Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კლანმა" მოსამართლეთა ვაკანსიები სრულად ვერ შეავსო


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 მაისს, კენჭისყრის შედეგებით სრულად ვერ შეავსო მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობები. 43 თანამდებობიდან 11 კვლავ ვაკანტური დარჩა. თანამდებობებზე გამწესდა მხოლოდ 32 მოსამართლე, მათგან 29 უვადოდ, 3 კი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.

მოსამართლეთა კონკურსში გასაუბრება სულ 78-მა კანდიდატმა გაიარა, თუმცა კანდიდატების შეფასების სტანდარტული კრიტერიუმები 72-მა დააკმაყოფილა. მათგან კენჭისყრის წინ კანდიდატურა სამმა მოსამართლემ მოხსნა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი სულ 69 კანდიდატს უყარა. კენჭისყრის პროცედურა, კანონის მიხედვით, ფარული იყო და აქედან გამომდინარე, ბუნდოვანი დარჩა, რა პრინციპებითა და მოსაზრებებით იხელმძღვანელეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების შერჩევისას.

გია გვილავა
გია გვილავა

„როცა კენჭისყრა ფარულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა კი კლანის ხელშია, კენჭისყრის პროცესი ფორმალობაა“, -ასე ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი გია გვილავა. იგი მიიჩნევს, რომ უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა, რაც კლანს თავისუფალი მოქმედებისა და წინასწარ შეთანხმებული გარიგებების დადების შესაძლებლობას აძლევს. ასე არ ფიქრობენ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. ისინი არ იზიარებენ საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და სამართლის სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლების კრიტიკას იმის შესახებაც, რომ მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი ხელოვნურად გაჭიანურდა.

გაჭიანურებული პროცესი

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი თითქმის 8 თვის განმავლობაში გაგრძელდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 2018 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო და ძირითად კანდიდატებთან გასაუბრებას წლის ბოლოსკენ დაამთავრა. საბჭომ, პროცესზე დამკვირვებელთა შეფასებით, დროის გასახანგრძლივებლად ერთი კანდიდატი დაიტოვა და მას გასაუბრება რამდენჯერმე გადაუდო.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ არაერთხელ განმარტა, კონკურსის გაჭიანურება ხელოვნური პროცესი არ ყოფილა და მას ობიექტური მიზეზები განაპირობებდა. მათ შორის კი, მისი შეფასებით, მთავარი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა:

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

კონკურსი როდესაც დაიწყო, საბჭოს ჰყავდა თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც დატოვა თანამდებობა. ამის შემდეგ გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა, რომელიც ობიექტურად იწვევდა კონკურსის გაჭიანურებას. და ეს არ იყო რაღაც ხელოვნური პროცესები. ამასთან ერთად, ზუსტად ის წევრები, რომლებიც საყვედურს გამოთქვამენ, რომ რატომ გაჭიანურდა პროცესი, მუდმივ რეჟიმში ცდილობდნენ ყველანაირი ხერხით შეეფერხებინათ კონკურსი“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ 24 მაისს და კონკურსის შეფერხების მცდელობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები დაადანაშაულა.

თავის მხრივ, საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ კონკურსი ემსახურებოდა კლანის წევრი მოსამართლეების ჭადრაკის დაფაზე დალაგებას. ამ მოსაზრებას ეთანხმება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, გია გვილავაც. იგი ამბობს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კონკურსის გაჭიანურება განპირობებული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების დადგენის პროცესით.

„სავარაუდოდ ეს მოხდა იმიტომ, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი აპირებს უზენაეს სასამართლოში გადანაცვლებას. შიდა პროცესები მიდიოდა და ლაგდებოდნენ კლანის წევრები, ვინ სად მოხვდებოდა, ვის სად უნდა დარჩენა და ვის სად გადასვლა. ამით იყო ნაკარნახევი ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, დალაგდა სიტუაცია პარლამენტშიც და ხელისუფლებასთანაც და ახლა უკვე იციან ცხადად, სად დანიშნოს ხალხი. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც გაიწელა ეს პროცესი“,- აღნიშნავს გია გვილავა. მისი დაკვირვებით, კონკურსის პროცესის შეჩერება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დროში დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ვითარება დაიძაბა და კლანისთვის ბუნდოვანი გახდა, შეძლებდა თუ არა თავის გადარჩენას და ექნებოდა თუ არა აზრი უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში მათი გვარების მოხვედრას. გია გვილავას აზრით, კონკურსის პროცესი გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კლანს მხარდაჭერა აქვს, როგორც პოლიტიკურად, ისე კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად.

ვინ მოხსნა კანდიდატურა კენჭისყრის წინ

რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრიც მონაწილეობდა. ესენი არიან იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე, მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია. მათგან გიორგი მიქაუტაძეს განაცხადი თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში ჰქონდა შეტანილი, ვასილ მშვენიერაძეს სააპელაციო სასამართლოში სურდა გადანაცვლება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლას აპირებდა ირაკლი ბონდარენკო, ხოლო რევაზ ნადარაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა სურდა.

ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარაიამ კენჭისყრის წინ კანდიდატურები მოხსნეს, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ ორიდან მხოლოდ ერთზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეობაზე განაცხადა პრეტენზია. ამ თანამდებობაზე საბჭომ იგი 11 ხმით დაამტკიცა. გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ მან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსშიც მიიღოს მონაწილეობა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ კენჭისყრის წინ კანდიდატურების მოხსნა კლანის ერთგვარ დათმობად შეაფასა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

” ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვიღაცეების გადასვლა უზენაეს სასამართლოში ასე მარტივი არ იქნება.“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კანდიდატის შეფასების სტანდარტული კრიტერიუმები

მოსამართლეობის კანდიდატები გასაუბრებაზე, საკანონმდებლო პროცედურების თანახმად, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ფასდებიან. ხდება ასევე ინფორმაციის მოძიება მათი პროფესიული რეპუტაციისა და საქმიანობის შესახებ. პროცედურები ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღია ნაწილი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება, რაზეც პრაქტიკაში 100-დან კანდიდატთა 35-40 პროცენტი უარს აცხადებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, გვანცა წულუკიძის განმარტებით, სხდომის ღიაობაზე ძირითადად ახალბედა კანდიდატები თანხმდებიან, მოქმედ და ყოფილი მოსამართლეები კი თავს იკავებენ და ხშირ შემთხვევაში მარტივ კითხვებზეც კი უჭირთ სწორი პასუხების გაცემა.

გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ შემდეგ ასეთ კონკურსანტებს უვადო მოსამართლეებად ნიშნავენ. მისივე განმარტებით, მოსამართლეთა გამწესების გადაწყვეტილების მიღება ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა პირადი შეხედულებებით ხდება:

გასაუბრებაზე გამოდიან სისტემის შიგნით არსებული ადამიანები, რომელთა შესახებაც მეტ-ნაკლებად საბჭოს უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი შეხედულება. ამიტომ ძალიან მარტივია იმის განჭვრეტა, ვის დაუჭერენ და არ დაუჭერენ მხარს. თუ მოსამართლეები ისეთები არიან, რომ პრობლემებზე საუბრობენ, მათ საბჭოს მიერ მხარდაჭერა არ აქვთ. მხარდაჭერა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე თავს უქნევენ, ყველაფერს ეთანხმებიან“, - გვითხრა გვანცა წულუკიძემ.

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

მოსამართლის გასამწესებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 10 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრაში საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა. მათ რიცხვში არ იყვნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე:„მე, როგორც საბჭოს წევრი, ვახორციელებ ჩემს უფლებამოსილებას და ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე შესაბამისი ქულებიც დავწერე. თუმცა ეს პროცესი იმდენად ფასადურია, რომ საბჭოს უმრავლესობას შეუძლია, დასაბუთების, ქულების მისადაგების გარეშე, საკუთარი კოლეგები გადაალაგოს სასამართლოს შიგნით თანამდებობეზე, როგორც სურს.ამის შესაძლებლობას იძლევა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის მოტივირებული, რომ სწორედ ამ „კლანს“ ჩაუგდოს ხელში საბოლოო ჯამში სასამართლო ძალაუფლება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება განმეორებითი კონკურსი მოსამართლეთა დარჩენილი ვაკანსიების დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG