ქართველებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ საარჩევნო კომისიის, სულ ცოტა, ოთხი წევრი ადგილზე მისვლას და თავისი უფლებამოსილების შესრულებას არ აპირებდა.
„[კომისიის თავმჯდომარის გარდა] კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს“, - ეწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 24 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში და იმავეს გვიდასტურებს კომისია დღეს ჩვენც.
ისრაელში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით კი, კომისიის წევრების ნაწილს სიტყვიერად აქვს ნათქვამი უარი კომისიის წევრობაზე ისრაელში საქართველოს კონსულისათვის - ისინი ამას პირად მიმოწერაშიც ადასტურებენ.
ცესკოს სახელზე დაწერილი ამის დამადასტურებელი წერილობითი განცხადებები არ არსებობს. მაგრამ ისრაელში მცხოვრები ქართველები, მათ შორის, ქართველი ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ვერ ხედავს გარანტიას, რომ ეს ადამიანები არჩევნების დღეს უბანზე მივლენ.
ხოლო თუ არჩევნების დღეს კომისიის წევრების საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა - ისრაელში არჩევნები ჩაიშლება.
ცესკოს დადგენილებაში, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ, წერია, რომ კენჭისყრა არ გაიმართება და არჩევნები ჩაიშლება იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები იქნება. ამავე დადგენილებით, თუ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისიები გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფებად, რომლებსაც მიეცემა კენჭისყრის ჩატარების უფლება.
ცესკოს საიტზე წერია, რომ ისრაელის საუბნო საარჩევნო კომისიაში 12 წევრია - ამ ეტაპზე ოფიციალურად მათ მხოლოდ ერთი - თავმჯდომარე გამოაკლდათ, თუმცა ისრაელში მცხოვრები ქართველები შიშობენ, რომ ის შეიძლება არ იყოს ერთადერთი.
ისრაელში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი ანუშკა ბორჩხაძე ცესკოს სთხოვს, რომ უზრუნველყოს მის მიერვე დანიშნული კომისიის წვერების საარჩევნო უბანზე გამოცხადება. ანუშკაც წერს, რომ თუ არჩევნების დღეს რამდენიმე ადამიანი ხელოვნური ან ნამდვილი მიზეზით გამოაკლდება კომისიას, ისრაელში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახდება და ასობით ქართველი დარჩება ხმის მიცემის უფლების გარეშე:
„ნუ ეცდებიან წაგვართვან ჩვენი კონსტიტუციური უფლება“, - ამბობს ანუშკა ბორჩხაძე.
ისრაელში უკვე რამდენიმე კვირაა დგას ერთადერთი საარჩევნო უბნის გახსნის „მიზანშეწონილობის“ საკითხი.
იქ მცხოვრებმა ქართველებმა 10 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკო საომარი ვითარების ფონზე ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმებას გეგმავდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ისრაელში საარჩევნო უბანი მაინც გაიხსნებოდა.
„როცა ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უბნის დახურვის მიზეზი არ არსებობდა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ამბავი ამით არ დასრულდებოდა. არჩევნების ლამის წინა დღით კი აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლოა, კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნებზე არ გამოცხადდეს“, - გვეუბნება ლაშა შაყულაშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც კომისიის წევრობაზე უარი თქვა, თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა სოხანეიშვილია, ვისზეც, წესით, უნდა გადასულიყო თავმჯდომარის ფუნქცია. ჩვენ მას ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად Whatsupp-ში მივწერეთ, თუმცა ამ დრომდე არ უპასუხია. ასევე მივწერეთ კომისიის კიდევ ერთ წევრს, თამარ წიკლაურს - მისგანაც ამ დრომდე დუმილია.
ამომრჩევლები ხმას აძლევენ საქართველოს საელჩოს შენობაში, რამათ განში, თელ-ავივთან ახლოს მდებარე ქალაქში, სადაც არის გახსნილი მთელ ისრაელში ერთადერთი საარჩევნო უბანი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისრაელში ქართველები ოთხ ქალაქში ცხოვრობენ: ბერშევაში, აშდოდში, ბათ-იამსა და ხულონში.
ლაშა შაყულაშვილის თქმით, საელჩომ იცოდა, რომ არჩევნები ემთხვეოდა შაბათს, როცა ისრაელის სახელმწიფოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ამ დღეს იქ მხოლოდ ტაქსები და კერძო სამარშრუტოები მოძრაობენ, რაც გადაადგილებას ართულებს. თუმცა, ამის მიუხედავად, დიდ ქალაქებში მაინც არ გახსნეს საარჩევნო უბნები:
„ამ ერთ, სამადლოდ გახსნილ უბანზე მაინც მოდის ხმის მისაცემად აღრიცხვაზე დამდგარი ხალხი. თუ მოლდოვის არჩევნებს გავიხსენებთ, დავრწმუნდებით, რომ ერთ ხმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, საელჩომ ისიც მშვენივრად იცის, რომ ირანში ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდეგ, მმართველი პარტიის მიმართ აქაური ქართველების დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილია და ეს არჩევნების შედეგებზეც აუცილებლად აისახება. ამიტომ, რადგან ჰამასის და ჰეზბოლის მომიზეზებით უბანი ვერ გაგვიუქმეს, ახლა კომისიის დაშლით ცდილობენ ამის მიღწევას“, - უთხრა ლაშა შაყულაშვილმა რადიო თავისუფლებას.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ისრაელში ხმის მისაცემად ემზადება 2236 ადამიანი.
PS: ცოტა ხნის წინ, ლაშა შაყულაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ბოლო ინფორმაციით, კომისიაში მონაწილეობის სურვილი მეშვიდე წევრმა, ნინელი ქოქიაშვილმა („ქართული ოცნება“) დაადასტურა, რაც ნიშნავს, რომ თუ არაფერი შეიცვალა და შვიდი წევრი მაინც გამოცხადდა, საარჩევნო უბანი შედგება, რაც დიდი ბრძოლის შედეგია.