რუსულმა Telegram-არხმა Grey Zone-ამ, 13 ნოემბერს გაავრცელა ვიდეო, სადაც, როგორც Grey Zone ირწმუნება, ასახულია უკრაინის მხარეს გადასული (ტყვედ ჩაბარებული) რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯა. 55 წლის ევგენი ნუჟინი ფრონტის წინა ხაზზე მოხვდა რუსეთის რიაზანის ოლქის N3 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, სადაც, ვიდრე „ვაგნერი“ გადაიბირებდა, 28-წლიან სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. გავრცელებულ ვიდეოზე მამაკაცს თავში უროს არტყამენ. ამის შემდეგ კადრში ჩნდება წარწერა "ლიკვიდირებულია". უროთი მკვლელობები რუსი და უკრაინელი სამხედრო მიმომხილველების თქმით, „ვაგნერის“ ერთგვარ საფირმო ნიშნად ითვლება.
Grey Zone-ამ, რომელიც "ვაგნერთან" დაკავშირებული არხია, ვიდეოს დაურთო კომენტარი: „მოღალატის დასჯა“, მოგვიანებით კი კომპანია „კონკორდის“ პრესსამსახურმა, კომპანიის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სახელით გამოაქვეყნა ბუნდოვანი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძნელია იმის მტიცება, ვიდეოზე ასახული კადრები მართლა მკვლელობაა თუ მკვლელობის ინსცენირება:
„მირჩევნია თეატრში ვუყურო სანახაობას. რაც შეეხება "დაჩაქუჩებას". ამ შოუში ჩანს, რომ მან [ევგენი ნუჟინმა] ვერ ჰპოვა ბედნიერება უკრაინაში და, რომ გადაეყარა არაკეთილ, მაგრამ სამართლიან ადამიანებს. მგონია, რომ ამ ფილმს ჰქვია "ძაღლს ძაღლური სიკვდილი", რომელიც შესანიშნავი რეჟისორული ნამუშევარია, რადგან ერთი ამოსუნთქვით უყურებ. იმედი გვაქვს, გადაღებისას არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა“.
ვინ არის (იყო) ნუჟინი?
ევგენი ნუჟინმა ციხეში 23 წელი გაატარა. ციხეში მოხვედრამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში.
ნუჟინი კოლონიაში მოხვდა 23 წლის წინ, 1999 წელს, მკვლელობისა და ხულიგნობის ბრალდებით, სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდა გაქცევის მცდელობის შემდეგ. საერთო ჯამში, ნუჟინს 28 წელი უნდა მოეხადა და 2027 წლის ზაფხულში გათავისუფლებულიყო.
2014 წელს პატიმარმა ნუჟინმა მხარი დაუჭირა „რუსული გაზაფხულის“ იდეებს: გამოაქვეყნა სურათები იმპერიული დროშებითა და მეორე მსოფლიო ომის იარაღით (და ერთი სურათისთვის ჯარიმაც კი მიიღო, რადგან მასზე სვასტიკა იყო გამოსახული).
2022 წელს მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას უკრაინაში: მაისის ბოლომდე ნუჟინი აქვეყნებდა ფოტოებს რუსული არმიის სიქველისა და უკრაინის არსებობის უკანონობის შესახებ.
ევგენი ნუჟინმა უკრაინაში ტყვედ ყოფნისას ჟურნალისტ იური ბუტუსოვისათვის მიცემულ ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და დაგმო ომი უკრაინაში, თქვა, რომ „ვაგნერში“ გაწევრიანდა სწორედ იმის გამო, რომ რაც შეიძლება მალე დანებებულიყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და შემდგომ უკრაინის მხარეს ებრძოლა. ასევე გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულების შემდეგ დარჩებოდა უკრაინაში, სადაც მისი ნათესავები - და და ბიძა ცხოვრობენ.
ოფიციალურად, ნუჟინის გარდაცვალება არავის დაუდასტურებია, არც სამართალდამცავ ორგანოებს გაუკეთებიათ რამე სახის კომენტარი.
რა ჩანს გავრცელებულ ვიდეოში?
Grey Zone-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომლის თავი აგურებზე წებოვანი ლენტით (ე.წ. სკოჩით) არის მიმაგრებული. მამაკაცი ამბობს, რომ 1967 წელს დაბადებული ევგენი ანატოლის ძე ნუჟინია, რომ „ფრონტზე წავიდა იმისათვის, რათა გადასულიყო უკრაინის მხარეს და რუსების წინააღმდეგ ებრძოლა“.
მამაკაცის ლაპარაკიდან ირკვევა, რომ უკრაინის მხარეს გადასვლის გეგმა 2022 წლის 4 სექტემბერს განახორციელა, ხოლო 11 ნოემბერს, როცა კიევში იმყოფებოდა, ქუჩაში მიმავალს ვიღაცამ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და გაიტაცა.
„ამ სარდაფში გამეღვიძა. მითხრეს, რომ უნდა გამასამართლონ“, - ამ სიტყვების შემდეგ მამაკაცს თავში ურო ჩაარტყეს. ვიდეოზე არ ჩანს „ჯალათის“ სახე.
ფეიკი, მოტაცება თუ გაცვლა?
კორუფციისა და წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კომიტეტმა Gulagu.net-მა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტოს, თუ გავრცელებული ვიდეო არ არის ფეიკი, როგორ შეიძლებოდა გაეტაცებინათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარებული ევგენი ნუჟინი.
ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ ნუჟინი შეიძლება გაცვალეს „ვაგნერის“ მიერ დატყვევებულ მებრძოლებზე. ამის შესახებ თვითონ ნუჟინის შვილმა, ილიამ ილაპარაკა Gulagu.net-ის დამფუძნებელთან, ვლადიმირ ოსეჩკინთან ინტერვიუში.
„ბოლოს 23 აგვისტოს ველაპარაკეთ, მერე სექტემბერში ჩავარდა თუ ჩაბარდა ტყვედ, გავრცელდა პირველი ვიდეო, მერე - მეორე, მერე 1 ნოემბერს მესამე ვიდეო, რომელშიც ნორმალურად გამოიყურება, თავის თავში იყო დარწმუნებული, ახლა კი ვნახეთ ეს მეოთხე ვიდეო, რომელშიც სიკვდილით სჯიან... როგორ მოიტაცეს, წარმოდგენა არ გვაქვს. კიევში იმყოფებოდა. კიევიდან როგორ მოიტაცებდნენ? რამე სუპერრაზმები ჰყავს „ვაგნერს“? ჩვენი ვარაუდით, გაცვალეს“, - ამბობს ილია ნუჟინი, რომლის ვარაუდი მთლად უსაფუძვლოდ არ მიაჩნია Gulagu.net-ის დამფუძნებელ ვლადიმირ ოსეჩკინს. მისი თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ „ვაგნერის“ თავკაცი, ევგენი პრიგოჟინი ბლოკავდა ტყვეთა გაცვლას და განახლების წინაპირობად გარკვეულ პირობებს აყენებდა.
უკრაინის მედიამ 11 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყვეობიდან 45 სამხედრო მოსამსახურე დაიხსნეს. პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ყოფილმა მრჩეველმა, ანასტასია კაშევაროვამ, რომელიც ომის მხურვალე მხარდამჭერია, განაცხადა, რომ „ეს იყო გაცვლა, რომელშიც „ვაგნერი“ მონაწილეობდა".
ილია ნუჟინი ყველა დამნაშავის, მათ შორის რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯას მოითხოვს:
„მოკლეს ასაკიანი, უიარაღო ადამიანი, რომელიც ტყვეობაში იმყოფებოდა, მოკლეს სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, როგორც საქონელი. ვინც ამ საქმეში დამნაშავეა, ყველა ასე უნდა - დახოცო კოლონიის ხელმძღვანელებიც, პრიგოჟინიც და პუტინიც. პრიგოჟინი პუტინის მარჯვენა ხელია, ის რომ დაიჭირონ, ციხეში მეფესავით იცხოვრებს, მასაც იგივე ბედი უნდა ეწიოს, რაც მამაჩემს. მერე სხვები გაიცინებენ და იტყვიან, ძაღლს ძაღლური სიკვდილი ეკუთვნისო. პასუხი უნდა აგონ“.
სისხლიანი ურო - მკვლელობის საფირმო იარაღი?
Gulagu.net-ის დამფუძნებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი ამბობს, რომ „ვაგნერელები“ გასამართლების გარეშე, სირიაშიც ხოცავდნენ ადამიანებს, რომლებიც მოწინააღმდეგის - ასადის ოპოზიციის მხარეს გადასვლას ან ბრძოლიდან გასვლას გადაწყვეტდნენ. გამოცემა „სოტაც“ ამტკიცებს, რომ უროთი მკვლელობა „ვაგნერის“ ერთგვარი საფირმო ნიშანია.
„ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური შეიარაღებული ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება არც რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე და არც იურიდიულ პირთა რეესტრში, მაგრამ მისი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ ომებში უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.
„ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპონსორია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც გაზაფხულზე, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის მიერ რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, დაიწყო რუსი პატიმრების გადაბირება „ვაგნერის“ რიგებში და მათი გაგზავნა უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე. მსჯავრდებულებს, რომლებიც თანახმა არიან მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში, ეუბნებიან, რომ ექვსი თვე უნდა დაჰყონ ომში. დახვრეტის მუქარით მათ ეკრძალებათ უკან დახევა და დანებება. ექვსი თვის შემდეგ ვინც ცოცხალი გადარჩება, შეიწყალებენ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, „ვაგნერმა“ 10 ათასიდან 20 ათასამდე პატიმარი გადაიბირა.
Gulagu.net ცხელი ხაზი, 14 ნოემბერი: „თვითმფრინავი, რომელშიც 150-ზე მეტი გადაბირებული მსჯავრდებული იყო, დილით აფრინდა კალინინგრადიდან. პრიგოჟინელები კალინინგრადში ჩავიდნენ ნოემბრის დასაწყისში და მოინახულეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის არაერთი კოლონია, მათ შორის, ИК-8. პატიმრებს ჩამორთმეული აქვთ გაუთქმელობის პირობა“.
Gulagu.net ცხელი ხაზი, 14 ნოემბერი: 14/11/2022, „ვაგნერი ირკუტსკში. დილიდანვე, გენერალ-მაიორ ლეონიდ საგალაკოვის დავალებით, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი დირექტორატის ოპერმუშაკები ირკუტსკის რეგიონში, კონტრდაზვერვის ოფიცრებთან ერთად, უზრუნველყოფენ „ვაგნერის“ ჯგუფების სტუმრობას ირკუტსკსა და ანგარსკში მკაცრი და სპეციალური რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიებში“.
ასეთი შინაარსის ცნობებს, რომლებშიც კერძო სამხედრო კომპანიის მიერ პატიმრების გადაბირების დეტალებია აღწერილი, Gulagu.net ყოველდღე აქვეყნებს.