რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა კიევში გადაიღეს ის ადგილები, სადაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის სპეცრაზმელებმა მოკლეს ღირსების რევოლუციის მონაწილეები. ამ ვიდეოში ერთადაა თავმოყრილი დღევანდელი და ხუთი წლის წინანდელი კადრები.
2014 წლის 20 თებერვალი უკრაინის ისტორიაში შევიდა, როგორც ე.წ. „ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღე. გამოძიების თანახმად, უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ ფორმიანი სნაიპერების ცეცხლს ღირსების რევოლუციის 48 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში.
მაიდნის საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში დაიწყო 2013 წლის 21 ნოემბერს. მოგვიანებით ამ გამოსვლებს „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა ხელისუფლების შეცვლა. დაპირისპირების მსვლელობაში დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.