მარიამ საყვარელიძე უკვე მე-17 წელია ელოდება იმ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის დასჯას, რომლის შედეგადაც მან შვილი და და დაკარგა, მცირეწლოვან დისშვილს კი მნიშვნელოვნად შეერყა ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მარიამ საყვარელიძე არ თვლის, რომ ევროსასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელსაც ასევე დიდხანს - ათი წელიწადი ელოდებოდა, სამართალი აღსრულდა. მას სურს, რომ 2017 წელს ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით შეწყვეტილი გამოძიება განახლდეს, ეფექტიანად წარიმართოს და დამნაშავე დაისაჯოს.
2003 წლის 22 ნოემბერს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ მარიამ საყვარელიძე შვილთან, დასა და სამ მცირეწლოვან დისშვილთან ერთად, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ჯავშანმანქანა დაეჯახა. მარიამ საყვარელიძის და ადგილზე გარდაიცვალა, მისი ვაჟი კი - საავადმყოფოში მიყვანიდან 30 საათის შემდეგ.
რადიო თავისუფლება მარიამ საყვარელიძეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაესაუბრა. ევროსასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მეორე მუხლის - „სიცოცხლის უფლების“ დარღვევა და საქართველოს სახელმწიფოს მარიამ საყვარელიძისთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოში მის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები იცავდნენ.
მარიამ საყვარელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ აპირებს სიმართლის დასადგენად და სამართლის აღსრულებისთვის ბრძოლის შეწყვეტას, ვიდრე დამნაშავე არ დაისჯება:
„ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ამბის გახსენება, მაგრამ 17 წლის განმავლობაში დღე არ ყოფილა, რომ ეს მდგომარეობა არ გამხსენებოდა, სულ თვალწინ არ მედგას და ამაზე არ ვფიქრობდე. მთელი ჩემი ცხოვრება იმ დღემ დაანგრია და დააქცია. ჩემთვის აღარ არსებობს აღარც ტკბილი წარსული, აღარც აწმყო და აღარც მომავალი.
"ამ ვიწრო ხიდზე შემოსვლის დროს ერთმანეთს ასწრებდა ორი „ბე-ტე-ერ“-ი. „ბე-ტე-ერ“-ი ისედაც მასიურია და ორი ერთად ვეღარ ჩაეტია იმ გზაზე. ყველანაირად ვეცადეთ, გადასულები ვიყავით მაქსიმალურად, მაგრამ გაგვკრა გვერდი სადღაც ათ სანტიმეტრში მაინც და... დაიქცა მთელი ჩემი ოჯახი კი არა, მთელი ჩვენი საგვარეულო".
2003 წლის 22 ნოემბერს დიდი მიტინგები იყო, „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდი იყო და მთელი ქუჩები თავისუფალი იყო, ყველა აქციაზე იყო. მთლად ცარიელ ქუჩაზე მივდიოდით ჩვენი კუთვნილი ავტომობილით, BMW-თი: მე, ჩემი შვილი (საჭესთან იჯდა) და ჩემი და, თავისი სამი მცირეწლოვანი შვილით. გორგასლის ქუჩაზე, სადღაც იქ გამწვანება იყო, ბენზინგასამართ სადგურზე შევედით და ავიღეთ საწვავი. იქიდან რომ გამოვედით, სულ რაღაც 800 მეტრში მოხდა შეჯახება. გამწვანების შემდეგ იყო პატარა ხიდი, იქით-აქეთ ბორდიურებით, ათმეტრიანი სიგანის ხიდი იყო. ზუსტად იქ, ფართე ადგილიდან გამოვიდა და ამ ვიწრო ხიდზე შემოსვლის დროს ერთმანეთს ასწრებდა ორი „ბე-ტე-ერი“. „ბე-ტე-ერი“ ისედაც მასიურია და ორი ერთად ვეღარ ჩაეტია იმ გზაზე. ყველანაირად ვეცადეთ, გადასულები ვიყავით მაქსიმალურად, მაგრამ გაგვკრა გვერდი სადღაც ათ სანტიმეტრში მაინც და... დაიქცა მთელი ჩემი ოჯახი კი არა, მთელი ჩვენი საგვარეულო. დამეღუპა და, რომელსაც ნახევარი თავი მოგლიჯა ამ „ბე-ტე-ერის“ ჯავშანმა, რომელიც პირდაპირ მას დაეჯახა. მის შვილებს კალთაში ეყარათ დედის სხეულის ნაწილები. ჩემი შვილი კი კალთაში ჩამივარდა და საავადმყოფოში მიყვანიდან 30 საათი იცოცხლა აპარატის საშუალებით.
"რომ გაიგეს ვიღაც ცოცხალი გადარჩა, ვიცით ვინც მოგვიწყო ეს ამბავი, შეუცვალეს „ბე-ტე-ერ“-ს საბურავები, გადაღებეს, ნომერი შეუცვალეს, გადამალეს დამნაშავე მამალაძე თავისი ამალით..."
ხელოვნურ სუნთქვაზე იყო ჩართული. ჩემი და ადგილზევე დაიღუპა. საშინელებაა იმ წუთების გახსენება. დღესაც არ ამომდის თვალიდან და ყურიდან ის ხმა და ის მდგომარეობა, რაც იქ იყო..
დღემდე უფროსი ბავშვი [დისშვილი], რომელიც 11 წლის იყო - ბადრი წულიაშვილი, პირველი ჯგუფის ინვალიდად არის დარჩენილი. შოკიდან ვერ გამოვიყვანეთ ბავშვი. ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვს შერყეული და უმოქმედოა ფაქტობრივად.
სულ იმას ვიძახდი, რაღაც სამხედრო [მანქანა] დაგვეჯახა, მაგრამ რა იყო - ვერც კი მოვასწარით დანახვა, ისე სწრაფად გამოვარდნენ შავნაბადის სწრაფი რეაგირების ბაზიდან და შეგვეჯახნენ ასე...
ჩემს ძმისშვილს უნახავს ის „ბე-ტე-ერი“, რომელზეც ჩვენი მანქანის საღებავის კვალი იყო, შეჯახების ადგილზე აღმოაჩინა. მოხდა იქ შეხლა-შემოხლა. მარტო იყო 25 წლის ბიჭი ჩასული ამბის გასარკვევად და რომ დაინახა, ემოცია ვეღარ მოთოკა, მაგრამ გააშველეს, განმუხტეს სიტუაცია და გადამალეს ის „ბე-ტე-ერი“.
"ზეწოლა იყო ყველას მხრიდან, რომ ეს საქმე არ გამოემჟღავნებინა: გინდა თუ არა, შეცვალე ჩვენებები, მდგომარეობა, რომ დამნაშავე არ გამოვლენილიყო"
რომ გაიგეს, ვიღაც ცოცხალი გადარჩა, ვიცით, ვინც მოგვიწყო ეს ამბავი, შეუცვალეს „ბე-ტე-ერს“ საბურავები, გადაღებეს, ნომერი შეუცვალეს, გადამალეს დამნაშავე მამალაძე თავისი ამალით... და მას შემდეგ ვიბრძვი. ერთი დღე არ გავჩერებულვარ 17 წლის განმავლობაში, რომ ეს საქმე არ მექექა, არ მეძია, მაგრამ დღემდე სამართალს ვერ მივაღწიე ამ დასაქცევ საქართველოში.
იმ ღამესვე, პირველმა დაიწყო გამოძიება სამხედრო პროკურატურამ, მაშინვე, ფაქტზევე აღიძრა საქმე. იძიებდა გოჩა სხირტლაძე. ღმერთი უშველის მას და... სულ ასეთი სასიკეთო საქმე ეკეთებინოს. დიდი ბრძოლა უხდებოდა. ზეწოლა იყო ყველას მხრიდან, რომ ეს საქმე არ გამოემჟღავნებინა: გინდა თუ არა, შეცვალე ჩვენებები, მდგომარეობა, რომ დამნაშავე არ გამოვლენილიყო. უნდა დაეკავებინათ დამნაშავე, მაგრამ ზუსტად მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ჩამოართვა სპეციალურად საქმე სამხედრო პროკურატურას და გადასცეს გამოსაძიებლად უშიშროებას, რომ იქ შეეცვალათ საქმე. იქ იძიებდა ვიტალი სადათიერაშვილი... ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქმე გაეყალბებინათ და დაეტოვებინათ ასე, ცაში გამოკიდებული.
რა ვიცი, იმ „ბე-ტე-ერით“ შევარდნაძე გადაყავდათ, რა ხდებოდა, ვერ გავიგე... საიდან გამოვარდა ისე გიჟივით... მამალაძეს, დამნაშავეს არ ჰქონდა არც მართვის მოწმობა. გვაჩვენეს უბრალო, გაყალბებული, ფარატინა ქაღალდი, სადაც ეწერა მარტო გვარი და სახელი. არც ბეჭედი ჰქონდა, არც რეგისტრაციის ნომერი. ეტყობოდა, რომ იყო ფარატინა ქაღალდი.
"ერთი დღეც არ დასჯილა, ერთი საათითაც. ეჭვმიტანილადაც არ არის, მგონი, ცნობილი. ეს არის ჩვენი კანონი და ჩვენი სამართალი?!"
შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, „გადამიარა“, ეგონა ყველანი დავიხოცეთ და შერჩა ხახვივით. მართლაც, შერჩა ხახვივით, ჯერჯერობით. დავრჩით ასე გაუბედურებულები. ხალხმა გვიპატრონა და საავადმყოფომდე იმათი დახმარებით მივედით.
იმ დღიდან ვიბრძვი სამართლის, სიმართლის ძიებაში, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე. მთელი ათი წელია სტრასბურგშია ჩვენი საქმე გაგზავნილი. არც იქიდან გვქონდა არაფრის იმედი. ვიძახდი, რომ, ალბათ, დაბლოკილი აქვს თვითონ სახელმწიფოს, რადგან ის „ვარდების რევოლუცია“ უსისხლო უნდა ყოფილიყო, ალბათ, ჩემი აზრით, და იმიტომ არ იყო პასუხი. რამდენჯერმე გავაგზავნეთ შეკითხვა, პირადად ჩემი ინიციატივითაც გავაგზავნე წერილები სტრასბურგში და როგორც იქნა, მოსულა პასუხი. გუშინ შემოვიდა ეს დადგენილება. დამიბარეს და მოვედი, ვცდილობ საქმის გაცნობას... ვცდილობ, განვაახლო ეს ძიება და მოვითხოვ დამნაშავის დასჯას. ჩემი შვილი მიწის პატიმრად აქცია და იმან ციხე მაინც იგემოს!
"მერე მომივიდა პასუხი, რომ დამნაშავე ყოფილა ავთანდილ მამალაძეო და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელი აღარაფერი ეკუთვნისო"
[დამნაშავე] მოხსნილი იყო, მაგრამ ისევ აღადგინეს სამსახურში. ერთი დღეც არ დასჯილა, ერთი საათითაც. ეჭვმიტანილადაც არ არის, მგონი, ცნობილი. ეს არის ჩვენი კანონი და ჩვენი სამართალი?! რა დღესაც რა დასჭირდებოდათ, ზუსტად იმ კანონს ღებულობდნენ. ამ წლების განმავლობაში თვალში ნაცარს გვაყრიდნენ მეც და ჩემს ადვოკატებსაც. ამნისტია შეეხოო, რანაირაც შეეხო ამნისტია?! დამნაშავე არ იყო, ეჭვმიტანილი არ იყო, დასჯილი არ იყო, დაკავებული არ იყო და ამნისტიას ვის ახებდნენ, არ ვიცი!
რაც აწყობდათ, იმას წერდნენ იმ საქმეში. ხანდაზმულობის ვადა რომ გავიდა და მთლად თაროზე შემოდეს, მერე მომივიდა პასუხი, რომ დამნაშავე ყოფილა ავთანდილ მამალაძეო და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელი აღარაფერი ეკუთვნისო. ...ვერ გავიგე, იმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, გამიცოცხლეს შვილი, თუ ჩემი ცხოვრება შეიცვალა რაიმეთი?
"იმ მთავრობის პერიოდში ეჭვი მქონდა, რომ სურდათ „ვარდების რევოლუცია“ რომ ყოფილიყო „უსისხლო“"
ახლა ვცდილობ, ამოვქექო ის საქმე და ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ რომ დამნაშავედ ცნეს, იქნებ რამენაირად მივაღწიო ჩემს საწადელს და დამნაშავე დაისაჯოს!
მინდა, რომ აღვძრა საქმე და გავაგრძელო ძიება, რომ დაისაჯოს დამნაშავე და მასთან ერთად ცრუ ჩვენებების მიმცემი ათი პირი, რომელიც იმ „ბე-ტე-ერში“ იჯდა, მათთან ერთად ვიტალი სადათიერაშვილიც, რომელმაც ყველანაირად გააყალბა საქმე.
პარლამენტსაც მივმართე. არ არსებობს ვინმე, რომ მე არ შევსულიყავი. რომ შევიდოდი, დიდი ბრძოლით, დიდი ვაი-ვაგლახით: ვაიმე, პირველად გავიგე, - ასეთი პასუხი იყო ყოველთვის - ახლა გავიგე თქვენგან, ამ საქმეს აუცილებლად გადავხედავ, შევისწავლი და დაგიბარებთ ორ-სამ დღეში. გამოვიდოდი იქიდან და კაციშვილს არ ახსოვდა. ჯერ ერთი, რომ ყველამ იცოდა ეს საქმე. კაციშვილს არც დარდი ჰქონდა, არც ფიქრი ჰქონდა, არც აინტერესებდათ, რომ მეორედ შევსულიყავი და მათგან გამეგო, რა რეაგირება მოახდინეს.
"მოვიდა ეს ხელისუფლება და იგივე ხელისდამფარებლები არიან იმათი. რა ვიცი..."
იმ მთავრობის პერიოდში ეჭვი მქონდა, რომ სურდათ, „ვარდების რევოლუცია“ რომ ყოფილიყო „უსისხლო“. სულ მპირდებოდნენ, ჩატარდება არჩევნები, მოვა სხვა ხელისუფლება და გვეშველება, საქმეს სწორად წარმართავენო, მაგრამ მოვიდა ეს ხელისუფლება და იგივე ხელისდამფარებლები არიან იმათი. რა ვიცი...
აუცილებლად უნდა გავაგრძელო... მე ბრძოლას მაინც არ შევწყვეტ“.