გრძელდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა ცხინვალის ციხეში. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის 9 ნოემბერს დააკავეს. ერთადერთი, ვინც ამ დროის განმავლობაში მისი მონახულება მოახერხა და ოჯახს ვაჟა გაფრინდაშვილთან მინიმალური კომუნიკაციის საშუალება მისცა, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია“ (ICRC), რომლის საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქარდავამ, რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ ეთერში შეძლებისდაგვარად დეტალურად ილაპარაკა იმ ორ შეხვედრაზე, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილთან 18 და 28 ნოემბერს შედგა:
„ორივეჯერ ჩვენი დელეგატები შეხვდნენ ბატონ ვაჟას და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს ვიზიტი ჩატარებულიყო „წითელი ჯვრის“ სტანდარტების დაცვით. ეს უპირველესად გულისხმობს შესაძლებლობას, რომ შევხვდეთ ადამიანს მოწმეების გარეშე. ანუ, ეს შეხვედრა უნდა იყოს პირისპირ, კონკრეტულად დაკავებულ პირსა და „წითელი ჯვრის“ დელეგატებს შორის. ორივეჯერ ეს პირობა იყო შესრულებული. პირველი შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, მეორე ვიზიტი შედარებით ხანმოკლე იყო - 40-იოდე წუთს გრძელდებოდა. ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, გარდა მისი დაკავების პირობების მონიტორინგისა, გახლავთ შესაძლებლობის მიცემა, რომ წერილობითი კონტაქტი იქონიოს ოჯახის წევრთან თავისუფლებააღკვეთილმა პირმა. ამ შემთხვევაშიც ოჯახმა გაუგზავნა ბატონ ვაჟას „წითელი ჯვრის“ ბარათი და მან საპასუხო ბარათები გამოაგზავნა. გარდა ამისა, 29 ნოემბერს შესაძლებლობა მოგვეცა, ოჯახისგან მიღებული ამანათიც შეგვეტანა მისთვის“.
მაია ქარდავა აზუსტებს ამანათის გადაცემის დეტალებსაც:
„გუშინ პრესკონფერენციაზე ოჯახმა აღნიშნა და ნამდვილად, რაღაც დრო დაგვჭირდა საამისოდ, თუმცა, დავაზუსტებ, რომ თითქოს ცხინვალის ოფისში იყო ეს ამანათი, სანამ შევიდოდა, ასე არ ყოფილა. ჩვენ გორში გვქონდა ეს ამანათი, რადგან პრინციპი არის ასეთი - როგორც კი მოვიპოვებთ შესაძლებლობას და თანხმობას, რომ დელეგატს აქვს შესაძლებლობა, შეიტანოს ამანათი თავისუფლებააღკვეთილ პირთან, იმ დღეს უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვა, პრინციპით ხელიდან-ხელში. ანუ, ჩვენი წარმომადგენელი გორის ოფისიდან ცხინვალის ოფისის წარმომადგენელს ერგნეთში გადასცემს ამ ამანათს, ხოლო შემდეგ, როგორც ამას გულისხმობს ყველა თავისუფლების აღკვეთის სპეციფიკა, ჩვენივე დელეგატის თანდასწრებით მოხდა ამ ამანათის შემოწმება. ვინაიდან ეს იყო ძირითადად პირადი მოხმარების საგნები, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოხდა შეტანა“.
რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიღებულ ორ ბარათს, მაია ქარდავა ჰყვება:
„სტანდარტი აქაც დაცულია. წამოგიღეთ ბლანკი ნიმუშად, რადგან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ წერილმა. დაიწერა კიდეც მედიაში „უკონვერტო წერილები“. დიახ, ეს არის უკონვერტო წერილები. ასეთი ბლანკია, რომელსაც ჩვენთან მოსული ოჯახის წევრი ავსებს. სხვათა შორის, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში გამოიყენება, არამედ კონფლიქტების დროს საქართველოშიც, სხვაგანაც, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ეს არის მინიმალური შესაძლებლობა, როცა ომი სპობს შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა იქონიონ კომუნიკაცია. 21-ე საუკუნეში - კომუნიკაციის ეპოქაში, დღესაც ჰყავს მომხმარებელი ამ საბარათე სისტემას. ივსება მონაცემები, ვინ აგზავნის, ვის უგზავნის და შემდეგ აქ იწერება ეს ოჯახური შინაარსის წერილი. შემდეგ, როცა ჩავიტანთ ამ ბარათს, ეს ნაწილი ეხევა, რჩება მიმღებთან და საპასუხოდ ივსება მეორე მხარე.
აქ ასევე იყო, რუსულად დაიწერაო. რა თქმა უნდა, შემოწმებას გადის და სწორედ ეს არის ღიაობის პრინციპი - სჯობს იყოს ამ სახით, ღია ფორმით და არსებობდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა. ყოველთვის, როცა დელეგატი აწვდის ამ ბლანკს მომხმარებელს, ვუხსნით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირადი შინაარსის, ოჯახური შინაარსის ამბების გაცვლის შესაძლებლობა და არა უმეტეს. ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თუმცაღა ძალიან მნიშვნელოვანია“.
მაია ქარდავას თქმით, „წითელ ჯვარს“ დაახლოებით 10 დღე სჭირდება იმისთვის, რომ დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შედეგად მიიღოს თანხმობა და მოახერხოს თავისუფლებააღკვეთილი პირის მონახულება:
„წითელი ჯვარი“ კომუნიკაციაში შედის ყველასთან, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, ციხეში შეღწევა და ადამიანის მონახულება, ბუნებრივია, დამოკიდებულია ვიღაცის გადაწყვეტილებაზე, გვინდა-არ გვინდა. სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა სირთულესთან გვაქვს საქმე, თუმცა ყველასთან შევდივართ დიალოგში“.
„დილის საუბრებში“ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა ილაპარაკა უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმდინარე პროცესზეც. მაია ქარდავას ინფორმაციით, მორიგი სიახლის შესახებ ცნობილი გახდება მომავალი წლის თებერვალში.