ქალები იდუმალი მზერით, მრისხანე ლომები, ჩვილ ბავშვთა მრგვალი სახეები, ერთგული ძაღლები, შთამბეჭდავი იერის მითიური პერსონაჟები, გაშმაგებისგან სახედამანჭული კენტავრები, ინფერნალური (ჯოჯოხეთური) ძალების სიმბოლურად გამომხატველი არსებები... - ქვის, ლითონისა და თაბაშირის ეს არსებები დღემდე სახლობენ ძველ თბილისში, მის ძველ ქუჩებში, ძველი სახლების ფასადებზე - სახლობენ და ინახავენ XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქალაქის სულს, დარაჯად უდგანან გაქრობის პირას მისულ ძველ თბილისს, მის ავარიულ შენობებს.
თბილისის სამოქალაქო არქიტექტურაში ქანდაკოვანი და ნაძერწი ელემენტების დამკვიდრება XIX საუკუნიდან იწყება. როგორც ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია ამბობს, ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში მშენებლობა ექვემდებარება იმპერიაში მიღებულ ნორმებს, თუმცა, ცხადია, ახალი არაფერი არ მოუგონიათ არც თბილისში და არც იმპერიის დედაქალაქში.
„ეს მოვიდა ევროპიდან. ამას ნახავთ პარიზში, ბერლინში, ვენაში... და მოიტანა ე.წ.ბაროკულ-რენესანსულმა ეკლექტიზმმა. სწორედ ამ სტილის დამახასიათებელი თვისებაა. ასე რომ, თბილისური საფასადო ქანდაკება არსებითად მთლიანად არის დაკავშირებული ახალ, „ევროპულ“ ქალაქთან“, - ამბობს დავით ხოშტარია.
გამდიდრებული მდაბიოს ვნებები
მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედი ის პერიოდია, როცა აქტიურად შენდება თბილისი, როცა გამდიდრებულ ახალ კლასს ყურში ჩაესმის ვასილ ბარნოვის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟის ვნებით სავსე სიტყვები: „აამოძრავეთ კაპიტალი! უძრავად დებული ფული ლოდია უნაყოფო“... და ეს ამოძრავებული კაპიტალი აშენებს ახალ, ევროპულ თბილისს. როგორც ხელოვნებათმცოდნე ირინა ძუცოვა ამბობს („საბჭოთა ხელოვნება“, 1987 წ. N9), აშენებს ევროპის დედაქალაქების მიბაძვით.
“ქალაქის ბურჟუაზია, „გააზნაურებული მდაბიო“ ცდილობდა თავი მოეწონებინა სიმდიდრით, არ ჩამორჩენოდა ევროპას. ეს განსაკუთრებით წარმოჩნდა არქიტექტურაში, ცალკეული სახლების დეკორატიულ მორთულობაში. ნაგებობის ხის დეტალებს აჩუქურთმებდნენ, ღობეებისა და აივნების ცხაურებს ამკობდნენ დიდებული ორნამენტებით, კედლებს ფარავდნენ ფერწერით, ხოლო ფასადებს მასკარონებით და სხვა სკულპტურულ-ორნამენტული დეტალებით“, - წერს ირინა ძუცოვა, - „ფულიანი მოქალაქე ცდილობდა ყურადღება მიეპყრო და ბაძავდა არისტოკრატთა სახლების მდიდრულ იერს“.
თუმცა, მიბაძვის გარდა, ფასადების მორთულობა, ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეული შინაარსის მატარებელიც იყო. როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, ერთი ქალაქური ლეგენდის მიხედვით, ასათიანის ქუჩაზე მდებარე NN 23/23, 21/24 სახლების ფასადების მორთულობაში გადამწყვეტი როლი უთამაშია ორი ვაჭრის მეტოქეობას:
„ერთმა მათგანმა, რომელიც მეზობელი სახლის მეპატრონესავით მდიდარი არ იყო და იცოდა, რომ ისეთივე უხვად დეკორირებულ ფასადს ვერ გააკეთებდა, ასეთ ხერხს მიმართა: საკუთარი სახლების ფანჯრების ღიობის თავზე ენაგამოყოფილი მასკარონები (გროტესკული, სტილიზებული ნიღბები) გამოაქანდაკებინა და ასეთი რამ შეუთვალა მეზობელს: მე რომ გამოვალ ჩემს აივანზე, შენი მდიდრული სახლის ფასადით დავტკბები, კარგ ხასიათზე დავდგები და საქმეც კარგად წამივა, შენ კი შენი სახლიდან ამ დამცინავად ენაგამოყოფილ სახეებს დაინახავ, გუნება გაგიფუჭდება და საქმეებიც ცუდად წაგივაო“.
მასკარონების მზერის ქვეშ
მასკარონები, ადამიანის სახის ან ცხოველის თავის გამოსახულებანი, უკანა მხრიდან ჩამოჭრილი და ბრტყელ ფუძეზე მიდგმული სკულპტურული მოსართავებია, რომლებითაც უხვად არის გაფორმებული ძველი თბილისის სახლების ფასადები. სკულპტურულ-ორნამენტული დეკორის ეს სახეობა განსაკუთრებულ იერს აძლევს თბილისის არქიტექტურას.
„გვხვდება: მამაკაცთა, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდათა და ხანდაზმულთა თავები, ასევე ანტიკური თავების ასლები, თეატრალური ნიღბები. ადამიანთა სახეები ხშირად ინდივიდუალიზებულები, ცოცხალნი და უშუალონი არიან. ზოგჯერ კი ადგილობრივი ეთნიკური ნიშნის მატარებელნიც. მათი სახეები უაღრესად მეტყველია: ხან პირქუშნი და მრისხანენი, ხან მოღიმარნი და მხიარულნი, ხან ჩაფიქრებულნი და მწუხარენი“, - ვკითხულობთ ხელოვნებათმცოდნე ირინა ძუცოვას ნაშრომში.
მასკარონების ერთი ჯგუფი აერთიანებს ზღაპრულ-ფანტასტიკურ არსებებს - გრიფონებისა და მათ მსგავსთა გამოსახულებებს. მასკარონების უდიდესი ნაწილი ლომების, ლეოპარდების, ძაღლების, კატების, არწივებისა და სხვათა რეალისტური გამოსახულებებია, მაგრამ ასევე დიდი რაოდენობით გვხვდება ბერძნულ-რომაული მითოლოგიის პერსონაჟების სახეები:დიონისე - მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი, რომელსაც თავი დამშვენებული აქვს ვაზის გვირგვინით და იტალიური ფიჭვის გირჩით (ნაყოფიერების სიმბოლოთი); ათენა - სიბრძნის ქალღმერთი, მეცნიერებისა და ხელოსნობის მფარველი, გამოსახულია ჩაფხუტით, შუბითა და ეგიდით; მედუზა - თმაში გველებით; სატირი (ფავნი), დიონისეს თანმხლები, - ადამიანის ნაკვთებითა და მხეცის ყურებით; ფლორა, გაზაფხულის ქალღმერთი, ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელსაც თავი ყვავილებით აქვს შემკული, და სხვა პერსონაჟები.
ირინა ძუცოვას მიხედვით, მასკარონების გროტესკული სამყარო გამსჭვალულია კარნავალური სულისკვეთებით, მაგრამ შეუძლებელია მათში არ დაინახო სახლის მფარველი სიმბოლოები და ნიშნები, რომლებიც ბოროტ სულებს აფრთხობენ, არ დაინახო ფხიზელი და ძლიერი გუშაგები, მამაცობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოები:
„მასკარონები - შინაური ცხოველები, მასკარონები - მხეცები, შეიძლება აღვიქვათ, როგორც სახლისა და მის ბინადართა კეთილი სულები, რომლებიც გზას უღობავენ უღირსთ. ლომი - მიწიერი მბრძანებლობის იდეალი, ნათელისა და ბნელის რთული სიმბოლო, არწივი - ზევსის ფრინველი, ხარი და ძაღლი - ადამიანის სულის სიმბოლოები. მგელი აპოლონის კულტთან იყო დაკავშირებული, ტახი - ნაყოფიერებასთან და ა.შ.“
ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია ცალკე აღნიშვნის ღირსად მიიჩნევს ქალთა გამოსახულებებს, რომლებშიც განსაკუთრებით იჩენს თავს მოდერნისათვის დამახასიათებელი იდუმალება, პოეტურობა და მგრძნობელობა.
ფესვები და ტრადიცია...
საფასადო ქანდაკებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, მაგრამ, როგორც ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია ამბობს, ის თითქმის მთლიანად საეკლესიო ხუროთმოძღვრებასთან არის დაკავშირებული. ფასადური ფიგურული გამოსახულებები ძველთაგანვე დაკავშირებული იყო ღმერთების თაყვანისცემასთან. გვიანი შუასაუკუნეების მცირე სკულპტურული გამოსახულებები შემორჩენილია თბილისის რამდენიმე ეკლესიაში (სიონი, ბეთლები, ნორაშენი). რაც შეეხება სასახლეებსა და საცხოვრებელ სახლებს, დავით ხოშტარიას თქმით, მათ არათუ ფიგურული ქანდაკებებით, ქვაში ნაკვეთი ჩუქურთმებითაც კი არ ამკობდნენ. ვითარება შეიცვალა XIX საუკუნიდან - სწორედ ამ პერიოდიდან იწყება თბილისის სამოქალაქო არქიტექტურაში ქანდაკოვანი და ნაძერწი ელემენტების დამკვიდრება. როგორც წესი, მასალად იყენებდნენ თაბაშირს, თუმცა იშვიათად გვხვდება ქვაში ნაკვეთი ფიგურებიც, მაგალითად ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის (ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი) შენობაზე, სადაც დეკორში ჩართულია ჰენრიკ ჰრინევსკის ესკიზების მიხედვით ქვაზე ჩუქურთმის ოსტატების, ძმები აგლაძეების ქვაში კვეთილი მორთულობა, რომელიც შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურას ეფუძნება.
„გალერეის ერთ-ერთი სვეტის კაპიტელი, ზედ დატანილი ცხოველთა გამოსახულებით, X-XIსაუკუნეების ეკლესიების კაპიტელებს მოგვაგონებს. აქვე პირველად თბილისურ საფასადო კულტურაში ჩნდება საქართველოს ისტორიის პერსონაჟის, დავით აღმაშენებლის, პატარა ნახევარფიგურა, შესაბამისი ასომთავრული წარწერით“, - ვკითხულობთ 2008 წელს მანონ ლილუაშვილის, ნინო ჭანიშვილისა და დავით ხოშტარიას ავტორობით გამოცემულ წიგნში „საფასადო ნაგებობა თბილისში“.
რა ხელმა შექმნა...
ძველი თბილისის შენობების ფასადებზე თემები ხშირად მეორდება, რაც ხელოვნებათმცოდნეებისათვის სავსებით გასაგებია. ირინა ძუცოვას მიხედვით, ოსტატებს, რომლებიც, როგორც წესი, პროფესიონალები არ იყვნენ, არ შეეძლოთ უსასრულოდ განეახლებინათ თავიანთი რეპერტუარი. დავით ხოშტარიაც შენიშნავს, რომ საფასადო სკულპტურებისათვის ხშირად მზა მოდელებს იყენებდნენ და მათი რაოდენობა თბილისში 50-მდე აღწევდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ზუსტად იმეორებენ ერთმანეთს ქალისთავიანი ორნამენტული კაპიტელები, კომპოზიციები პოსეიდონის სტილიზებული თავით, ატლანტების ნახევარფიგურები და ხახადაფჩენილი ლომები სხვადასხვა ქუჩებზე.
დავით ხოშტარიას თქმით, თბილისის მრავალი შენობის არქიტექტურული დეტალები და სკულპტურული ელემენტები შექმნილია თბილისში მოღვაწე ჩეხი დეკორატორის, ი. ნოვაკის სახელოსნოში, რომელიც აერთიანებდა მოქანდაკეებისა და არქიტექტურული ძერწვის ოსტატებს, მათ შორის ი. ნოვაკის შვილებს, ფრანცსა და იოზეფს, მაქსიმე დოლიძეს, იულიუს ჰენინგს, კარლ სოუჩეკს. ცნობილია, რომ სწორედ სოუჩეკის შექმნილია კინოთეატრ „აპოლოს“ საფასადო რელიეფები.
ნოვაკის გარდა, ფასადების გაფორმებაზე ასევე დიდი დატვირთვით მუშაობდა კარლ ვილსი და მისი სახელოსნო.
„კარლ ვილსის ნამუშევარი უნდა იყოს მუზარადიანი ჰერმესის ფიგურები სასტუმრო „ვეტცელის“ შესასვლელის აქეთ-იქით და ათონელის N29 სახლის არქიტექტურული სკულპტურა. არის ცნობა, რომ საფასადო დეკორის მთავარი ელემენტი - ატლანტების დიდი ფიგურები ქუთაისელი მოქანდაკის, სერაფიმე პოლოლიკაშვილის ნახელავია“, - ამბობს დავით ხოშტარია.
P.S.
ძველი თბილისის საფასადო ქანდაკებების ნაწილი შენობების რეკონსტრუქციას შეეწირა, ნაწილი შენობებთან ერთად განადგურდა (საბანკო თეატრი), ნაწილი, სიძველის გამო ახლაც საფრთხის ქვეშაა.
არადა, როგორც ხელოვნებათმცოდნე ირინა ძუცოვა წერდა ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ, „მასკარონებსა და სხვა საფასადო ფიგურებს ისევე უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, როგორც ძველი თბილისის მხატვრული იერის შემქმნელ სხვა გამოსახულებებს, მისი სულიერი და კულტურული ცხოვრების, ყოფის, მცხოვრებთა გემოვნების მაჩვენებლებს. ეს ნაწარმოებები ხომ ჩვენს დღევანდელობაში ისტორიიდან გადმოსული ცოცხალი მატიანის ნიმუშებია“, რომლებსაც გადარჩენა და დაფიქსირება სჭირდება. ამ საქმეში ნებისმიერი მოქალაქის ძალისხმევა მნიშვნელოვანია. ყველას შეუძლია ფოტო გადაუღოს და თუნდაც აქ, რადიო თავისუფლების ფეისბუკ-გვერდზე, ამ სტატიის კომენტარებში ატვირთოს და ასეც გაუხანგრძლივოს სოცოცხლე ძველი თბილისის ყველაზე ძველსა და ერთგულ დარაჯებს.