„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბრის გაგრძელებას თემაზე „მთაწმინდელები“. ამჟამად ვისაუბრებთ მთაწმინდის პანთეონის მკვიდრზე 2013 წლიდან, ჭაბუა ამირეჯიბზე – დიდ მწერალსა და ელვარე ბიოგრაფიის კაცზე.
ჭაბუა ამირეჯიბი 21 წლის ბიჭი იყო, როდესაც ჯერ 25 წელი მიუსაჯეს და, პროკურორის მიერ „მსუბუქი“ სასჯელის გაპროტესტების შემდეგ, მოსამართლემ ეს წლები დახვრეტით შეუცვალა. სამი თვე ელოდა დახვრეტას, როგორც დოსტოევსკი; ვიონზე ფიქრობდა ამ დროს...
სამოცდაათიან წლებში ქართული რომანის ბუმი „დათა თუთაშხიათი“ დაიწყო. „ცისკრის“ რედაქტორმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, გმირობა გამოიჩინა და დაბეჭდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაჰპირისპირებოდა, თუკი თავად ავტორი არ გამოთქვამდა დისიდენტობის სურვილს. ესაა წიგნი ინსა და იანზე, თავისუფლებასა და წესრიგზე, დათა თუთაშხიასა და მუშნი ზარანდიაზე. დათა თუთაშხია, აბრაგი, პოეტი და ფილოსოფოსი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმდიდრესი სახეა. მის უკან ისტორიული გუძა შელიაც დგას, ჩვენი მაცხოვარიცა და მთელი ქართული წარმართული პანთეონიც…