Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ ვერ გაიგო საზოგადოებამ რა პრობლემაა დღეს სასამართლოში, მაშინ არც არაფერი ეშველება"


კახა წიქარიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე
კახა წიქარიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე

გასული კვირის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება 2018 წლის აგვისტოში გამოცხადებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების შესახებ. საბჭო იუწყება:

„კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლე, ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი იუსტიციის სკოლის მსმენელია. 29 მოსამართლე - უვადოდ, სამი კი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა“.

ამას გარდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განცხადებების მიღება. ვადა 31 მაისს იწურება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აქტიურად აკვირდება და ეხმიანება ორივე პროცესს. ბოლო განცხადება შეეხებოდა ერთ-ერთი მოსამართლის უვადოდ გამწესებას:

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი უარყოფითად აფასებს სააპელაციო სასამართლოში გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლის ნაირა გიგიტაშვილის უვადოდ გამწესებას. საზოგადოებას შევახსნებთ, რომ გირგვლიანის საქმე წარმოადგენს პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ერთ-ერთ მკაფიო მაგალითს, სადაც სასამართლომ ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული ფუნქცია და პირიქით მოქმედებდა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებულად რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. საბოლოო ჯამში ამან სახალხო პროტესტამდე და ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანა“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„საქმე ეხება სასამართლო სისტემის აშენებას. მე ორი მიმრთულებით ვაქტიურობ: „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ვარ და ჩემი ორგანიზაცია ყოველთვის იყო ამ ამბებში ჩაბმული და მეორე - ვარ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი და ეს ჯგუფი არის თანმიმდევრულად და რადიკალურად განწყობილი ამ საკითხის მიმართ. ჩვენი რადიკალიზმი რაში გამოიხატება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო სისტემა არ შენდება სწორად. შეიძლება ითქვას ის შენდება უკუღმა. ეს მოგვიტანს ძალიან ცუდ შედეგებს, როცა ამ შენებას დავასრულებთ - მივიღებთ უკუღმა აშენებულ სასამართლო სისტემას. ეს საზოგადოებას არ გამოადგება, არ გამოადგება პოლიტიკურ სპექტრს, გამოადგება სახელისუფლებო ძალას მხოლოდ მაშინ, როცა ის არის ხელისუფლებაში. როგორც კი აღარ იქნება ხელისუფლებაში, თვითონვე დაფიქრდება და მიხვდება რამხელა საშინელება გააკეთა“.

კახა წიქარიშვილი სასამართლო სისტემის შენების პროცესში უმთავრეს ფაქტორად მოსამართლეთა სწორად შერჩევას თვლის:

„სასამართლო სისტემა შენდება ადამიანებით. შეიძლება ითქვას, მოსამართლეები არიან სასამართლო სისტემის „აგურები“. თუ ეს ასეა და მომავლის სასამართლოს 30-40 წლიანი პერსეპქტივით ვაშენებთ, მაინტერესებს, რა ლოგიკას ემყარება გირგვლიანი საქმის განმხილველი მოსამართლის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში?“

ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს - დამნიშნავი მოსამართლეებს ეუბნება: ემსახურეთ ხელისუფლებას, ემსახურეთ პოლიტიკურ შეკვეთას, იყავით კონფორმისტები, იმოქმედეთ ისე, როგორც დაგავალებენ კონკრეტულ მომენტში და თქვენი კარიერა იქნება გარანტირებული“.

კახა წიქარიშვილი „დილის საუბრებში“ ყვება სასამართლო სისტემასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის წლების განმავლობაში მოქმედ არსებულ დახურულ საკომუნიკაციო სისტემაზე:

„თავის დროზე უნდა ყოფილიყო ეს სისტემა გაშიფრული, მხილებული და დანგრეული. ისევ შენარჩუნდა ეს არხები და მათი გამოყენება ყოველთვის არის შესაძლებელი. 2013 წელს წულუკიანს ვთხოვე შეექმნა კომისია, რომელიც შეისწავლიდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას. შემდეგ უნდა შექმნილიყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. ახლაც ვითხოვთ ამ კომისიას - იურისტებმა მოვამზადეთ პარლამენტის რეზოლუციის პროექტი და ვთხოვთ პარლამენტს - დასვას დიაგნოზი, რა დაავადება გვაქვს სასამართლოში? ამის შემდეგ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც იზრუნებს დაავადების აღმოფხვრასა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე. ამაზე ფართომასშტაბიანი დისკუსია ჯერ არ ყოფილა.

თუ ვერ გაიგო საზოგადოებამ რა პრობლემაა დღეს სასამართლოში, თუ საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა ეშველება ამ სასამართლოს, მაშინ არც არაფერი ეშველება. დაკვეთა უნდა წამოვიდეს საზოგადოებიდან, ეს დაკვეთა უნდა მივიდეს ხელისუფლებამდე და მან უნდა შეასრულოს ეს დაკვეთა. ჯერჯერობით ასეთი დაკვეთაც არ გვაქვს საზოგადოებისგან“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG