13 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ორჟონია, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე. IDFI-მ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია რეფერალური პროგრამის შესახებ და დაადგინა, რომ 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა თითქმის 17 მილიონი ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3595), ვიდრე ოსი (2650). 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.