Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"„ტრიუკი“ შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი გათვლილი იყოს უშედეგობაზე"


ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი
ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი

ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივას მყისიერი შეფასებები მოჰყვა. დაიწყო მსჯელობა იმაზე, რა შესაძლებლობას ქმნის სრულად პროპორციული და ნულოვანი ბარიერის შემოთავაზება და რა რისკები ახლავს მას. კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ერთ-ერთ მოსალოდნელ გამოწვევად შეიძლება იქცეს ფართო კონსენსუსის მიღწევა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების საკანონმდებლო დონეზე განხორციელებისთვის:

„შესაბამისად, მივალთ იმ სიტუაციამდე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ახლაა განსაზღვრული. ამიტომ, „ტრიუკი“ შეიძლება სწორედ იმაში მდგომარეობდეს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი გათვლილი იყოს უშედეგობაზე - ჩვენ შემოგთავაზეთ, თქვენ არ მიიღეთ და ჩვენ რაღას გვერჩით?“.

კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, ეს ცვლილება 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების პირობებში რომ განხორციელებულიყო, დღეს სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა:

„შეიძლება, ამდენი დასახიჩრებული ადამიანი არ გვყოლოდა, არ ყოფილიყო საპროტესტო აქციები და ეს პრობლემები არ შეგვქმნოდა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ანტიოკუპაციური პროტესტი. ეს რომ ჩაწერილიყო იმ პერიოდისთვის კონსტიტუციაში, დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნებოდა არა იმის განწყობა, რომ ყველა ყოფილიყო ერთის - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ყველას ექნებოდა განწყობა, რომ მათ თავისით უნდა მოახდინონ 2020 წლის არჩევნებში წარდგენა საკუთარი პლატფორმების“.

ლევან ბოძაშვილი დღევანდელი შედეგის დადგომაში ამერიკელი პარტნიორების წვლილზეც ლაპარაკობს:

„მინდა ხაზი გავუსვა და დადებითად შევაფასო ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა. მათ საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაწიეს, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“.

სრულად პროპორციული და ნულოვანი ბარიერის პირობებში ლევან ბოძაშვილი ხედავს პოლიტიკური ველის გახსნის პერსპექტივას

„გაიხსნება პოლიტიკური ველი, რომელიც ჩაკეტილია როგორც ხელისუფლების ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოება დაღლილია ერთი და იგივე სახეების ყურებით“.

რაც შეეხება ნეგატიურ მოლოდინს, „დილის საუბრების“ სტუმრის შეფასებით დიდია ალბათობა 2020 წლის არჩევნების შედეგად მივიღოთ არაეფექტიანი პარლამენტი და იხსენებს 1992 წლის პარლამენტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დაბალი - 2%-იანი ბარიერის პირობებში იყო არჩეული:

„ბევრი ადამიანი თუ გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს შექმნის ძალიან ჭრელ სიტუაციას ოპოზიციური თვალსაზრისით პირველ რიგში. დღევანდელი კონსტიტუციური მოდელიდან გამომდინარე, თუ ერთ პარტიას არ ექნა უმრავლესობა, ბუნებრივია, მოხდება კოალიციური მთავრობის შექმნა, იქნება პოლიტიკური ვაჭრობისა და კომპრომისების საშუალება.

თუმცა პარლამენტის ეფექტიანობას საპარლამენტო რესპუბლიკაში გარკვეულწილად ამცირებს ის, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტი, პოლიტიკური პარტიები დღეს არ არიან ისეთ დონეზე განვითარებული, რომ პოლიტიკის წარმოების კულტურა იყოს მომართული საზოგადოების და ქვეყნის ინტერესზე“.

ლევან ბოძაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად ასახელებს ხელისუფლების მონოპოლიზაციას:

„არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიოში, როცა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლება არის ერთი კონკრეტული პარტიის ხელში, რაც წარმოშობს პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა არ ჭამდეს ამ პარტიას. ყოველთვის ასე ხდება“.

ერთი საკითხია მმართველი პარტიის ლიდერის შემოთავაზება, მეორე კი მისი განხორციელება საკანონმდებლო დონეზე:

„ჩვენ დღეს კარგად არ ვიცით, რაზეა საუბარი: იქნება ეს ბლოკებთან ერთად შემოთავაზება, თუ სხვა ფორმულირებით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციაში ერთი წინადადების შეცვლით ყველაფერი არ დასრულდება. ამას მოჰყვება ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის - საარჩევნო კოდექსში“.

კონსტიტუციონალისტი წინ დიდ სამუშაოს ხედავს და ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს პარლამენტის დაბალეფექტიანობის კანონმდებლობით დაზღვევას. ლევან ბოძაშვილი ლაპარაკობს სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვების სირთულეზეც:

„თუ ვნახავთ, რომ მაჟორიტარები და ოპოზიცია ამის წინააღმდეგი იქნებიან, ვერ გავა ეს ცვლილებები. თუ იქნება ფართო კონსენსუსი, ეს განხორციელდება“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG