ლექსო ვაჩაძე, ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. ის 13 აპრილს იერუსალიმიდან ჩაერთო რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. ლექსო ვაჩაძე ყვება, რომ ისრაელში, სადაც უკვე COVID-19-ის 11 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა და 113 ადამიანია გარდაცვლილი, დაავადების გართულებების გარეშე მიმდინარეობის შემთხვევაში პაციენტები სახლში რჩებიან და მას დისტანციურად მართავს ექიმი:
“გართულებებში ვგულისხმობ სუნთქვის უკმარისობას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც არც ერთ პაციენტს არ გამოეპარება. სანამ პაციენტი გახდება ღრმად სიმპტომური და ღრმად პრობლემატური, მას მართავენ სახლში, ოჯახის პირობებში”.
ლექსო ვაჩაძესთან ინტერვიუს უდიდესი ნაწილი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბარს დაეთო. ექიმი ფიქრობს, რომ საქართველო დღეს იმკის თავისი ეპიდემიოლოგების კარგი მუშაობის შედეგს. ამასთან, ხაზს უსვამს იმას, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა არ აცდეს ზღვარს, რომელიც სცდება ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის რესურსს. ეს ზღვარი გადალახა ბევრმა განვითარებულმა და ძლიერი სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყანამ: შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, სამხრეთმა კორეამ, ავსტრალიამ და ა.შ.. როგორც ლექსო ვაჩაძე ამბობს, არც ისრაელია შორს ამ ეტაპისგან.
„დილის საუბრების“ სტუმრის განმარტებით, დაცვის საშუალებები ყველგან უნივერსალურია და მცდარია იმ ადამიანების მოლოდინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ მიზეზით შეიკრიბონ და ეს შეკრება არაფერი „დაუჯდეთ“. ერთი საკითხია ის, რომ რელიგიური შეკრებების მიმართ მთავრობა საქართველოში ლოიალურობას იჩენს, მეორე კი ის, რომ ამგვარი ქცევა რეალურად მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების მასშტაბს:
“ყველა უნდა დარჩეს სახლში, არ უნდა შევიკრიბოთ, უნდა მივმართოთ ხელების კარგ ჰიგიენას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი, თუ ეს აუცილებელი არ არის, გარეთ გასვლას.
ადამიანებს აქვთ იმედი, რომ მათი შეკრება არ შეუწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას. ეგრე რომ იყოს, მაშინ ეს ვირუსი პანდემიური არ იქნებოდა. ის საკმაოდ გადამდებია იმისთვის, რომ ასეთი იმედები გაგვიცრუოს.
იგივე პრობლემები გვქონდა აქაც, ისრაელში და აი, გუშინ ვიყავი გასული ქალაქში და ჯარისკაცები დგანან რელიგიური უბნების შესასვლელებში და არავის აძლევენ გადაადგილების უფლებას. ეს დასარეგულირებელია და ამაზე ლაპარაკი და კამათი ზედმეტია“.
ლექსო ვაჩაძე ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და დისკუსიას, მათ შორის საქართველოში წარმოებული პირბადეების ვარგისიანობის შესახებაც:
„რა თქმა უნდა, საავადმყოფოში სხვა დაცვა გვაქვს, ანტივირუსული სპეციალური ნიღბები გვაქვს, რომლითაც ვეკონტაქტებით პაციენტებს, ვისაც აქვს დადასტურებული კოვიდ-ინფექცია, ან მაღალი რისკია, რომ ინფიცირებული იყოს. ეს არ არის ის ნიღაბი, რომელიც ადამიანს სჭირდება ჩვეულებრივ, მაღაზიაში გასვლის დროს ან სამსახურში წასვლისას. ამას იყენებენ მხოლოდ ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებში.
მთელ მსოფლიოშია ნიღბების პრობლემა. ჩინეთისგან ყიდულობენ ყველანი.
ისრაელს არ აქვს პირბადეების წარმოება. ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ დაიწყო მთლიანი კომპლექტების წარმოება ექიმებისთვის და ფეისბუკზე დავდე ჩემი მეგობრებისთვის. დადებული არ მქონდა, 15 წუთში ჩემმა მეგობარმა აქ, ისრაელში, მთხოვა დამაკავშირე ამ ხალხთან, იქნებ, ექსპორტზე გავიდნენ და აქ მოგვყიდონ ეს კომპლექტებიო.
ეგ ნიღბები იმ ფონზე, როცა მსოფლიოში საკმარისი ნიღბები სამედიცინო პერსონალსაც კი არ გვაქვს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არის სრულიად საკმარისი.
12 ფენა დოლბანდი არის ქირურგიული და საოპერაციო სტანდარტი. ეს არ არის საჭირო ადამიანებისთვის, რომლებიც არიან გარეთ, ქუჩაში. მათ ძირითადად უნდა აიცილონ ჰაერში შეკიდული ნაწილაკები.
არის ასეთი ორგანიზაცია CDC [ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი], სადაც მედიცინა ძალიან კარგად იციან და მათ საიტზე გამოქვეყნდა მშვენიერი სტატია. ინგლისურის ცოდნაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ გაიგო რა წერია იქ. იმის გათვალისწინებით რომ ნიღბები მთელ მსოფლიოში არ იშოვნება, ის მოუწოდებს ადამიანებს, რომ ბამბის მაისურიდან გამოჭრან და შეკერონ ის და სთავაზობს ინსტრუქციას.
CDC-მ იცის მეტი მედიცინა, ვიდრე ჩვენმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ექიმმა პოლიტიკოსებმა, მითუმეტეს სხვა ფართო საზოგადოებამ“.
რაც დრო გადის და COVID-19-ის გავრცელება იზრდება, იმატებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობა. დღეს საქართველოში მიმდინარეობს ოჯახის ექიმების გადამზადება იმისთვის, რომ მათ შეძლონ პაციენტების დისტანციურად მომსახურება: მისი ახალი კორონავირუსით ინფიცირების ალბათობის განსაზღვრა, ინფიცირებისა და უსიმპტომობის/მსუბუქი სიმპტომატიკის შემთხვევაში დაავადების მართვა და საჭიროების მომენტის განსაზღვრა, როცა პირის კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია:
„არაერთმა ჩემმა კოლეგამ, ვინც უცხოეთიდან ქართულ მედიაში ილაპარაკა, მიუთითა, რომ ძირითადი პრობლემა ამ ვირუსის არის ის, რომ უამრავი ადამიანია, ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და უნდა მოხდეს მათი მართვა სახლში და ამას აკეთებს ოჯახის ექიმი - პირველადი რგოლი, რაც არის სამედიცინო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქვაკუთხედი.
როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საკითხებზე, რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ კოვიდპანდემიის პერიოდში, დაწყებული პოლიტიკურიდან, მიდის მსჯელობა იმაზეც, რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ, მე ვიტყოდი, რომ ოჯახის ექიმის რგოლის და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მატრიცის შედგენა შეიძლება გამოდგეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სარგებელი, რომელსაც ჩვენ ვნახავთ ამ კოვიდინფექციის დროს, რაზეც საუბარი ხელისუფლებამ უკვე დაიწყო. დაწყებულია ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ არ ვიცით, რა რაოდენობის ექიმები გვყავს. შეიძლება, რაღაც სპეციალურ საიტზე არის ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სტრუქტურა, რომელსაც მოქალაქე არ იცნობს.
ოჯახის ექიმი არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი და პირველი შეხება, თუ რამე ტრავმული და რამე სპეციფიკური მდგომარეობა არ არის, პაციენტისა და ჯანდაცვის სისტემის უნდა ხდებოდეს ძირითადად ამ დონეზე. ესენი არიან ფართო განათლების პეციალისტები. ისინი სრულად ექიმები არიან. როგორც ერთი ავსტრალიელი მეცნიერი წერს, არიან სისტემის ჯანსაღად მოქმედების გარანტორები.
ამ რგოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლურ, განვითარებულ მედიცინაში, სადაც დიდი როლი აქვს ჯანდაცვის კერძო დაზღვევებს“.
ლექსო ვაჩაძე რადიო თავისუფლების ეთერში ხსნის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სისტემურობას და პირველადი ჯანდაცვის რგოლს. ამისთვის მას ველოსიპედის მაგალითი მოჰყავს და ფიქრობს, რომ საქართველოში ველოსიპედის კარგი ნაწილები არსებობს და სისტემის აწყობაც შესაძლებელია:
„ჩვენ შეიძლება გვქონდეს მეორეული და მესამეული ცენტრები, ულტრათანამედროვე რობოტებით (ტექნოლოგიების მოწინააღმდეგე ნამდვილად არ ვარ. ძალიან გვიყვარს ძვირფასი „სათამაშოები“, მაგრამ მნიშვნელოვანია ვინ მოდის მეორეულ და მესამეულ ცენტრებში), მაგრამ იმისთვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს, მას უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის. არის პატარა ჩანასახები, რამდენიმე კლინიკას და სადაზღვევოს აქვთ ასეთი სისტემები, მაგრამ ეს უნდა გახდეს გენერალიზებული, უნივერსალური მთელი საქართველოს მასშტაბით. მცირე კუნძულები ვერ იმუშავებს.
საქართველოში შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემის ისე აწყობა, რომ პირველადი რგოლი თავის საქმეს აკეთებდეს და მერე ურთიერთობდეს მეორე და მესამე რგოლებთან. არის კიდევ მეოთხე რგოლი, სადაც ისეთი მედიცინა კეთდება, ეს უკვე მეცნიერებას და უახლეს ტექნოლოგიებს ეხება. ამის ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს.
ეს არის ველოსიპედის მექანიზმივით: ერთი რგოლი მეორეს, მეორე მესამეს და მესამე პირველს - ყველა ერთმანეთს აზღვევს და აქედან გამომდინარე ხდება შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. ანუ, მე რომ მომდის პაციენტი ოჯახის ექიმისგან, რომელმაც ვეღარ შეძლო კონკრეტული მდგომარეობის მართვა, ამ პაციენტს თან მოჰყვება თავისი ისტორია, თავისი ჩანაწერები ოჯახის ექიმთან, რომელიც ხშირად წლებს მოიცავს. ეს ფასდაუდებელი ინფორმაციაა. მერე მე ვურეკავ ოჯახის ექიმს, გავდივარ მასთან კონსულტაციას, სად იყო ძირითადი სირთულე ამ პაციენტთან. მერე მასთან და მესამე რგოლთან ერთად ვწყვეტ, გავიყვანოთ მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუ მას სჭირდება ოპერაციული ჩარევა და ამ დროს იწყებს მუშაობას სისტემა, რომელიც პაციენტების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
დღეს რომ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოიგოს საქართველომ კოვიდინფექციის პანდემიის შემდეგ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვარიანტებთან ერთად, რომლებიც განიხილება საკმაოდ ჭკვიანი ადამიანების მიერ, აუცილებელია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელახლა ავაწყოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, რასაც ეს სისტემურობა ნამდვილად აკლია“.
იერუსალიმში, ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკის ქართველი ექიმი კვლავ იმ ქვეყნების შესახებ ლაპარაკობს, სადაც ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობების თავიდან აცილება და სადაც ეს შეუძლებელ ტვირთად დააწვა ჰოსპიტალურ სისტემებს:
„ჯერ კიდევ ჩინეთი იყო იმის მაგალითი, რომ ამ პანდემიის დროს მთავარი პრობლემა არის პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც მოდის მწვავე სუნთქვითი უკმარისობით, რომელსაც სახლში ვერ გააბრუნებ. ეს ოდენობა ცუნამივით დაატყდა ყველა ჯანდაცვის სისტემას.
ყველა ამბობს იმას, რომ მათი სისტემები არ იყო ამისთვის მზად. ყველაზე კარგი, რაც ახლავს ჯანდაცვის სისტემურ ფორმაში მოქცევას, არის ის, რომ იქ გყავს სადაზღვევო კომპანიები, იქ გყავს სხვადასხვა სტრუქტურები, რომლებიც ახდენენ რუტინულ, ყოველწლიურ, ყოველთვიურ და ა.შ. შემოწმებას ჯანდაცვის სისტემის მზაობის და ისე არ არის, რომ ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ თავი მღელვარე ოკეანეში მოტაატეებმა და არიქა, დავფაცურდით, გავარკვიოთ რამდენი საწოლი გვაქვს და ა.შ.“.
აქვე ლექსო ვაჩაძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმს:
„ბატონმა ამირან გამყრელიძემ ჯერ კიდევ ადრე, სანამ იწყებოდა საქართველოში კოვიდის შემოდინება და შეკავების ფაზა სანამ იწყებოდა, დაასახელა ციფრები (თავდაპირველად საუნივერსიტეტო, სახელმწიფო კლინიკების) რამდენი საწოლი აქვთ. შემდეგ ბატონმა ცერცვაძემ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკება კერძო კლინიკებთან და საწოლების საერთო რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმი ზუსტად იმაშია, რომ მათ იცოდნენ რა შესაძლებლობები ჰქონდა საქართველოს ამ შემთხვევაში და მათ მოარგეს ეს სისტემას. მოარგეს ამ რეალობას ის, თუ როგორ უნდა ემოქმედა ეპიდემიოლოგიას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.
COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რესურსი ლიმიტირებულია, არც ექიმების თავდადება ეყოფა დაავადებულების ჭარბ ნაკადთან გამკლავებას და სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ამ ეტაპზე შემზღუდავი წესების დაცვა ყველას მიერ. ლექსო ვაჩაძეს ქართველი ექიმების პროფესიონალიზმსა და თავდადებაში ეჭვი არ ეპარება, სხვა გამოწვევასაც ხედავს:
„თავის პროფესიონალიზმს კარგ ადამიანობას დაურთავენ და არავინ არავის მიატოვებს. ისინი იქნებიან პაციენტების გვერდით, მაგრამ ამას აგრეთვე სჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. რამდენ ხანს გავძლებთ?.. მაგიტომ გვაქვს ეს ცხარე რეაქციებიც კანონდარღვევებზე. როგორმე უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, რომ მერე არ გამოვცადოთ ის სტრუქტურა, რომლის გამოცდაც არავის უნდა“.
როგორც ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს, რომ კოვიდპანდემიის დროს ადამიანების ნაწილი გამოთავისუფლებულ დროს ახალი იდეების დამუშავებასა და ახალი გეგმების დასახვას მოახმარს, ლექსო ვაჩაძეც თვლის, რომ COVID-19 შეიძლება იქცეს ბიძგად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის აწყობისთვის:
„როგორც იქნა, საქართველოში მედიცინა და სამედიცინო სტრუქტურა მოექცა არა მარტო მასში მომუშავე პროფესიონალების, არამედ ზოგადად მთელი ქვეყნის ინტერესის ფოკუსში და ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას გამართული სამედიცინო სისტემა. დღეს სამედიცინო სისტემას, უფრო მეტად სჭირდება სისტემურობა, მატრიცის შექმნა და კარგი ნაწილებისგან, რომლებიც გვაქვს, ველოსიპედის აწყობა, ვიდრე ძვირადღირებული რობოტების ყიდვა. ამასაც მოვასწრებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროფესიონალები არ გვაკლია. გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები და განსაკუთრებით მენეჯერული თვისებების მქონე არაერთი პროფესიონალი საქართველოში, რომელიც გადასარევად დაალაგებს ამ სისტემას. სხვებს ულაგებენ და წარმოიდგინეთ ჩვენ როგორ დაგვილაგებენ. საჭიროა უბრალოდ კეთილი ნება, რომ სისტემა აეწყოს და მერე ის უკვე თვითონ მოიტანს შედეგს. როცა ყველა სტრუქტურა ერთმანეთს აზღვევს, პაციენტიც დაზღვეულია“.