კრემლი გხედავთ! - როგორ გააფართოვა რუსეთმა ვიდეოთვალთვალის სისტემა
2020 წელს რუსეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა საკუთარ ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერების რაოდენობით. ხელისუფლებამ სახის ამომცნობი პროგრამების შეძენაზე მილიონობით დოლარი დახარჯა, მოსკოვში კი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სათვალთვალო სისტემა აამოქმედა.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამით საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გააძლიერებს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება, უფლებადამცველები კი შეშფოთებას გამოთქვამენ შესაბამისი რეგულაციების არარსებობისა და მონაცემთა პრივატულობის შესაძლო დარღვევის გამო.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო
TelecomDaily-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, 2020 წელს რუსეთის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების რაოდენობა 13 მილიონს აღემატებოდა. ამაზე მეტი კამერა მხოლოდ ჩინეთსა (200 მილიონი) და აშშ-შია (50 მილიონი) რეგისტრირებული. რუსეთი, ასევე, მესამეა 1000 მოსახლეზე კამერების რაოდენობითაც.
სათვალთვალო კამერების რაოდენობა
1000 მოსახლეზე
(5 წამყვანი ქვეყანა)
კვლევის თანახმად, რუსეთში არსებული კამერების ნახევარზე მეტი (თითქმის 8 მილიონი) კომერციული ორგანიზაციების მიერაა დამონტაჟებული. დაახლოებით, ერთი მესამედი (თითქმის 4.5 მილიონი) სკოლებში, საავადმყოფოებსა და საჯარო უწყებებში ფუნქციონირებს. მათი დამონტაჟება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. დანარჩენი კამერები (დაახლოებით, 1.1 მილიონი) კერძო პირებმა დააყენეს.
ვინ ამონტაჟებს კამერებს რუსეთში?
(პროცენტული წილის მიხედვით)
წინა კვლევებიდან (მაგ. CompariTech და PreciseSecurity.com) ვიგებთ, რომ რუსეთს არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია მის ყველა ქალაქში არსებული კამერების შესახებ. ამის გათვალისწინებით, შედარებების გაკეთება უფრო რთულია. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ მხოლოდ 2019 წელს მოსკოვში 193 ათასი, სანქტ-პეტერბურგში კი 55 ათასი კამერა დამონტაჟდა. ორივე ქალაქი მსოფლიოში ყველაზე “დაცული” ქალაქების 50-ეულში შედის: მოსკოვში 1000 ადამიანზე 15.4 კამერა (29-ე ადგილი), სანქტ-პეტერბუგრში კი 10.1 კამერა (37-ე ადგილი) მოდის.
უსაფრთხოების კამერების რაოდენობა კვადრატულ კილომეტრზე სხვადასხვა ქალაქში
რისთვის იყენებენ სათვალთვალო კამერებს?
ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებას სჯერა, რომ უსაფრთხოების კამერები ამცირებს დანაშაულის დონეს, აძლიერებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და აგვარებს ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუმცა საპირწონედ ჩნდება კითხვები საჯარო სივრცეში ადამიანების პრივატულობასთან დაკავშირებით. გაურკვეველია ისიც, ამუშავებენ თუ არა კამერებით მოპოვებულ მონაცემებს უსაფრთხოდ.
კორონავირუსის პანდემიამ ახალი კითხვები გააჩინა - რამდენიმე ქვეყანამ სათვალთვალო ტექნოლოგიები გამოიყენა საიმისოდ, რომ კარანტინში მყოფი ადამიანების სახლში ყოფნა გაეკონტროლებინა. მაგალითად, ჰონგ კონგში ადამიანები აიძულეს ეტარებინათ სპეციალური საკარანტინე სამაჯურები, სამხრეთ კორეაში კი კოვიდპაციენტების გადაადგილების გასაკონტროლებლად იყენებდნენ მათი ტელეფონების მონაცემებს ადგილმდებარეობის შესახებ.
2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი ტესტირების შემდეგ, რუსეთმა სახის ამომცნობი სისტემა აამოქმედა. მოსკოვში 100 ათასზე მეტი კამერა ამ ტექნოლოგიით აღიჭურვა. შესაბამისად, პანდემიის დასაწყისშივე რუსეთში მოქმედებდა სისტემა, რომელიც ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას გაეკონტროლებინა, იცავდნენ თუ არა ადამიანები საკარანტინე წესებს. სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, კამერები წესების დამრღვევებს მაშინაც კი აფიქსირებდნენ, როდესაც ისინი სახლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გადიოდნენ.
როგორ მუშაობს სახის ამოცნობის სისტემა?
რამდენი იხარჯება კამერებზე?
2019 წელს მოსკოვში სახის ამომცნობ ტექნოლოგიებზე 53 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
MBH მედიას უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მოსკოვის მერიის სამსახურმა კიდევ 35 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით, 19 მილიონი) მოსკოვის მეტროზე გადანაწილდა. დანარჩენი თანხა დაიხარჯა ტრამვაებსა და ავტობუსებში სახის ამომცნობი სისტემების დაყენებაზე, მონაცემთა შენახვასა და მათ გაკონტროლებაზე.
კიდევ რას აპირებს რუსეთი?
2020 წლის ივნისში რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა სახის ამომცნობ სისტემასთან, მეტად სიმბოლური სახელწოდებით - “Orwell” [ჯორჯ ორუელი, დისტოპიური რომანის, “1984-ის”, ავტორი]. სისტემა ქვეყნის ყველა (43 ათასზე მეტ) სკოლაში დამონტაჟდება. ხელისუფლების მტკიცებით, ეს ბავშვების გადაადგილების გასაკონტროლებლად და პოტენციური უცხო ვიზიტორების ვინაობის დასადგენად გაკეთდა.
სამი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახის ამომცნობი სისტემები სხვაგანაც დამონტაჟდება. მოსკოვის გარდა, სახის ამომცნობი კამერები საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებთან კიდევ ათ ქალაქში განთავსდება. ქალაქების ზუსტი ჩამონათვალი ცნობილი არ არის, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ, მაგალითად, ნიჟნი ნოვგოროდში, დაახლოებით, 3 000 კამერა დამონტაჟდება.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პოლიცია მუშაობს, ასევე, სისტემაზე, რომელიც ადამიანებს მათი ტატუების, თვალის ფერადი გარსის, ხმისა და სხეულის მოძრაობის მიხედვით ამოიცნობს. სიარულის ამომცნობ სისტემას პიროვნების იდენტიფიცირება 50 მეტრის მანძილზე შუძლია მაშინაც კი, როდესაც ადამიანი კამერას არ უყურებს. პიროვნების ამოსაცნობად სისტემა აანალიზებს სიარულის მანერას, ხელების მოძრაობას, ფეხის მოხრის კუთხეს და ითვლის ნაბიჯების სიგრძეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი მოტყუება მარტივი არაა.
რას აკვირდება სიარულის ამომცნობი სისტემა
ყველა სათვალთვალო ტექნოლოგია მონაცემთა ბაზებს ეყრდნობა. ამიტომაც რუსეთს სურს შექმნას მონაცემთა ერთიანი ბაზა, სადაც შეიყვანს თითის ანაბეჭდებს, სახის გამოსახულებებს და სხვა ბიომეტრიულ მონაცემებს. მონაცემთა ბაზა შეაგროვებს ინფორმაციას როგორც რუსეთის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე. მისი განვითარება მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება.
რას ფიქრობენ რუსები ვიდეოთვალთვალის შესახებ
მას შემდეგ, რაც მოსკოვში სახის ამომცნობი სისტემა ამუშავდა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მონაცემთა გაჟონვის შესახებ. მაგალითად, ციფრულ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “როსკომსვაბოდამ” დოკუმენტურად აღწერა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსკოვში მცხოვრები ადამიანების პირადი მონაცემები ინტერნეტში გასაყიდად იყო გამოტანილი. ორგანიზაციის ცნობით, მოხალისე ანა კუზნეცოვამ მოიპოვა მონაცემები მოსკოვის 79 სათვალთვალო კამერიდან, მათ შორის საკუთარი პირადი ინფორმაციაც. კუზნეცოვამ მოსკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიის დეპარტამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მოსკოველებს განსხვავებული აზრები აქვთ სათვალთვალო კამერების შესახებ. დაახლოებით, 47 პროცენტს შედარებით პოზიტიური განწყობა აქვს. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ კამერები კრიმინალთან ბრძოლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული. შედარებით ნეგატიური განცდები მოსკოველთა 42 %-ს აქვს. ისინი ღელავენ, რომ სისტემამ შეიძლება მათი თავისუფლება შეზღუდოს. ზოგი რესპონდენტი იმასაც ფიქრობს, რომ კამერები საერთოდ არაა საჭირო და მათ შესაძენად დახარჯული ფული ტყუილადაა გაფლანგული.
რას ფიქრობენ მოსკოველები სათვალთვალო კამერების შესახებ?
პროცენტების მიხედვით
უსაფრთხო თუ სახიფათო?
გლობალური პანდემიის დროს სახის ამომცნობი სისტემების გამოყენება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუმცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საჭიროა შესაბამისი რეგულაციები შემუშავდეს. დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ზომები მხოლოდ და მხოლოდ დროებითი და არსებული ვითარების პროპორციულია. ამასთან, მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგიები არ ემსახურებოდეს ბოროტ მიზნებს.
მაგალითად, რუსეთის, ბელარუსის და სხვა რეპრესიული ქვეყნების მმართველებმა შესაძლოა ეს ტექნოლოგიები ანტისახელისუფლებო პროტესტში მონაწილე ადამიანების ამოსაცნობად გამოიყენონ. Human Rights Watch და Amnesty International რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესებაზე მიუთითებენ. საკითხავი ისაა, პანდემიის დასრულების შემდეგ იპოვის კი რუსეთი ბალანსს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანების პრივატულობის დაცვას შორის?