განა რამდენი ადამიანი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი.
ისრაელის მოქალაქეებზე ხშირად წელს, ომის დაწყებამდე საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოვიდნენ.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეში ისრაელიდან საქართველოში ჯამში 182 000-ჯერ შემოვიდნენ.
ეს იმაზე მეტია, ვიდრე 2022 წელს [შესაბამის პერიოდში] და პანდემიამდე.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვიზიტების რაოდენობით ისრაელი ყოველთვის ათეულში ხვდებოდა.
ბევრს ხარჯავენ ისრაელელი ტურისტები საქართველოში?
ითვლება, რომ ისრაელელი ტურისტები მათ შორის არიან, ვინც ბევრს ხარჯავს საქართველოში.
ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მათ იანვარ-სექტემბერში საქართველოში თითქმის 260 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც ტურიზმისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 8%-ია. დანახარჯების კუთხით ისრაელს მხოლოდ რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირის ქვეყნები* [ყველა ერთად აღებული] უსწრებენ.
ტურიზმიდან მიღებული თითქმის 3.3 მილიარდი დოლარი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ წელს ტურიზმში საქართველოს არამეზობელ ქვეყნებს შორის ისრაელი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო. თუმცა, ამ სურათს დიდი ალბათობით ომი შეცვლის.
უკვე აღარ ჩამოდიან ტურისტები?
შეიძლება ასეც ითქვას.
„ამ ეტაპზე თითქმის ყველა ტური გაუქმებულია“, - ამბობს „ინნ ჯგუფის” სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია და განაგრძობს: „ამ ქვეყნიდან სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუმრებს ვიღებდით, იყვნენ როგორც უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უფრო ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნახვით, ასევე ბევრი ახალგაზრდა ჩამოდიოდა, რომელიც აზარტული თამაშებითა და გართობის სხვა საშუალებით ინტერესდებოდა, სპორტსმენებს ვიღებდით სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ანუ ძალიან დიდი ბაზარია, რომელზეც დამოკიდებული ვიყავით”.
თითქმის იმავეს იმეორებს მაია მურაჩაშვილი, რომელიც გუდაურსა და ქუთაისში სასტუმროებს მართავს. ის ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლუსის” დამფუძნებელია: „აბსოლუტურად გაჩერებულია ახალი ჯავშნები. გაურკვევლობაში არიან თავადაც. გაუქმებით ჩემს შემთხვევაში ჯერ არ გაუუქმებიათ, რადგან უფასო პერიოდი ჯერ კიდევ არის დარჩენილი და მას იყენებენ. ისრაელის ბაზარი საკმაოდ მყარი საყრდენი იყო განსაკუთრებით ზამთრის ტურიზმისთვის. ეს ომი რომ არ დაწყებულიყო, ძალიან კარგი მოლოდინი გვქონდა ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა გაურკვევლობაა”.
ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში საგრძნობლად შემცირდა ავიამიმოსვლაც. Georgian Airways-მა და Arkia Airline-მა ფრენები შეწყვიტეს. მართალია, Israir Airlines და El Al Israel Airlines ისევ აგრძელებენ ფრენას, თუმცა, როგორც თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიაში გვითხრეს, უფრო იშვიათად.
ბოლო-ბოლო, რა ზარალი შეიძლება ნახოს საქართველომ?
ყველაზე პესიმისტური პროგნოზით - 70 მილიონი დოლარი და აი, რატომ:
„გასული წლის მე-4 კვარტალში ისრაელიდან ჩამოსულმა სტუმრებმა დაახლოებით 70 მლნ დოლარი დახარჯეს. თუ გადმოვთარგმნით ამ ყველაფერს და [გავითვალისწინებთ რომ] ეს ომიც მეოთხე კვარტალში დაიწყო, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 70 მლნ დოლარის დანაკარგი იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ შეწყდა ისრაელთან მიმოსვლა. რაც შეეხება ვიზიტების ოდენობას, შარშან მეოთხე კვარტალში ისრაელიდან დაახლოებით 50-55 ათასი სტუმარი ეწვია საქართველოს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ტურიზმის სექტორისთვის დანაკარგი სწორედ ეს იქნება. საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ცალსახად დიდი დანაკარგი და დარტყმაა მოსალოდნელი”, - ამბობს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი კახა სამყურაშვილი.
ოპტიმისტური სცენარიც არსებობს?
არსებობს.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძეც ფიქრობს, რომ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ტურიზმზე გავლენა ექნება, თუმცა შემოსავლების შემცირება კონფლიქტის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.
„ახლა [თიბისი ბანკის არხებში] საბარათე დანახარჯებს რომ ვუყურებთ… რასაც ვხედავთ, ოქტომბერში დრამატული ვარდნა არ ჩანს. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ … ისრაელიდან საქართველოში გარკვეული შემოსვლა მაინც იქნება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც საქართველოსთან რაიმე სახის კავშირი აქვთ და გარკვეული პერიოდი უფრო უსაფრთხო ქვეყნად ჩათვლიან. ამან შეიძლება სრულად არ გააქროს ამ ქვეყნიდან შემოსავლები. მსგავს ორგვარ გავლენას ასეთი ცუდი შემთხვევების ეკონომიკაში ვხვდებით ხოლმე”, - ამბობს იგი.
როდის გვეცოდინება, 70 მილიონს დავკარგავთ თუ უფრო ნაკლებს?
დანამდვილებით ამას გავიგებთ 2024 წლის იანვარში, როდესაც ტურიზმის შესახებ მე-4 კვარტლის (ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი) ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდება.
* ბრექსიტის მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ტურისტების ხარჯებს კვლავ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თვლის.