12 მარტიდან ასოციაცია „კათარზისი“ საკვებს შენობის ნაცვლად ეზოდან გასცემს. როგორც „კათარზისში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ცვლილება ახალი კორონავირუსის პრევენციითაა განპირობებული.
საკვებს ორგანიზაცია 12:30-დან 14:30 საათამდე გასცემს, სასადილოში ყოფნა დროებით შეიზღუდება.
„საკვები რაციონის შემცირება გვიწევს, ამ პირობებში რთული იქნება წვნიანითა და მსგავსი კერძებით მათი მომარაგება, ამიტომ ძირითადად, მშრალ საკვებს მივაწვდით, რომელსაც მეტად დავტვირთავთ კალორიებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „კათარზისში“.
სასადილო „კათარზისი“ სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად 10 მარტს ორი დღით დაიხურა. დეზინფექცია ერთჯერადი იყო და მისი ყოველდღიურად განმეორება არ იგეგმება.
ახალი გეგმა არ შეუმუშავებიათ თბილისის დაქვემდებარებაში მყოფ უფასო სასადილოებში. იქ საკვები ყოველდღიურად 14:00-ზე გაიცემა, რის შემდეგაც ყველა სასადილოში დეზინფექცია ტარდება.
მერიაში განმარტავენ, რომ განსხვავებულ რეჟიმზე საკოორდინაციო საბჭოსა და სპეციალისტების მითითებების საფუძველზე გადავლენ.
კორონავირუსის რისკჯგუფს განეკუთვნებიან 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.
დღემდე არსებული ინფორმაციით, ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება და უსაფრთხო დისტანციად 2 მეტრამდე მანძილი მიიჩნევა.
უფასო სასადილოებში ამბობენ, რომ საკვების გაცემამდე იქ მყოფ ადამიანებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევენ.