2 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა 30 არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ. ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაზე უარის თქმა გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ: "მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება", - აღნიშნულია 1 მაისს გავრცელებულ დოკუმენტში. ლიკა საჯაია განმარტავს, რომ არასამთავრობოების მოთხოვნის შესრულება კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულება არ არის, თუმცა, თვლის, რომ მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს 30 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთიანი პოზიცია.