Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძირითადი ფოკუსი იქნება უკვე არსებულ პირველად წარმოებაზე ან გადამუშავებაზე"


ლაშა ავალიანი, პროექტის - "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ტექნიკური დირექტორი
ლაშა ავალიანი, პროექტის - "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ტექნიკური დირექტორი

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აფინანსებს ხუთწლიან პროექტს - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოხმარდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის წარმოებაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.

პროექტის პარტნიორები არიან: აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, Land O’Lakes International Development-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ტექნიკური დირექტორი, ლაშა ავალიანი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ პროექტის მიზანია მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის წარმოებაში ჩართული საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების გაძლიერება. ის ყვება პროექტის სპეციფიკაზე:

„დონორის სურვილით, ძირითადი ფოკუსი იქნება უკვე არსებულ პირველად წარმოებაზე ან გადამუშავებაზე და მისი ხელშეწყობა მოხდება. ანუ, ისეთი საწარმოები, ისეთი ფერმები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება ცხოველების შენახვის ან ცხოველური წარმოების პროდუქტის გადამუშავების და სჭირდებათ ტექნიკური დახმარება, ცოდნის გაძლიერება, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, პროდუქციის ზრდა და რეალიზაციაში ხელშეწყობა“.

ლაშა ავალიანის თქმით, შესამჩნევია საშუალო საწარმოების ზრდის ტენდენცია და იმედი აქვს, რომ ისინი დაინტერესდებიან პროექტში მონაწილეობით:

„პროექტი არ არის გამიზნული თანხობრივ დახმარებაზე. თანხა არ არის იმ ოდენობის, რომ შევძლოთ ფერმებისა და საწარმოების აშენება. ეს იქნება დახმარება ცოდნით, რაშიც გვეხმარება მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანია Land O’Lakes-ი და ჩვენი ადგილობრივი პარტნიორი - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს საქართველოში მესაქონლეობის გამოწვევებსა და მიზეზებზე: რატომ არის, მაგალითად, საქართველოში პირველადი რძე უფრო ძვირი, ვიდრე ეს ევროკავშირის ბაზარზეა:

„პროექტიც იმაზეა ორიენტირებული, რომ პირველადი დანახარჯების, ანუ წარმოების დანახარჯები შემცირდეს, საქონელი უფრო პროდუქტიული იყოს, აგრეთვე შეიცვალოს ფერმის პრაქტიკა და უფრო პროდუქტიულ პრაქტიკაზე გადავიდნენ მესაქონლეები“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG