რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ქართული ხალხური პოეზიის შედევრზე, ბალადაზე „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, რომელიც პირველად დავით ხიზანიშვილმა ჩაიწერა 1887 წელს, ხოლო სრულად – ვახტანგ კოტეტიშვილმა 1927 წელს.
ბალადა ორი ნაწილისგან შედგება, პირველში ნადირობა და სასიკვდილო შეტაკებაა, მეორეში – დედის დატირება და მტრის დედის ძიება. როგორც აგამემნონმა მოკლა არტემისის ღვთიური ირემი, ისე პირშიშველმა ყმამ მოკლა ღვთაებრივი ბერხენი ჯიხვი, რამაც საბოლოოდ ვეფხვთან დაპირისპირება გამოიწვია.
ვისი შვილია ადამიანი – დედისა თუ ბუნებისა, რატომ იბრძვიან „ხთის“ თვალებიანი ვეფხი და „არაჭკვიანი“ მოყმე და რატომ მიუწევს შვილმკვდარ დედას გული ვეფხის დედისკენ, რატომაა ვაჟკაცობა მშვიდობაზე მნიშვნელოვანი... – ამაზე ვისაუბრებთ გადაცემაში.