორნიკე თოდრია, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის COSHO-ს პრეზიდენტი.

ამბობს, რომ ტრაგედია, რომელიც 21 ნოემბერს ორთაჭალაში დატრიალდა, კომპლექსური პრობლემის შემადგენელი ნაწილი და იმ ჯაჭვის რგოლია, რომელიც ხშირად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გვერდის ავლის შედეგია.

გამოძიებისა და ექსპერტიზის დასრულებამდე, კონკრეტულ მიზეზებზე ლაპარაკი უჭირს. თუმცა, ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებზე, რომლებიც სამშენებლო ტექნიკის ექსპლუატაციის დროს, განსაკუთრებით კი ავტომობილების გზებზე გასვლისას, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული:

თორნიკე თოდრია
თორნიკე თოდრია

„სამშენებლო ტექნიკა, მათ შორის, სატვირთო ავტომობილები, სამუშაოს შესრულების დაწყებამდე, მინიმუმ ვიზუალურად უნდა მოწმდებოდეს და ივსებოდეს კითხვარი, რასაც მინიმუმამდე უნდა დაჰყავდეს უბედური შემთხვევების რისკები. სულ რომ კანონი და რეგლამენტი არ სთხოვდეს კომპანიებს ამ რისკების დაზღვევას, კომპანიების სამუშაო კულტურა უნდა იყოს ისეთი, რომ თავად უნდა ატარებდეს ტექნიკის ვიზუალურ შემოწმებას. როდესაც მძიმე ტექნიკას ამუშავებ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტექნიკა შენს მფლობელობაშია თუ კონტრაქტორის, რაკი ეს კონკრეტული მძიმე ტექნიკა შენ გემსახურება, ის უნდა განიხილო შენს მფლობელობაში მყოფ ტექნიკად და უზრუნველყო ყველა იმ ნაბიჯის დაზღვევა, რომელიც შენს ობიექტზე წასვლა-წამოსვლის დროს ასეთ ფატალურ შემთხვევას არ გამოიწვევს“.

როგორც თორნიკე თოდრია ამბობს, ობიექტზე შესვლა-გასვლის დროს ტექნიკას კომპანიაში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი უნდა ამოწმებდეს:

„თუნდაც საბურავების ცვეთა, ზეთის და სითხეების ჟონვა. ძირითადად, მუხრუჭების პრობლემა მაშინ წარმოიქმნება ხოლმე, როდესაც ჰიდრავლიკური სისტემიდან ჟონავს სითხეები. სამწუხაროდ, საქართველოში, მძიმე ტექნიკა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ამ პრობლემებს ვეღარც კი ვამჩნევთ ხოლმე. კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რგოლი, რომელიც ამას შეამოწმებს. სითხეები, საბურავები, რა რაოდენობის ტვირთი მიაქვს ავტომობილს და რამდენია დასაშვები რაოდენობა, როგორ მუშაობს სიგნალი, მაშუქები და ა.შ.“

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების ერთი ან მეტი სპეციალისტი, რომლებსაც სწორედ მსგავსი საკითხების შემოწმება და მასზე რეაგირება ევალებათ. თუმცა, თორნიკე თოდრია ამბობს, რომ ბიზნესორგანიზაციებთან შეხვედრისას, ხშირად მოუსმენიათ სხვადასხვა მიზეზი, თუ რატომ არ ჰყავთ კომპანიებს ასეთი სპეციალისტები:

„ამბობენ, რომ დამატებით ხარჯს აჩენს ეს. როგორ შეიძლება, რომ დიდ სამშენებლო კომპანიებს ტვირთად აწვებოდეთ, მაგალითად, ამ პატარა კითხვარების მომზადება და შრომის უსაფრთხოების კადრის აყვანა?“

მისივე თქმით, ვიზუალური შემოწმებისა და კანონით გათვალისწინებული ყოველწლიური ტექნიკური ინსპექტირების გარდა, კომპანიების მფლობელობაში არსებული მძიმე ტექნიკა რეგულარულად, მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ უნდა გადიოდეს სრულ ტექნიკურ შემოწმებას და ამას კომპანიები თავად უნდა უზრუნველყოფდნენ:

„როდესაც საფრთხის შემცველ სამუშაოებს ასრულებ, მძიმე ტექნიკას ამუშავებ, კანონზე მაღლა უნდა იდგე და უფრო მეტი დაცვა უნდა გქონდეს. ამისთვის კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს ცალკე ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. შესაძლოა, დაიქირავოს მსხვილი ორგანიზაციები, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ტექნიკა პერიოდულად მოწმდებოდეს“.

როგორი კანონმდებლობა გვაქვს?

რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს, თორნიკე თოდრია ამბობს, რომ ქვეყანა დღეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გეგმას.

ორგანული კანონი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, თორნიკე თოდრიას თქმით, არის ზოგადი და არ არის შევსებული სათანადო რაოდენობის რეგლამენტებით:

„მაგალითად, კანონში ვერ ჩაიწერება, მძიმე ტექნიკა ასე და ასე შეამოწმეო. კანონი გავალდებულებს რისკების კონტროლს, უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აყვანას და ა.შ. მაგრამ ასეთ ზოგად დებულებებს კანონში აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეგლამენტები, რომლებიც ამ კანონს გაამყარებენ და რომლებიც დღეს თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს“.

მისი თქმით, ნაცვლად ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიერ მოთხოვნილი 26 რეგლამენტისა, დღეს შრომის უსაფრთხოების ორგანულ კანონს მხოლოდ 2-3 რეგლამენტი ამყარებს:

„ამ საკითხებზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ევროკავშირის ექსპერტები, ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო სტრუქტურები, შრომის ინსპექცია. ევროკავშირში არსებული რეგლამენტები ჩვენ უნდა მოგვერგო ქართული რეალობისთვის. ხელშეკრულებაში გაწერილია დედლაინებიც, რომელ წელს, რა რეგლამენტი უნდა მიგვეღო და დღეს ყველა ეს დედლაინი გადაცილებულია.

არადა, ბიზნესი საკმაოდ სწრაფად რეაგირებს რეგლამენტებზე. როგორც კი რეგლამენტი შემოდის, ისინი ცდილობენ, რომ მოერგონ მას, რადგან აქვთ ჯარიმების შიში, არსებობს სამუშაოების შეჩერების რისკი. მაგრამ თუ სახელმწიფომ რეგლამენტი არ დააწესა, ვართ ასე ჰაერში, ბიზნესის კეთილ ნებასა და იმედზე ჩამოკიდებულები, რომ არაფერი არ მოგვივა არასდროს, მაგრამ მოგვივა და არაერთხელ მოგვსვლია და ამაზე პასუხისმგებელია როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესი“.

კალანდაძის ქუჩის მცხოვრებლები 22 ნოემბერს, გვიან, ორთაჭალაში აქციას გამართავენ და ხელისუფლებისგან უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG