Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი პრობლემა ქვეყანაში დასაქმება კი არ არის, მთავარი პრობლემა შემოსავლების ნაკლებობა და სიღარიბეა"


ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

რას აჩვენებს NDI-ს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების ეკონომიკური ნაწილი - როგორ აღიქვამს თავის მდგომარეობას საქართველოს მოსახლეობა? გამოკითხულთა 48% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი „სამუშაო ადგილები“-ა, მეორე ადგილზე მნიშვნელობით ფასების ზრდა/ინფლაციაა, მესამეზე - სიღარიბე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია რადიო თავისუფლების ეთერში თავიდანვე განმარტავს ერთს - ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და ასეთი გამოკვლევების შედეგები საერთოდ არ შეიძლება შედარდეს ერთმანეთთან, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული მეთოდოლოგიით დგება. სტატისტიკის შედგენისას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით ითვლიან დასაქმებულთა რაოდენობას, გამოკითხვისას კი მოქალაქეს ეკითხებიან აზრს მისი მდგომარეობის შესახებ:

„ოფიციალურ სტატისტიკასა და სოციოლოგიურ გამოკითხვას შორის ყოველთვის იქნება დიდი აცდენა - ეს საქართველოში ჩატარდება, ამერიკაში თუ კანადაში, არ აქვს მნიშვნელობა. სიღარიბის დონესა და შემოსავლების ნაკლებობას. სუბიექტური აღქმა უფრო მწვავეა, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს“.

ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ უპირველესი პრობლემა არა უმუშევრობა, არამედ შემოსავალია. ოფიციალურ სტატისტიკაში დასაქმებულთა რიგს ამატებენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური ან საერთოდ არ ჰქონდეს შემოსავალი. ამის ერთ-ერთი გამაპირობებელია თვითდასაქმებულის განსაზღვრის წესიც.

NDI-ს გამოკითხვამ აჩვენა მოსახლეობის დამოკიდებულება ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის მიმართ. 23% თვლის, რომ მთავრობა ჩართული არ უნდა იყოს ბიზნესის რეგულირებაში და ეკონომიკაში, 35% თვლის, რომ ნაწილობრივ უნდა იყოს ჩართული, 22% ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა გააკონტროლოს ეკონომიკის ბევრი ასპექტი და მართოს გარკვეული საწარმოები, 6%-ის აზრით, მთავრობას ეკონომიკაზე სრული კონტროლი უნდა ჰქონდეს და კერძო სექტორი არ უნდა არსებობდეს:

„ოპტიმიზმის მიზეზს მაძლევს ის 23%, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა ჩართული არ უნდა იყოს ბიზნესის რეგულირებაში და ეკონომიკაშიო. ეს მაჩვენებელი რაც უფრო გაიზრდება, მით უკეთესია. და საერთოდ, ეს რეგულაციები და სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში წლებია გვაჩვენებს, რომ უკუეფექტებს გვაძლევს“.

NDI-ს გამოკვლევაში შეკითხვაზე - საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? გამოკითხულთა 41% პასუხობს, რომ ეს ცუდი მოვლენა იყო. ირაკლი მაკალათიას აზრით, ამ შეკითხვაზე პასუხისას მოქალაქეების ნოსტალგიურმა გრძნობებმა იმძლავრა და ეს დიდი ალბათობით არ დაუკავშირებიათ ეკონომიკასთან:

„მოსახლეობის 78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. 41% უარყოფითად აფასებს საბჭოთა კავშირის დაშლას. ეს ორი წინადადება არის ურთიერთსაპირისპირო, რადგან 78% თუ ამბობს ევროკავშირი კარგიაო, მაშინ 22% დამრჩა, რომელიც საბჭოთა კავშირს უნდა შენატროდეს. ანუ ეს 41% ეკონომიკურად კი არ აფასებს. ევროკავშირიც მინდა და საბჭოთა კავშირის დაშლაც არ მინდოდა წინააღმდეგობაში მოდის“.

ეკონომისტის შეფასებით, ცხოვრების დაბალ დონეს აჩვენებს ერთი ის, რომ გამოკითხულთა 88%-ს არ აქვს რაიმე დანაზოგი და მეორე ის, რომ გამოკითხულთა 76%-ის თქმით, ოჯახის ყველაზე დიდი ხარჯი ყოველთვიურად საკვებზე მოდის:

„ცხოვრების დონეზე როცა ვლაპარაკობთ, როცა მთლიან ხარჯებში მცირდება კვებაზე დანახარჯის წილი, ეს ნიშნავს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ძირითადი ხარჯი რომ პირველადი საჭიროებების დაფარვაზე მოდის, ეს ძალიან მძიმე სოციალურ ფონზე მიანიშნებს. კვლევა საერთოდ რომ არ ჩატარდეს, ყველამ ვიცით, რომ უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა პრობლემაა ქვეყანაში. ეს მონაცემები აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ დაბალია ცხოვრების დონე და მთავარი პრობლემა არის შემოსავლები“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG