თითქმის რვა წელიწადია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებს სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.
ბოლო, მე-13 ანგარიში მოიცავს 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს. საია-ს მეთვალყურეები აკვირდებოდნენ პროცესებს: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებში, აგრეთვე - თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში და მოიცვეს 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესი. ამ საქმიანობის მიზანია როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა.
საია-ს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება მონიტორინგის შედეგებზე:
„მე-13 ანგარიშზე მუშაობის განმავლობაში ვხედავთ ტენდენციებს, რომლებიც არ იცვლება, ვხედავთ გაუმჯობესებებს, ახალ პრობლემებს. ანგარიშის პრეზენტაციაზე სასამართლოს წარმომადგენლები რაღაც საკითხებში გვეთანხმებოდნენ, რაღაცაში განსხვავებული პოზიციები გვქონდა, თუმცა, პროკურატურის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ აგრესიულად არ დათანხმებოდნენ იქ არც ერთ გარემოებას“.
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მერაბ ქართველიშვილი გამოყოფს, არის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რაშიც მოსამართლეს კანონმდებლობით არ აქვს დიდი არჩევანი. მას უწევს არჩევნის გაკეთება პატიმრობასა და გირაოს შორის. ალტერნატივის გამრავალფეროვნების საჭიროებაზე საია მუშაობს და საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასაც აპირებს. რაც შეეხება ახლანდელი ანგარიშით გამოვლენილ სურათს, მერებ ქართველიშვილი ამბობს:
„პროკურატურამ მოუხშირა პატიმრობის შუამდგომლობის მოთხოვნას და ასევე სასამართლომ ძალიან გაზარდა დაკმაყოფილების მაჩვენებელი. ეს ნიშნული დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო 2011-12 წლებში. მაშინ იყო 100%, ახლა გვაქვს 81%. ჩვენ ცალცალკე დავთვალეთ ოჯახურ დანაშაულზე და ყველა სხვა დანაშაულზე პატიმრობის შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რადგან ვიცით, რომ ოჯახური დანაშაულის მიმართ პოლიტიკის დონეზე მკაცრი მიდგომაა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სხვა დანაშაულებზე 92%-ია დაკმაყოფილების მაჩვენებელი“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სათანადო ყურადღება არ ექცევა, არის დაკავების კანონიერების საკითხი. საია-ს ანალიტიკოსის თანახმად, ძალიან არის გაზრდილი ბრალდებულის დაკავებულის სახით წარდგენა სასამართლოზე. ბოლო ანგარიშით, ასეთი იყო ბრალდებულთა 68% დაკავებული იყო, როცა წინა ანგარიშის პერიოდში 54% იყო ასეთი, იმის წინა პერიოდში კი 50%-ზე ნაკლები:
„ანუ, ამ მხრივ ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის წარდგენის სხდომაზე სასამართლომ გამოიკვლიოს დაკავების კანონიერების საკითხი და შემდეგ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. თუმცა, აქ გვაქვს ორი პრობლემა - საკანონმდებლო და პრაქტიკის. კანონმდებლობაში პირდაპირ არ გვიწერია, რომ დაკავების კანონიერების საკითხს მოსამართლე უშუალოდ სასამართლო სხდომაზე იხილავს. მეორე მხრივ, სულ რომ არ გეწეროს, მაინც უნდა გამოიკვლიო დაკავების კანონიერება. ჩვენ კი ვნახეთ, რომ 80%-ზე მეტ შემთხვევაში საერთოდ არ განხილულა. ჩვენ ვერ გავიგეთ - დაკავება მოხდა მოსამართლის წინასწარი განჩინებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით. ნახსენებიც არ იყო არც ერთი მხარის მიერ.
წინასწარი ნებართვაც რომ იყოს, დაკავების მოტივები არსებობდეს და მოსამართლეც ამბობდეს დააკავეო, ამ შემთხვევაშიც უნდა შემოწმდეს ის დაკავება როგორ განხორციელდა: იძულების ძალა, პროპორციულობა, პროცესუალური ნაწილი, უფლებების განმარტების ნაწილი - ეს ყველაფერი უნდა გამოიკვლიო პირველივე სხდომაზე. როცა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივია, ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, რამდენად აუცილებელი იყო დაკავება და შემდეგ უკვე ის, რაც ვთქვი. პრობლემაა ისიც, რომ 105 პირს ადვოკატი არ ჰყავდა დაკავებისას“.
პრობლემურად ფასდება კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელსაც ავლენს საია-ს ანგარიში: წინასწარი პატიმრობის გადასინჯვა (ყოველ ორ თვეში), როგორც წესი, ფორმალურად ხდება - საანგარიშო პერიოდში წინასწარი დაკავების 190 შემთხვევიდან 182 მოსამართლემ გააგრძელა.
მერაბ ქართველიშვილი და საია-ს ანგარიშის თანაავტორები დადებით ტენდენციებსაც აღნიშნავენ. ერთ-ერთ ასეთად „დილის საუბრების“ სტუმარი ასახელებს მოსამართლის მიუკერძოებლობას წინასასამართლო სხდომებზე და აი, რა კუთხით:
„წინასასაამართლო სხდომებზე არ დაგვინახავს მოსამართლის მიკერძოებულობა დაცვის მხარის ან პროკურორის მიმართ, ანუ აკმაყოფილებდა როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობას, ისე - პროკურორისას“.
საია-ს წარმომადგენელი კიდევ არაერთ გამოწვევაზე ლაპარაკობს. მათ შორის, მიუთითებს პროცესების გაჭიანურების პრობლემაზე:
„წლებია ვსაუბრობთ პროცესების გაჭიანურებაზე. კანონმდებელმა შემოგვთავაზა, რომ 24-თვიან ვადაში უნდა დასრულდეს აუცილებლად საქმის არსებითი განხილვა, თუმცა ვნახეთ ისეთი შემთხვევები, როცა ეს ორწლიანი ვადა დარღვეულია და ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს.
ამის მაგალითია ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეა, სადაც ასზე მეტი დაზარალებულია და ბრალია წარდგენილი წამებაზე. 4-5 წელია მიმდინარეობს განხილვა. ბრალდებულები 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ გარეთ არიან. ისინი ამბობენ, რომ უდანაშაულოები არიან. დაზარალებულები წუხან, რომ დამნაშავეები კიდევ გარეთ არიან. სასამართლო ვერც ერთ მხარეს სცემს პასუხს. ასეთ დროს მცირდება სასამართლოს მიმართ ნდობა“.