Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ ისე გავიზარდეთ, არ გვქონდა მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვერ ვისწავლეთ მათთან ურთიერთობა, ვერ დავინახეთ ეს ადამიანები"


14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე აღინიშნა. ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და შშმ პირთა უფლებების აქტივისტებმა ამ დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს ხელისუფლებას. მიმართვა სრულდება რეკომენდაციებით, რომლებიც შეეხება შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. ხელის მომწერები მთავრობისგან აგრეთვე მოითხოვენ:

  • გადადგას ნაბიჯები „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბების მიზნით;
  • შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში, ჩამოაყალიბოს და აამოქმედოს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო;
  • შშმ პირების საჭიროებებზე დაყრდნობით განავითაროს სათემო სერვისები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • მოახდინოს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შეიმუშავოს და განახორციელოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და უზრუნველყოს ქმედუნარიანობის რეფორმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  • უმოკლეს დროში უზრუნველყოს სოციალური მოდელის შემოღება და ეფექტიანი დანერგვა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს შშმ პირთა მიმართ ამჟამად არსებულ სამედიცინო მიდგომებს;
  • უმოკლეს დროში მოახდინოს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე, მიიღოს ზომები კონვენციის იმპლემენტაციისათვის სხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, მარაქეშის შეთანხმების, რატიფიცირების მიზნით;
  • ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყველა შშმ პირის ეფექტიანი მხარდაჭერა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.

დამფუძნებელი კოალიციისა - "მოძრაობა ცვლილებებისთვის" და ორგანიზაციისა - "ხელი ხელს", მაია შიშნიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ეს განცხადება ძირითადად სამართლებრივ, უფლებრივ საკითხებს ეხება - რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რაც შეიძლება გახდეს შემდეგ ბაზისი, რომ თითოეულმა ადამიანმა იბრძოლოს კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული უფლების დაცვისა და რეალიზაციისთვის.

სათემო სერვისების განვითარებაზეც გვაქვს საუბარი, რაც საკანონმდებლო საფუძველთან ერთად, მნიშვნელოვანია შშმ პირთა რეალიზებისთვის და საზოგადოებაში ჩართულობისთვის.

მესმის, რომ საზოგადოებაში ჩართულობა ცოტა უცნაური და რთული აღსაქმელი შეიძლება იყოს ბევრისთვის და ვერ გაიგონ, რას გულისხმობს საზოგადოებაში ჩართულობა ან საზოგადოებისგან გარიყულობა“.

მაია შიშნიაშვილი ჰყვება, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე მისთვისაც უცნობი იყო შშმ პირების თემაც და პრობლემებიც, რაც ამ ადამიანებს აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თვითონ ამბობს, რაღაც საფუძველი ჰქონდა ბავშვობაში, რომ ამ თემასთან ახლოს ყოფილიყო. მაიას დედა მუშაობდა შშმ ბავშვთა ინტერნატში მასწავლებლად:

„ეს თითქოს მე არ შემეხო, ჩემს ყოველდღიურობას არ შეეხო და ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია მსგავსად - თითქოს ვეხებით, მაგრამ, თუ ეს პერსონალურად არ გვტკენს რაღაცას, ვიდრე ეს არ შემოდის მტკივნეულად ჩვენს ცხოვრებაში, თითქოს, ეს ჩვენი არ ხდება.

ჩემს გამოცდილებაში ეს თემები შემოვიდა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი დაიბადა და როცა მას დაუსვეს კონკრეტული დიაგნოზი. ფაქტია, რომ ჩემი დამოკიდებულებები შშმ პირების მიმართ დრამატულად არ შეცვლილა. მე არ მქონია მძიმე სტერეოტიპები. მიუხედავად ამისა, ამ თემების სწორი დანახვა დავიწყე მხოლოდ მაშინ, როცა მე შემეხო ძალიან პერსონალურად. შვილი, ხვდებით, ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული ფენომენია: მის მიმართ დამოკიდებულება, სიყვარული, პასუხისმგებლობა.

მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ შვილის ყოლაც არ იყო საკმარისი. ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში უამრავ ადამიანთან ურთიერთობამ მოიტანა, რომ ბევრი რამ ვისწავლე.

არც მიკვირს, როცა ადამიანებს არ ესმით რაღაც დონეზე ეს პრობლემატიკა - ამას სწავლა, გამოცდილება, შშმ ადამიანებთან ურთიერთბები სჭირდება. ეს ურთიერთობები გასწავლის, გცვლის მნიშვნელოვნად.

ჩვენ ისე გავიზარდეთ, არ გვქონდა მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვერ ვისწავლეთ მათთან ურთიერთობა, ვერ დავინახეთ ეს ადამიანები. ადამიანების პრობლემებს ვხედავთ, როცა მათ ვუსმენთ, მათი თვალით ვხედავთ, მათთან მჭიდრო ურთიერთობით.

რომ გავიხსენოთ ჩემი ასაკის ადამიანები - არ ჰყავდა შშმ კლასელი, არ ჰყავდა შშმ მეზობელი. უფრო სწორად, ჰყავდა, მაგრამ სეგრეგირებული იყო. მშობლებს ეგონათ, რომ სხვას შეაწუხებდა მისი შვილი. ხანდახან მეც მგონია ხოლმე, რომ სხვას შეაწუხებს...

ვერ დავინახეთ ეს ადამიანები...“.

მაია შიშნიაშვილი შშმ პირებთან შეხების ერთ ეპიზოდს იხსენებს, როცა ის სასწავლად აშშ-ში იმყოფებოდა და ერთ-ერთი ავტობუსის მარშრუტზე შშმ ადამიანების ჯგუფს ემგზავრებოდა ხოლმე:

„ამ ადამიანებისთვის თვალებში შეხედვის მეშინოდა. პირველად მაშინ დავფიქრდი, რა მჭირს. ისინი ძალიან გახსნილები და კომუნიკაბელურები იყვნენ. მე ვიყავი დაკომპლექსებული და, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ჩაკეტილი ადამიანი. მეშინოდა იმის, რომ არ ვიცოდი მათთან ურთიერთობა. მათ რაიმე რომ ეკითხათ, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, როგორ გაიგებდნენ არ ვიცოდი და მივხვდი, რომ პრობლემა ჩემშია. მე ჩემმა ცხოვრებამ, საბჭოთა პერიოდის ბავშვობამ არ მომამზადა იმისთვის, რომ მქონოდა შშმ პირებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა“.

მაია შიშნიაშვილი არის დამფუძნებელი შშმ პირებისთვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლებისა - „ხელი ხელს“:

„როცა გავიგე, რომ ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დასჭირდებოდა მხარდაჭერა, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ამაზე ვდარდობ და ეს ხელს მიშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემს შიშებს შევებრძოლებოდი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, მას დედა ეყოლება თუ არ ეყოლება, და-ძმა ეყოლება თუ არ ეყოლება, ისევე ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს - საზოგადოების შუაგულში, სრულად რეალიზებული მისი საკუთარი ოჯახის გარეშე. რამ უნდა ჩაანაცვლოს ეს ოჯახი?

და, აი, მაშინ გაჩნდა იდეა საოჯახო ტიპის სერვისის, რომ ამ ადამიანებს ოჯახურ გარემოში, ჩვეულებრივ სახლში, ჩვეულებრივ სამეზობლოში, 5-5-ად ეცხოვრათ“.

2011 წლის ბოლოს მიიღეს პირველი 10 ადამიანი. დღეს 25 ცხოვრობს 5 სხვადასხვა სახლში:

„ამ სერვისში ნებისმიერი შეზღუდვის ადამიანს აქვს უნარი და უფლება, თავისი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღოს“.

ეს არის სრულიად საპირისპირო გამოცდილება დიდი ზომის, საზოგადოებისგან გამიჯნული, საცხოვრისების.

„დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს, რომ „ხელი ხელს“ გამოცდილებით მომზადებული აქვთ სატრენინგო მოდულები და მზად არიან ცოდნის გაზიარებისთვის.

მაია შიშნიაშვილი თვლის, რომ შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს პოლიტიკას და ნებას, რომ მათ ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები:

„ჯერჯერობით, მკაფიო გზავნილი, რომ მე, ქვეყანამ, შშმ პირებს აუცილებლად თანაბარი შესაძლებლობები უნდა მივცე, არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG