Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმ ფაზაშია დღეს ხელისუფლება, რომ არ ერიდება არანაირი პირდაპირი და არაპირდაპირი ზეწოლის რესურსების გამოყენებას"


მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი
მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ივლისს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი შეფასებით:

„ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე".

განცხადების თანაავტორი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„აპელირებაა ჩვენს უახლოეს წარსულზე და მანკიერ პრაქტიკაზე, როცა იცვლება მედიის მფლობელი ან მენეჯმენტი და ეს პირდაპირ ასახვას პოულობს სარედაქციო პოლიტიკაზე - თუ ის კრიტიკულია, რადიკალურად იცვლება და ხდება ლოიალური ხელისუფლების მიმართ“.

მამუკა ანდღულაძე იხსენებს „რუსთავი 2“-ზე დავის ისტორიას იმის არგუმენტად, რომ მიმდინარე პროცესში არაფერია სპონტანური და შენიშნავს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ დანახული იდეალური საინფორმაციო ველი არის „მოწმენდილი“ ველი, სადაც მხოლოდ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებს აქვთ მუშაობის საშუალება:

„სანამ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ არადემოკრატიული რეფორმებით მოახდინოს ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე და არაჯანსაღ კონკურენციაში შევიდეს, გვექნება ეს პრობლემა, ეს არის მთავარი და „რუსთავი 2“-ზე წუხილი აქედან გამომდინარეობს და არა მისი მფლობელობიდან და იქიდან, რომ ეს არის იდეალური ტელევიზია და ა.შ.. ეს არის ის ტელევიზია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართულ დემოკრატიულ სივრცეში, პლუს - პოლიტიზირებულ გარემოში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლაპარაკობს „რუსთავი 2“-ის გუნდის როლსა და მნიშვნელობაზე:

„ის, რაც უნდა დავიცვათ, ცალსახად ეს არის, რომ გავააქტიუროთ, გავაათმაგოთ მონიტორინგი, ყურადღება გუნდის მიმართ, რომელიც აქამდე მუშაობდა, სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. გუშინ მათ არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და უკვე აქვთ მოთხოვნები ახალი ხელმძღვანელობის და მენეჯმენტის მიმართ, რომ არ უნდა მოხდეს არც პირდაპირი, არც არაპირდაპირი ზეწოლა“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG