საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ერთვება კამპანიაში „უკეთესი დედამიწისთვის“. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ღონისძიების თანაორგანიზატორები, GIPA-ს სტუდენტები: მაშო კვიცარიძე და გიორგი შუბლაძე „დილის საუბრებში“ მათი თაობის როლსა და პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ. გიორგი შუბლაძე:
„ვფიქრობ, რაც ბოლო 7 დღეა ხდება რუსთაველის გამზირზე, ეს არის ზუსტად ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა ახალგაზრდებმა აიღეს საკუთარ თავზე და გადაწყვიტეს, რომ აღარ უნდათ მათ ვიღაც ჩრდილოელი მეზობლის ჩრდილქვეშ იცხოვრონ და სწორედ დღეს წყდება საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხი. სწორედ აქედან იწყება სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გააზრება. მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ სრულიად დამოუკიდებელ საქართველოში“.
მაშო კვიცარიძე თვლის, რომ ახალგაზრდების როლი შეიძლება დღეს გადამწყვეტიც იყოს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, ვიაზრებდეთ ჩვენს როლს დღევანდელ რეალობაში. ის პასუხისმგებლობა, რაც ახლა გვაკისრია, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს ჩვენი მომავლისთვის, მომდევნო თაობისთვის“.
რაც შეეხება კამპანიას „უკეთესი დედამიწისთვის“, ახალგაზრდები ამბობენ, რომ ჯანსაღი გარემოს შექმნა ყველას პასუხისმგებლობაა.
„რამდენი ჩიტი მოგიკლავთ?“, - მკითხა ეთერში გიორგი შუბლაძემ და ჩემს მცდელობას გულწრფელად მეღიარებინა ერთადერთი უნებლიე შემთხვევა, მოაყოლა პასუხი, რომ ყველა ჩვენგანი, საღეჭი რეზინის გადაგდებისას პოტენციურად თითო ჩიტს სწირავს.
მაშო კვიცარიძე: „ყველამ უნდა იფიქროს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკეთესი დედამიწისთვის“.