Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროკავშირი თავისი რბილი მიდგომით რუსეთის გეოპოლიტიკურ ზრახვებს ასუსტებს“


კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ბათუმში იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ათ წლისთავს ეძღვნება. მასში მონაწილეობენ პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი. მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო კონფერენციის პირველ ნაწილში, რომლის სახელწოდება იყო „საქართველო ახალი ათწლეულის მიჯნაზე“.

რა მოიტანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველმა ათწლეულმა ევროკავშირისა და მისი მონაწილე ქვეყნების: საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიისთვის? როგორ მუშაობს ევროკავშირის რბილი ძალა? ამ საკითხებზე „დილის საუბრებში“ ილაპარაკა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის ზოგადი მიზანი სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობაა:

„სტაბილურობა ფართო ცნებაა და მოიცავს ბევრ კომპონენტს. სწორედ ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, რომელიც პირველ რიგში ემსახურება სტაბილურობასა და მშვიდობას რეგიონში, მოიცავს თანამშრომლობის ძალიან ბევრ მიმართულებას იმ ექვს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის, ერთმანეთშიც. ხშირად ჰგონიათ, რომ ეს არის ამ ექვსი ქვეყნის თანამშრომლობა ევროკავშირთან. სინამდვილეში, 2009 წლის პრაღის დეკლარაციაში იყო ნათქვამი, რომ ერთ-ერთი მიზანი არის ასევე რეგიონის შიდა თანამშრომლობის და რეგიონის შიდა ურთიერთობების განვითარება“.

ამ პოლიტიკის ორმხრივი განზომილება სწორედ იმისთვის არის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობებში შესაძლებელი იყოს დიფერენციაცია:

“ორმხრივი განზომილებაა შემოტანილი სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნები, რომლებიც მეტ პროგრესს აჩვენებენ, მეტი ამბიცია, მეტი გაღრმავების პოტენციალი და სურვილი ექნებათ ევროკავშირთან, მიეცეთ ამის საშუალება ცალკე და რეგიონულმა კონტექსტმა, მრავალმხრივმა განზომილებამ არ შეაფერხოს ევროკავშირთან მათი ურთიერთობის გაღრმავება”.

რა არის ევროკავშირის ინტერესი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ურთიერთობაში?

„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას რომ დავაკვირდეთ, განსაკუთრებით რეგიონული მასშტაბით, ევროკავშირი ცდილობს თავისივე შიდა კონსტიტუციის, ღირებულებების გავრცელებას სამეზობლოში, რაც პრაგმატული ინტერესიც არის და მათ მიმართ ევროკავშირის კეთილგანწყობიდან გამომდინარეც. ერთია, რომ ევროკავშირს აინტერესებს სტაბილური, დემოკრატიული გარემო და ქვეყნები, რომლებთანაც ექნება ცივილიზებული ურთიერთობა და თანამშრომლობა, მეორე - მას აწუხებს მეზობელი ქვეყნების დაბალი ეკონომიკური განვითარების დონე, დემოკრატიის პრობლემები, ადამიანის უფლებები და ა.შ. და უნდა ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების განვითარებას“.

ერთი მხრივ, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“ არ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც მაისში ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ:

„ეს მართალია, მაგრამ შედეგი, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურია - იმ პირობებში, როცა რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნების ჩამოშორებას საერთაშორისო ინტეგრაციული პროცესებიდან, მათ შორის - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან და ასევე მისი განვითარების შეფერხებასაც ცდილობს, ცდილობს შეზღუდოს მათი დამოუკიდებლობა და თავისუფალი ურთიერთობა გარე აქტორებთან, ევროკავშირი თავისი რბილი მიდგომით რუსეთის გეოპოლიტიკურ ზრახვებს ასუსტებს“.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს ამის მაგალითებიც მოჰყავს და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი იყო და რჩება რბილ ძალად, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის ამ ძალას იყენებს თავისი პარტნიორების ტრანსფორმაციისთვის:

„მაგალითად, უვიზო მიმოსვლა - ეს რბილი ძალის ელემენტია, რადგან ბევრ ადამიანს უნდა ევროკავშირში მოგზაურობა, მიმზიდველია ხალხისთვის და ამის გამარტივება, მოხსნა ქმნის კეთილგანწყობას მოსახლეობაში. წმინდა პოლიტიკური მიზნების კუთხით რომ შევხედოთ, ეს იყო ევროკავშირის რბილი ძალის გამოვლინება“.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ათი წელი
please wait

No media source currently available

0:00 0:28:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG