3 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გოგოსაშვილი, საია-ს იურისტი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე - "რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?". მარიამ გოგოსაშვილი გამოყოფს რამდენიმე ძირითად პრობლემას, მათ შორის: ბიუჯეტის შედგენის, ხარჯვისა და მასში ცვლილებების შეტანის დაუსაბუთებლობას, სამეურვეო საბჭოსთვის არასაკმარისად დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. იურისტის თქმით, კორუფციის რისკს ქმნის ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხება შესყიდვების შესახებ კანონის არგავრცელებას საზმაუზე და სტარტაპების დაფინანსებას. მარიამ გოგოსაშვილის თქმით, საია არ ამტკიცებს დიდია, თუ მცირე მაუწყებლის ბიუჯეტი. ის თვლის, რომ არსებული ბიუჯეტით შესაძლებელია "საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება იმდაგვარად, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია საზოგადოებრივი მაუწყებელი - რომ ის უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი პოლიტიკური და კომერციული გავლენებისაგან და შეასრულოს თავისი ფუნქცია, ის ფუნქცია, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული".