ადამიანი ცვლის გარემოს, მერე შეცვლილი გარემო ზემოქმედებს თვითონ ადამიანზე და ცვლის მას... და ასე დაუსრულებლად: ქალაქი და ადამიანი უცნაურად ზემოქმედებენ და ცვლიან ერთმანეთს. დიმიტრი ყიფიანმაც, როგორც თბილისის თავკაცმა, მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია თბილისს. თავისი საქმიანობით, ცხოვრებითა და აღსასრულით მან შეცვალა ადამიანები და ამ გზით მოახდინა უდიდესი გავლენა როგორც თბილისზე, ასევე მთელ საქართველოზე. აკი თქვა კიდეც აკაკი წერეთელმა დიმიტრი ყიფიანზე, მოვიდა ქვეყნად და ბევრი რამ არგო ქვეყანასო.
ამორჩევა
„არასოდეს არ ღირსებია ქალაქის გამგეობის ზალას იმდენი ხალხის ერთად ხილვა, რამდენსაც წასულ კვირას ეღირსა, როცა ქალაქის თავის არჩევანი იყო დანიშნული. 72 დეპუტატში 64 დაესწრო; ამდენივე, თუ მეტი არა, გარეშე პირებიც იქნებოდნენ. გუნდ-გუნდად შეყრილიყვნენ ქალაქის დეპუტატები და გარეშე მაყურებლები და გაცხარებით სჯიდნენ: თუ ვინ და როგორ იქნება არჩეულიო“, - წერდა 1875 წლის 19 დეკემბერს გამოსული გაზეთი „დროება“.
საკუთრივ არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართა. ქალაქის თავის თანამდებობაზე დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურა ხმოსანმა ამიროვმა წამოაყენა და თან განაცხადა: „თვრამეტი წელია ვიცნობ მე დიმიტრი ყიფიანს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად, დახლართულ მდგომარეობიდან გამოსაყვანად ვერავინ ვერ მოუტანს ქალაქს ისეთ სარგებლობას, როგორც დიმიტრი ყიფიანი“.
კენჭისყრის დროს ყიფიანმა მიიღო 36 ხმა 28-ის წინააღმდეგ, მისმა მოწინააღმდეგემ, გრიგორი არწრუნმა კი, შესაბმისად, - 34 და 29.
„სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ დიდი თანაგრძნობით, აღტაცებითა და ტაშის კვრით მიიღო ეს ამორჩევაო“, წერდა „დროება“.
საზოგადოების ამგვარი რეაქცია ყველაზე კარგად ახასიათებს დიმიტრი ყიფიანის პიროვნებას. გადამწყვეტი აღმოჩნდა ყიფიანის წესიერება, ენერგია, გონიერება და სხვა მაღალი ადამიანური თვისებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სათათბიროს ხმოსანთა ეთნიკური შემადგენლობისა და XIX საუკუნის 70-იანი წლების ტფილისის დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, აუცილებლად დამარცხდებოდა: 1864 წლის აღწერის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 47,4 % -ს სომხები შეადგენდნენ, 24,8 %-ს - ქართველები, 20,5 %-ს - რუსები, 7,3 %-ს კი სხვა ერების წარმომადგენლები.
საქალაქო სახლის ისტორია
ტფილისის თავი, დიმიტრი ყიფიანი, და სათათბიროს ხმოსნები საკრებულოს დღევანდელ შენობაში, ე.წ. „საქალაქო სახლში“, საქმიანობდნენ. ცნობილია, რომ ამ ადგილას XIX საუკუნის დასაწყისიდან პოლიცმაისტერის ორსართულიანი შენობა იდგა. საქმე ისაა, რომ 1840 წლამდე ქალაქს თვითმმართველობის ნაცვლად პოლიცმაისტერი მართავდა. 1840 წელს თბილისში შემოღებული ნაწილობრივი თვითმმართველობის შემდეგ შენობაში ერთდროულად განთავსებული იყო როგორც პოლიცმაისტერი, ასევე ქალაქის 6-კაციანი მმართველი გამგეობა. მოგვიანებით „საქალაქო სახლად“ წოდებულ ყოფილ პოლიცმაისტერის შენობას სახანძრო კოშკი ქალანჩაც დააშენეს. შენობა კაპიტალურად გადაკეთდა XIX საუკუნის 80-იან წლებში. განიხილებოდა რეკონსტრუქციის ორი პროექტი, არქიტექტორების - ალექსანდრე ოზეროვისა და პაულ შტერნისა. შენობის რეკონსტრუქცია გაგრძელდა მთელი ექვსი წელი და 1886 წელს მიიღო ისეთი სახე, როგორიც ბევრ ცნობილ ფოტოზეა გამოსახული. აღნიშნული რეკონსტრუქციის შესახებ წერს აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე თავის ნაშრომში „თბილისის ხუროთმოძღვრება“:
„ფასადი, როგორც ჩანს, შტერნისა მიუღიათ. ოზეროვის ფასადი წინანდელ ორსართულიან შენობას მხოლოდ ხსენებულ ფრთებს უმატებს და სამოსელს უცვლის. შტერნის ფასადი კი დიდად სცილდება უბრალო გადაკეთების ფარგლებს: აქ დამატებულია მესამე სართული და განაპირა ფრთები, შუა კოშკი სათანადოდ აწეულია ზევით და სახეც შეცვლილი აქვს. წინათ, როცა „საქალაქო სახლში“ პოლიცია იყო მოთავსებული, კოშკს წმინდა პრაქტიკული - სახანძრო დანიშნულება ჰქონდა, ახლა მას საქალაქო რატუშების ტრადიციული ატრიბუტის როლი დაეკისრა და მის ძირში საათიც გაკეთდა. უფრო დამახასიათებელი და ნიშანდობლივი ისაა, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ვარიანტში ფასადს მაინცდამაინც კვლავ „მავრული“ სახე აქვს, მაშინ როდესაც წინანდელი სახლი მე-19 საუკუნის 40-იანი წლების არქიტექტურის ნორმებით იყო შესრულებული. ოფიციალური ნაგებობისათვის ამგვარი სახის მინიჭება ნათლად მოწმობს, რომ თბილისში ასეთი „ზოგადაღმოსავლური“ ეგზოტიკა შეგნებულად ინერგებოდა“.
თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა კიდევ ერთხელ გადაკეთდა XX საუკუნის ათიან წლებში, კორნელი ტატიშჩევის პროექტით, როდესაც ახლანდელი ტაბიძის ქუჩის (მაშინდელი განის ქუჩა) მხრიდან დააშენდა მესამე სართული წინა ფასადს და მთლიანი სამსართულიანი ფლიგელი ქუჩის მხრიდან. ეს იყო 1910 წელს. 1912 წელს მსგავსი რეკონსტრუქცია განიცადა მეორე მხრიდან, მაშინდელი ველიამინოვის, ახლანდელი შალვა დადიანის, ქუჩის მხრიდანაც.
ქალაქის თავის საქმიანობა
როცა დიმიტრი ყიფიანი თბილისის თავად აირჩიეს, ქალაქის საზოგადოებრივი მმართველობის მთავარ ფუნქციას შეადგენდა კომუნალური მეურნეობის გამართვა, ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება, სკოლების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების, საავადმყოფოების, საქველმოქმედო დაწესებულებების გახსნა და სხვა.
როგორც ისტორიკოსი ალექსანდრე ბენდიანიშვილი („თბილისის საქალაქო თვითმმართველობა 1875-1917 წლებში“) წერს, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა საქალაქო რეფორმის შედეგად. სწორედ 1875-1878 წლები ითვლება გარდამავალ პერიოდად თბილისის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიაში: მიმდინარეობდა საქალაქო მმართველობის ძველი ფორმების გაუქმება და ახლის შემოღება, ხდებოდა თბილისის თვითმმართველობის თვითორგანიზაცია. გარდა ამისა, ისტორიკოს ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, დიმიტრი ყიფიანის არჩევას დაემთხვა რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება, რამაც ერთი ათად გაზარდა ქალაქში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების შემადგენლობა და, შესაბამისად, მათი შენახვისთვის საჭირო ხარჯები, რადგანაც ახალი დებულება ქალაქთა თვითმმართველობებს, უფლებების მიცემასთან ერთად, დიდ ვალდებულებასაც აკისრებდა: აუცილებლად უნდა გაეღოთ თანხა ქალაქში მდგარი ჯარებისათვის ბინების დასაქირავებლად, შეენახათ ქალაქის პოლიცია, გაეღოთ საპყრობილის ხარჯები და სხვ. ამ აუცილებელი ხარჯებით განსაკუთრებით მძიმედ იყო დატვირთული თბილისის თვითმმართველობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მის საქმიანობას. ნიკო ნიკოლაძის გათვლებით, 1875 წელს ამ ხარჯებმა შთანთქა თბილისის ფინანსების 72 %, ქალაქის უშუალო საჭიროებისათვის კი დარჩა 28 %.
„ასევე დიდი პრობლემა იყო არმიისთვის წყლის მიწოდება. მტკვრის წყალი იწვევდა დაავადებების გავრცელებას. ლამის ნახევარი გარნიზონი მუცლისა და ნაწლავური ანთებებით იყო დაავადებული. დიმიტრი ყიფიანმა თავი გაართვა ყველა პრობლემას და თანამდებობის დატოვების შემდეგაც ისეთივე წესიერი სახელმწიფო მოხელის სახელი შეინარჩუნა, როგორიც მანამდე ჰქონდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ელისაშვილმა.
1879 წლის მარტში დიმიტრი ყიფიანს ქალაქის თავის თანამდებობაზე ალექსანდრე მატინოვი შეცვლის. მალევე, 1879-82 წლებში, აშენდება მნაცაკანოვის ხიდი, დაიწყება ვერის დაღმართის გაყვანა და ვერის ხიდისათვის მასალების შეძენა, დამუშავდება ქალაქის წყალსადენის პროექტი და სწრაფი ტემპით დაიწყება კონკის მშენებლობა, რისთვისაც ნიადაგი ქალაქის წინა ადმინისტრაციამ მოამზადა.
ეგზარქოსთან დაპირისპირება და მკვლელობა
აკაკი წერეთელს რომ დავესესხოთ, დიმიტრი ყიფიანმა „ცხოვრების პირველი ბიჯი ციმბირისკენ გადადგა“: 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ახალგაზრდობა ვოლოგდაში, გადასახლებაში გაატარა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ისეთი მხნეობა და ნიჭი გამოიჩინა, რომ თბილისის თავი და მთავარმართებლის კანცელარიის მმართველი გახდა.
„ქართველობას მისთვის, სიცოცხლის გარდა, არა მიუცია რა!.. ყოველიფერი რუსობამ მოახვეჭინაო“, - წერდა აკაკი. თვითონ დიმიტრი ყიფიანიც ამბობდა:
„მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვსჭამ, და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული. საჭიროა ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, მათის მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში სიტყვით და საქმით“, - აი, ასეთი სიტყვების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ „სამშობლო მაინც არ დავიწყებია, იმ თავიდან ამ ბოლმდე, სიყრმიდან სიბერემდე სულ თურმე საქართველოზე ჰფიქრობდა“.
სწორედ საქართველოზე ფიქრის გამო იყო, რომ არ შეარჩინა საქართველოსა და ქართველობის წყევლა პავლე ეგზარქოსს.
„დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი“, - ამ წყევლის (შეჩვენების) ადრესატები იყვნენ სასულიერო სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის, მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი და მთელი საქართველო. სწორედ ამ სიტყვების გამო მიმართა მაწყევარ ეგზარქოსს დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც იმჟამად ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად მსახურობდა:
„თქვენო უსამღვდელოესობავ! მოიღეთ ჩემზე მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, გატაცებული ხმებით, ვცოდავ, შემინდეთ შეცოდება, მაგრამ ეს ხმები ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც ამიტომ მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან. იგივე ხმები, არ კმაყოფილდებიან რა თქვენი ღირსების ამგვარი შეურაცხყოფით, იმასაც ამბობენ, ვითომ თქვენ განზრახვა გქონდეთ ბოდიში მოიხადოთ სამწყსოს წინაშე იმ უუცოდვილეს სიტყვების გამო, რომელნიც თქვენ წარმოგითქვამთ. თუ ყოველივე ეს, მეუფეო, მართალია, თქვენი ხარისხის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ გავიდეს შეურაცხყოფილ ქვეყნიდან. ამას მოგახსენებთ თქვენ წმინდა გულით და წრფელის სურვილით, თავიდან ააცილოს ქვეყანას ახალი დიდი შეცოდება, თქვენი სამწყსოს ერთი წევრი. ხოლო, თუ ყოველივე ეს მართალი არ არის, შემინდეთ მე და მიიღეთ ჩემზე თქვენი მწემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი მეუფების მორჩილი მსახური დ.ი. ყიფიანი“.
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოცემულ ესტატე მირიანაშვილის (1866-1954 წწ.) მოგონებების მიხედვით, პავლე ეგზარქოსმა (ლებედევმა) დიმიტრი ყიფიანს 1886 წლის 9 ივლისს ასევე წერილობით უპასუხა:
„მოწყალეო ხელმწიფევ, დიმიტრი ივანეს ძე! ჩემთვის გაუგებარ თქვენი აღმატებულების „8 ივლისის“ წერილზე მოვალედ ვრაცხ ჩემ თავს გიპასუხოთ თქვენ, რომ ჩემი ღირსების დამცირებად ვთვლი რაიმე შენიშვნა გავუკეთო იმ უაზრო ხმებს (ჩემი სიტყვა დეკანოზის კუბოსთან უკვე დაბეჭდილია „კავკაზის“ N 139-ში), რომლებსაც თქვენ იხსენებთ თქვენს წერილში. თქვენი აღმატებულების უმორჩილესი მსახური პავლე, მთავარეპისკოპოსი ეგზარქოსი საქართველოისა“.
თუმცა კონფლიქტი მიწერ-მოწერით არ ამოწურულა. რუსეთის ხელმწიფე იმპერატორმა, შინაგან საქმეთა მინისტრის „ყოვლად უქვეშევრდომილესი მოხსენების“ გამო, აგვისტოს 4-ს ინება უმაღლესი ბრძანება:
„ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი“ ყიფიანი დათხოვნილ იქნეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობიდან და საცხოვრებელ ადგილად მას დაენიშნოს ქ. კავკასიის სტავროპოლი“.
„პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვათავებო!“ - ასე შეხვედრია 75 წლის დიმიტრი ყიფიანი იმპერატორის განაჩენს. - „უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდი! ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდ კაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალი მე ვიყო!“
შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამხედრო გუბერნატორს იმედი ჰქონდათ, რომ გადასახლებით დიმიტრი ყიფიანი „მოკლებული იქნებოდა საშუალებას განეგრძო თავისი მავნე მოღვაწეობა“, თუმცა სტავროპოლში ყოფნისას ყიფიანი არ იშლის ძველ წესს და ქმნის მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის მამხილებელ 46-გვერდიან დოკუმენტს. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ დონდუკოვ-კორსაკოვის მიჩენილი „ნაცრისფერპალტოიანი საეჭვო კაცი“ მოუსწრაფებს სიცოცხლეს 75 წლის მძინარე მოხუცს 1887 წლის 24 ოქტომბერს.
„იგი მოჰკლეს მძინარე. თავში ჩაურტყიათ რაღაცა მძიმე და მრგვალი საგანი, რადგანც თავისა და პირისახის ნახევარ მხარეზე ძვლები სულ დამსხვრეული აქვს“, - წერდა 1887 წლის 29 ოქტომბერს გამოსული „ივერია“.
დიმიტრი ყიფიანის უკანასკნელი სურათის ერთი ეგზემპლარი აღმოჩნდა აკაკი წერეთლის ძმისწულის, ვასილ დავითის ძე წერეთლის, ოჯახში. სურათი ს. ნ. დგებუაძე-წერეთლისამ გადასცა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებას“, რომლის რედაქციამაც 1969 წლის #8-ში გამოაქვეყნა.
გასვენება
დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ დიდი აღშფოთება გამოიწვია საქართველოში.
„ილია პირმოკუმული და წარბშეკრულია. ხმას არავინ იღებს. ვანო მაჩაბელს ნერვული ქვითინი აუვარდა. ილიას ჯერ ქვემო ტუჩმა დაუწყო თრთოლვა და მერე მის გაწითლებულ თვალთაგან ორი მსხვილი ცრემლი გადმოიწურა“, - იხსენებდა ვალერიან გუნია.
„ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც საქართველოსათვის ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, - წერდა აკაკი.
სრულიად საქართველო გლოვობდა გამორჩეულ ადამიანს, გლოვობდა იმიტომ, რომ არც ერთი ქართული დაწესებულება არ იყო მაშინდელ საქართველოში, რომლის მეთაურობაში წილი არ ედო დიმიტრი ყიფიანს - იქნებოდა ეს ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი, მმართველობა თუ სხვა.
დიმიტრი ყიფიანი მთაწმინდაზე დაკრძალეს. უკანასკნელ განსასვენებლამდე ზღვა ხალხმა მიაცილა. სამგლოვიარო პროცესიამ, ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გოლოვინის გამზირზე გაიარა. ამ ფაქტს დეტალურად აღწერს თავის მოგონებებში ექვთიმე თაიყაიშვილი:
„როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციის რაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რაზმის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!” ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: ”Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!”-ო და განაგრძო გზა. შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმაზარი პროცესი“.
პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე. ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები. საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად.
ძეგლი
1899 წლის 24 ოქტომბერს დილიდანვე უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ხალხი მამადავითის მთისკენ, რათა პატივი მიეგო ვერაგულად მოკლული დიდი პატრიოტისა და თანამემამულისათვის, 85 წლის წინ დაბადებული დიმიტრი ყიფიანისთვის. სწორედ ამ მრგვალ თარიღს, იუბილეს, დაამთხვიეს ძეგლის გახსნა, რამაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, მთელი თორმეტი წელიწადი დაიგვიანა. არადა, ძეგლის დადგმის თხოვნით დიმიტრი ყიფიანის ქვრივმა და შვილმა, მსახიობმა კოტე ყიფიანმა, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკს ჯერ კიდევ 1894 წლის 14 მაისს მიმართა. „საბჭოთა ხელოვნების“ 1967 წლის #1-ში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით (ავტ. ავთანდილ თელია), ბანკიდან თანხმობის მიღების შემდეგ დიმიტრი ყიფიანის ოჯახის წევრებს მოუნახავთ თბილისში მცხოვრები მხატვარი ფელიქს ხოდოროვიჩი, მოლაპარაკებიან და შეთანხმებულან, რომ მხატვარი 2000 მანეთად ააგებდა ძეგლს. ხოდოროვიჩმა მალევე დაასრულა ძეგლის ესკიზი და განსაზღვრა მასალა, რისგანაც უნდა გაკეთებულიყო ძეგლი.
ესკიზის მიხედვით, ბიუსტის სიმაღლე იყო ერთი არშინი (არშინი - 71,12 სმ) და 3 ვერშოკი (ვერშოკი - 4,4 სმ), უნდა გამოეკვეთათ კარარის პირველხარისხოვანი მარმარილოსგან, კვარცხლბეკში გამოყენებული იქნებოდა კარარის მეორე ხარისხის მარმარილო, დამშვენებული ქართული ჩუქურთმებით და ორნამენტებით. სიმაღლე 1 არშინი და 12,5 ვერშოკი. კვარცხლბეკის ქვეშ დაიდგმებოდა ორსაფეხურიანი კიბე, თითოეული საფეხური 5 ვერშოკის სიმაღლისა, გათლილი ქუთაისის ნაცრისფერი და ალგეთის ქვისგან, რკინის ღობით.
ფელიქს ხოდოროვიჩმა მალევე თითქმის ყველაფერი დასრულა, თუმცა ძეგლის დადგმის საქმე რატომღაც ერთ ადგილზე გაიყინა. 1896 წელს საქმეში ჩართეს მხატვარი გიორგი გაბაშვილი, რომელმაც თავის თავზე აიღო შესაბამისი კვალიფიკაციის გერმანელი მოქანდაკის მოძებნა. გაბაშვილმა მოითხოვა ყიფიანის ფოტოსურათი და მოკლე ბიოგრაფია.
ჟურნალი „კვალი“ 1897 წელს წერდა, რომ მხატვარი გაბაშვილი მოლაპარაკებია „უპირველეს მოქანდაკე ნეცერს“, მაგრამ მას უთხოვია ძეგლის გაკეთება-დადგმაში 8-10 ათასი მარკა, რაც ბევრად მეტი იყო ხოდოროვიჩისათვის დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვაზე.
„როგორც ჩანს, არც ამ უკანასკნელიდან და არც სხვა მხატვრებისგან ზედამხედველმა კომიტეტმა ან ვერაფერი საიმედო პასუხი მიიღო მათ მიერ წარდგენილ პირობებში, ან მიღებული ესკიზები მხატვარ ხოდოროვიჩის ნამუშევარზე უკეთესი არ აღმოჩნდა. ამიტომ ბოლოს მაინც ხოდოროვიჩის ესკიზზე შეჩერდა“, - ვკითხულობთ „საბჭოთა ხელოვნებაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ძეგლი 1899 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა. გაზეთმა „კვალმა“ დაწერა: დიმიტრი ყიფიანი მეტი პატივისცემის ღირსი იყო და ძეგლი, რომელიც დაიდგა, არაფერია იმ ძეგლთან შედარებით, რომელიც თვითონ დიმიტრი ყიფიანის საქმეებმა ააგეს თითოეული ქართველის გულშიო.
„ივერიაც“ დავიმოწმოთ:
„დიაღ, ბატონებო, იგი აღარ არის... მოკვდა! გარდაიცვალა და არ გარდაიცვლებიან მხოლოდ მისი სამსახური, მისნი ღვაწლნი, მისნი საქმენი... ამისთანა იშვიათს კაცებზეა ნათქვამი: მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ ჰსაქმობს მკვდარიო...“