1926 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა: „ბრალი არავის დასდვან“. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI), ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, კარლო ჩხეიძის მემორიალური ალბომი გამოსცა, რომელშიც აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტომასალაც არის შესული.
კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის საპარლამენტო ორგანოებს - ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებას. იყო საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პარიზის საზავო კონფერენციაზე. მისი დიდი დამსახურება იყო ის, რომ საქართველომ მრავალი ქვეყნის აღიარება მოიპოვა.
ნოე ჟორდანია წერდა: „კარლო უაღრესათ მორალური არსებაა. მასში არ ყოფილა არასდროს პატივმოყვარეობა, შური და ამაყობა. ის მეთაურობდა უდიდეს საქმეს, მაგრამ ცდილობდა წინ სხვა წამოეყენებია და თვითონ უკან დამდგარიყო... კარლო ღრმათ აზროვნებდა და მსუბუქი ენით იტყოდა. ის იყო მეტათ მწიგნობარი, განათლებული მოღვაწე, ჩუმი და ოხუნჯი, საზოგადოების მოყვარე და მარტოობას ჩვეული, კაბინეტის კაცი და ტრიბუნი, თბილის გულის და ცივი გარეგნობის, ნაზი ნერვების და მშრალი გონების – კარლო ერთობ რთული მორალური პიროვნებაა, ბევრისთვის ბლომათ უცნობად დარჩენილი. კარლო კერძო დამოკიდებულებაში იშვიათი ადამიანი იყო. არასდროს არ მომხდარა, რომ ის ვინმეს წაკიდებოდეს, ვინმე ცუდათ ეხსენებიოს, რომ ინტრიგაში მონაწილეობა მიეღოს... მუდამ მის სიტყვას ყველა გულდასმით ისმენდა. მასში მუდამ მოსჩანდა ღრმა დაკვირვება და გულრწფელობა“...
ალბომში ნათქვამია, რომ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტები საბჭოთა რეჟიმმა 70 წლის განმავლობაში ან სრულებით დაამახინჯა, ანაც საერთოდ უარყო. რეალობის დადგენას მკვლევარები ახლა ცდილობენ. ალბომში შევიდა საქართველოს ეროვნული არქივის, შსს-ს არქივისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალები. ზოგიერთი დოკუმენტი და ფოტო ინტერნეტსივრციდან მოიპოვეს.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ფეხს იდგამდა და დიდი მიზნებიც ჰქონდა. პუბლიცისტი გრიგოლ რცხილაძე კარლო ჩხეიძეს ანგარიშს აბარებს: „ოსმალეთში მუშაობდა ამერიკული კომისია მანდატების შესახებ, დრ. კრანის მეთაურობით. ამ კომისიას მე წერილობით მივმართე სამაჰმადიანო საქართველოს შესახებ და აგრეთვე პირადად ვინახულე. ჩემი დასკვნა ის არის, რომ მათ შეუძლებლად არ მიაჩნიათ საქართველოსთან ლაზისტანის შეერთება, მხოლოდ ის უკვირთ, რომ თვითონ ლაზები არ გამოთქვამენ ამის სურვილს. მე ავუხსენი, რომ ლაზები ხმამაღლა ვერ გამოთქვამენ ამ სურვილს, რადგან ეშინიათ. მათ გვითხრეს, რომ თუ ლაზებისაგან მათ მოუვათ წერილობითი თხოვნა ამ საკითხზე, ეს აუცილებლად კონფიდენციალური დარჩება. ამის შემდეგ ვცადე რამე პეტიცია შემედგინა ლაზების ხელმოწერით, მაგრამ ვერას გავხდი, ლაზები ეხლა, დარცხვენილები, მეც მერიდებიან“.
გრიგოლ რცხილაძის კიდევ ერთ მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაახლოებით 150 ათასი აფხაზი მუჰაჯირი მზად არის მხარი დაუჭიროს აფხაზეთისა და საქართველოს ერთობას.
კონსტანტინე საბახტარაშვილი ჩხეიძეს სწერს: „იარაღის შესყიდვის თაობაზე საფრანგეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, ინგლისთან შეიძლება ჰქონდეს აზრი, მაგრამ ჯერ ნიადაგი უნდა შეამზადოთ, იმ შემთხვევაში უნდა სთხოვოთ, თუ დანამდვილებით გეცოდინებათ, რომ დაგეხმარებიან, მათი უარის შემთხვევაში იტალიაც უარს იტყვის“.
კარლო ჩხეიძეს ჰყავდა მეუღლე, ალექსანდრა ტაგანოვა, და ოთხი შვილი: სტანისლავი, ნატა, ლიდუსი და ვერონიკა. სტანისლავი ბავშვობაშივე დაიღუპა. ვერონიკა მშობლებს ემიგრაციაში გაჰყვა,დანარჩენი ორი ქალიშვილის ბედი კი უცნობია.
„არც ემიგრაციის მუზეუმის თანამშრომლებმა, არც კარლო ჩხეიძის შთამომავლებმა არ იციან ამ ადამიანების ბედი, ჩვენც ვერაფერი შევიტყვეთ. ასევე უცნობი იყო მისი საცხოვრებელი მისამართი თბილისში. გავიგეთ და ზურაბ ჭავჭავაძის N 4-ში მემორიალური დაფა გავხსენით“, - ამბობს ალბომის ავტორი ანტონ ვაჭარაძე.
ემიგრაციაში წასული კარლო ჩხეიძე ლევილში ცხოვრობდა. ბრძოლას იქაც აგრძელებდა. მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. უჭირდა როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად. მისი დოკუმენტებიდან ჩანს, რომძველი სკამი და ტანსაცმლის საკიდიც კი სახაზინო საკუთრებიდან ჰქონდა ნათხოვარი.
„მძიმე სოციალური მდგომარეობა, ავადმყოფობა და დეპრესია. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი მოღვაწე იყო, უფუნქციოდ დარჩა. ეს წერილებშიც ჩანს“, - ამბობს ანტონ ვაჭარაძე.
1926 წლის 7 ივლისს კარლო ჩხეიძემ თვითმკვლელობა სცადა. ყელის მძიმე დაზიანებით ისკლინიკაში მოათავსეს, სადაც 11 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.