ევროკომისიის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანაში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდა გამოკვლევა სამოქალაქო საზოგადოების წინაშე კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის არსებული რისკების შესაფასებლად. აღნიშნული საფრთხეების წყაროებად განიხილებიან როგორც უცხო ქვეყნების რეჟიმები, აგრეთვე შიდა ძალები.
ანგარიშის საქართველოს ნაწილი მოამზადა „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) და ის ასახავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების წინაშე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საჭიროებებს.
MDF-მა ჩაატარა რუსულ პროპაგანდაზე, კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვა. სულ გამოიკითხა 24 რესპონდენტი.
კიბერუსაფრთხოების ნაწილში მოხვდა 2019 წლის 28 ოქტომბრის მასშტაბური კიბერშეტევა სახელმწიფო და კერძო უწყებებსა და მედიაორგანიზაციებზე, რომელთა საიტების გახსნისას ჩნდებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით „I’ll be back“. ამ ჰაკერულ თავდასხმაში მოყვა „მედიის განვითარების ფონდიც“. მარიამ პატარიძე, MDF-ის იურისტი და ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი გამოკვლევის საქართველოს ნაწილის თანაავტორი, რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ეს ფაქტი ძალიან კარგად ასახავს, თუ რაოდენ დაუცველები ვართ კიბერუსაფრთხოების მხრივ. როგორც გახსოვთ, მწყობრიდან გამოვიდა 15 ათასზე მეტი ვებგვერდი. გამოძიება დაიწყო ორი მუხლით: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების სისტემის ხელყოფა. გამოძიებაში ჩაერთნენ საერთაშორისო აქტორები და რამდენიმე თვეში, 2020 წლის 20 თებერვალს გამოვლინდა ერთობლივი გამოძიების შედეგები და ამ კიბერთავდასხმაში გამოიკვეთა რუსული კვალი - კერძოდ, დასახელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო.
ეს საქმე მნიშვნელოვანია მასშტაბურობიდან გამომდინარე. საქართველოში სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ პარლამენტში მოხდა ინფორმაციული და კობერუსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება. სხვა საკითხია, რამდენად უზრუნველყოფს ეს ცვლილებები კიბერუსაფრთხოებას, ამას ახლა არ განვავრცობ. ცნობილია, რომ არასამთავრობოები და უსაფრთხოების ექსპერტები კრიტიკულად არიან განწყობილი ამ ცვლილებების მიმართ“.
ანგარიშში ასევე მოხვდა შედარებით ნაკლებად მასშტაბური ორი კიბერშეტევა „მედიის განვითარების ფონდის“ ვებპორტალზე.
დოკუმენტში ყურადღება მახვილდება აგრეთვე ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და სახელისუფლებო აქტორების მხრიდან ტროლინგისა და კიბერბულინგის პრობლემებზე.
მარიამ პატარიძის თქმით, ეს არ არის ანგარიშის ბოლო ვერსია. სულ მალე გამოქვეყნდება უფრო დეტალური დოკუმენტი. კვლევის ერთ-ერთი საგანი იყო ის, თუ რამდენად დაცული და საფრთხის წინაშე მედეგია ესა თუ ის ორგანიზაცია, აქტივისტი:
„გამოკითხულები ძირითად პრობლემად ასახელებენ იმას, რომ თითქმის არანაირი პროცედურული დახმარება ოპერატიულ უსაფრთხოებაში არ მიუღიათ. მათ მიერ ამ საკითხზე ტრენინგები არის ფრაგმენტული და ისინი მზად არ არიან ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიონ საფრთხეებს.
სულ რამდენიმე ორგანიზაცია იყო, რომელიც ოპერაციული უსაფრთხოების სახელმძღვანელო პროცედურებს ფლობდა. უმრავლესობის მიერ დასახელდა ინციდენტების დროს კრიზისების მართვის უნარებთან დაკავშირებული აქტივობებისა და ტრენინგების საჭიროება, რადგან მათ ნაკლებად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს“.
ევროკომისიის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის საქართველოს შესახებ ნაწილში არის ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ თავი, სადაც მთავარ ფაქტად მოყვანილია 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ფიზიკური დაზიანება. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ჟურნალისტებს დაზიანებები მიადგათ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და ცალკე შეფასების საგნად იქცა ის, თუ სამართლებრივად როგორ უპასუხა სახელმწიფომ ამ კანონდარღვევებს.
ნიშანდობლივია, რომ მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გამოკითხულები საფრთხის ერთსა და იმავე წყაროებს ასახელებენ: სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ მიერ დაქირავებულ და წახალისებულ სიძულვილის ჯგუფებს, ტროლებს. გარე წყაროდ სახელდებიან კრემლის აქტორები და მათი სატელიტები.
გამოკვლევის თანაავტორი სოფო გელავა MDF-ის ერთ-ერთ აქტიურ ინსტრუმენტზე - პროექტ „მითების დეტექტორზე“ დაყრდნობით, რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს იმაზე, რომ როგორ იყენებენ COVID-19-ის პანდემიას დეზინფორმაციის გავრცელებით დაინტერესებული ჯგუფები:
„კორონავირუსმა ჩვენც გაგვიასმაგა საქმე. წლების განმავლობაში ვაკვირდებით - სხვადასხვა წყარო სხვადასხვა მიზნით ავრცელებს დეზინფორმაციას, COVID-19-მა ეს გააერთიანა და კომპლექსურად ვხედავთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასაც, მიზნებსაც და წყაროებსაც. ამიტომ გვჭირდება სტრუქტურული ჩაშლა, რომ გავიგოთ, თითოეულ ყალბ ინფორმაციას რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს და რა ინტერესთა ჯგუფი შეიძლება ავრცელებდეს დეზინფორმაციას.
კორონავირუსის თემატიკაზე რომ ხდება კაპიტალიზება, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ძალიან აქტუალური თემაა, ემოციურად ყველა დაგვძაბა, რასაც ყოველთვის იყენებენ ნიადაგად დეზინფორმაციული ჯგუფები, ჩვენი ემოციებით მანიპულირებისთვის. ასეთ ემოციურ ფონზე ინფორმაციას უფრო მეტად რაციონალურად არ ვუდგებით, თუმცა კი ეს ძალიან საჭიროა.
უშუალოდ კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის ნაკადიდან რამდენიმე მიმართულება უნდა გამოვყოთ: პირველი და ყველაზე დამაზიანებელი, ალბათ, არის კორონავირუსის ცრუ მკურნალობების შესახებ ინფორმაცია. ეს არის ყველაზე მეტად დამაზიანებელი, რადგან შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, მიმართოს ამ ხერხებს და შემდეგ, მის ჯანმრთელობას შეექმნას პირდაპირი საფრთხე.
ცრუ მკურნალობები არის ყველაზე ბევრი ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში. აქაც ორი მიმართულებაა - ერთი ნაწილი ეხება ამა თუ იმ საკვები პროდუქტის გამოყენებას, მეორე - ე.წ. წამლების გაყიდვას ემსახურება. არის აგრეთვე ვითომ-ნიუს საიტები, რომლებიც არჩევენ თემას, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას და ყველაზე ხშირად ხსნის მას. ისინი ანკესივით აგდებენ ძალიან მყვირალა სათაურებს, რომ დავაჭიროთ და რაც მეტი „დაკლიკვა“ ექნება ასეთ საიტს, ის მეტ თანხას გამოიმუშავებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს კრემლის მიერ ორგანიზებული დისკრედიტაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, იმავე ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ეს არსად ჩაკარგულა. ძალიან აქტიურობენ კრემლის ქართული სატელიტები, ღიად პრორუსული საიტები და პრორუსული მედია - ახდენდნენ ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას და აქ გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია (ალბათ უფრო დროებითი): თუ მანამდე ლუგარის ლაბორატორიაზე გვესმოდა გზავნილები, რომ ავრცელებენ ვირუსებს, ახლა, როცა ამ ლაბორატორიის მნიშვნელობა ასე კარგად გამოჩნდა, ამ ნარატივებმა იმდენად კარგად ვეღარ იმუშავა და შეიცვალა აქცენტი იმით, რომ უმნიშვნელოა ლუგარი და მის გარეშეც შევძლებდით ყველაფერს“.
კორონავირუსის თემაზე კიდევ ერთი საერთაშორისო ნარატივი არსებობს, რომელიც საქართველოს საინფორმაციო სივრცეშიც გამოჩნდა და ეხება იმას, რომ თითქოს დემოკრატიული ქვეყნები ნაკლებად ეფექტიანად უმკლავდებიან პანდემიას, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმები:
„დიახ, ეს არის გავრცელებული გზავნილი. უფრო მეტად ეს გზავნილი გვხვდება რუსულ მედიაში - „სპუტნიკში“, Russia Today-ში და ა.შ.. ძირითადად ეს მითები ეყრდნობა სტატისტიკას, რომელიც მოდის ავტორიტარული რეჟიმებისგან, თუმცა აქ ისმის კითხვა, რამდენად ვენდობით ამ სტატისტიკას. არაერთი კრიტიკული კითხვაა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე.
გვახსოვს, როცა ოფიციალურად გვითხრეს, რომ კორონავირუსი ახალი გამოჩენილია (ამაზეც არის კითხვები, რომ ამბავი ჩინეთის მიერ იმალებოდა), მაშინ გამოქვეყნდა განსხვავებული მონაცემები ერთ-ერთ საგამოძიებო საიტზე, რომელიც ბევრად აღემატებოდა ჩინეთის ოფიციალურ სტატისტიკას. ძალიან მალე ამ საიტიდან ეს ინფორმაცია გაქრა. კითხვები არსებობს და როცა გამჭვირვალების სტანდარტს არ აკმაყოფილებს არც სახელმწიფო და არც ინსტიტუტები, ძალიან რთულია, მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ასი პროცენტით ვენდოთ და დასკვნები გამოვიტანოთ, რომ ავტორიტარიზმი უფრო ეფექტიანია ვირუსთან ბრძოლაში“.