სოხუმში კულტურის პლატფორმა SKLAD-ში გაიმართა ცნობილი არტისტის იოკო ონოს მიერ 1964 წელს შესრულებული პერფორმანსის, Cut Piece-ის რეკონსტრუქცია, რომლის ავტორი ახალგაზრდა აფხაზი მხატვარი ქალი ნიკოლ ბარციცია. SKLAD-ის კურატორებმა პერფორმანსში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ათეული მსურველი მიიწვიეს.
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი იტყობინება, პერფორმანსზე ოცდაათამდე ახალგაზრდა მივიდა, რათა გამოეცადათ საკუთარი თავი, ყური დაეგდოთ თავიანთი გრძნობებისათვის და განეხილათ მიღებული გამოცდილება პირველ აფხაზ პერფორმერთან ერთად.
მოჭერი, რამდენიც შეგიძლია
SKLAD-ის კურატორმა ასიდა ბუთბამ მაყურებელს ჯერ მხატვარი წარუდგინა, შემდეგ კი პერფორმანსის პირობები გააცნო: ნიკოლ ბარციცი იატაკზე იჯდა, გვერდით რამდენიმე მაკრატელი ეწყო, მის გარშემო კი ნახევარწრედ იჯდა მაყურებელი. ნებისმიერს შეეძლო მოსვლა და არტისტის ტანსაცმლის ნაწილის მოჭრა.
მოქმედება ჯადოსნურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სუსტი განათებისა და მოძრავი ჩრდილების პირობებში, მხატვართან მიდიოდნენ და... თითოეული მათგანი ასრულებდა მოქმედებას იმის შესაბამისად, თუ რა მიაჩნდა მას ნებადართულად. გასაოცარი იყო ყმაწვილების დელიკატურობა.
ზოგიერთებმა იმის მაგივრად, რომ მხატვრისთვის მაისურის ან შარვლის ნაწილი მოეჭრათ, თავიანთი ტანსაცმლის ფრაგმენტები დაუტოვეს. ვიღაცამ თმის კულული მოიჭრა და იქვე დადო, ვიღაცამ ქურთუკი მისცა, რომ თბილად ყოფილიყო. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ გადაწყვიტა მოქმედების დამოუკიდებლად შეწყვეტა და მხატვარი წამოაყენა.
პერფორმანსის დასრულების შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი, გულწრფელი და საინტერესო საუბარი, რომლის დროსაც მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები, აზრები და იდეები გაცვალეს.
შენი ყოველი რეაქცია პასუხისმგებლობაა
კურატორმა ასიდა ბუთბამ თქვა, რომ SKLAD-მა პირველად გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცნობილი პერფორმანსის რეკონსტრუქცია. მისი თქმით, ინსტრუქციები ძალიან მკაფიო იყო და ღონისძიებაც შედგა:
„დღეს ვნახეთ, რომ ეს მართლაც ძალიან მაგარი - ემოციების გამომწვევი და ჩამთრევი ინსტრუქციებია. შეგიძლიათ, მაგალითად, უარი თქვათ ტანსაცმლის მოჭრაზე, შეგიძლიათ, პირიქით, მოჭრათ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდებათ.
შეგიძლიათ ღრმად შეხვიდეთ თამაშში ან საერთოდ უარი თქვათ მასში მონაწილეობაზე. ადამიანები განიცდიდნენ დიდ ვარიაციულობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სურდათ რეაგირება და როგორ გრძნობდნენ იმას, რაც ხდებოდა.
პირველად მივიღე მონაწილეობა ამ პერფორმანსში, მაგრამ დოკუმენტური მასალიდანაც ცხადად ჩანს, რომ სხვაგან სრულიად განსხვავებული რამ ხდებოდა ზუსტად ასეთივე ინსტრუქციით ჩატარებული პერფორმანსის დროს. თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ სრულიად განსხვავებული მოვლენა სხვა მნიშვნელობებით და მოვლენების განსხვავებული რიგით“.
პერფორმანსის ორგანიზების იდეა SKLAD-ის კურატორს ანტონ ოჩიროვს გაუჩნდა. ასიდა ბუთბამ განმარტა, თუ რატომ გაიმეორეს იოკო ონოს პერფორმანსი:
„იოკო ონოს პერფორმანსი ვერ იარსებებს მაყურებლის მონაწილეობისა და მაყურებლის რეაქციის გარეშე. მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს მაყურებელი. თუ ზოგადად შესაძლებელია რაიმეს ყურება გამოკვეთილი პოზიციის გარეშე, ამ შემთხვევაში ეს არანაირად არ გამოვა, თქვენი ნებისმიერი რეაქცია პოზიცია და პასუხისმგებლობაა“.
ასიდა ბუთბას თქმით, პერფორმანსის მსვლელობისას ბევრი რამ მოულოდნელი იყო:
„საქმე ისაა, რომ იუტუბზე ვუყურე რამდენიმე ვიდეოს და ვერ ვიტყვი, რომ პერფორმანსი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება: ადამიანები მიდიან, ჭრიან ტანსაცმელს, მოქმედებენ ინსტრუქციის მიხედვით. აქ ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ ბევრი ადამიანი არ მოქმედებდა ინსტრუქციის მიხედვით და რაღაცებს საკმაოდ ფაქიზად გრძნობდა... ანუ მქონდა განცდა, რომ იმაზე მრავალფეროვანი და არაბანალური რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე მოველოდი. ძალიან მომეწონა ზონრებისა და თმების შეჭრა. დიახ, ეს იყო გამაოგნებელი!”
გვჭირდება პერფორმანსები, რომლებიც ჩვენი სოციუმის დაავადებებს გამოაჩენს
ვესაუბრეთ ვიქტორია კაპიკიანს, SKLAD-ის სტუმარს, რომელსაც პერფორმანსმა რთული და, შეიძლება ითქვას, მტკივნეული შთაბეჭდილებები დაუტოვა:
„ჩემთვის ეს პერფორმანსი იყო ადამიანის ნების, საზღვრებისა და საკუთარი სიცოცხლის კონტროლის შესწავლა, რადგან ჩვენ ცხოვრებაში ვაწყდებით უამრავ სირთულეს, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ და, რომლებიც საკმაოდ ძლიერად მოქმედებენ ჩვენს ცხოვრებაზე.
რაღაც მომენტებში ჩვენ ვართ ისეთივე ჩამოძონძილები, შიშვლები და დაუცველები, როგორც პერფორმანსში მონაწილე მხატვარია. ჩვენც მასავით ვცდილობთ სიშიშვლეების დაფარვასა და თავის დაცვას. ძალიან, ძალიან რთული იყო ამის ყურება, რადგან ჩემთვის ეს იყო იქ მჯდომის ფსიქოლოგიური ტრავმა.
არ გამჩენია ვინმესთვის რამის წართმევის ან რამის ჩამოჭრის სურვილი, პირიქით, მინდოდა დავხმარებოდი. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ძალადობა, მათ შორის ოჯახებშიც. ეს ხალხი ძალიან მძაფრად აღიქვამს ასეთ ვითარებებს და, მგონია, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ამიტომ, ყველაფერი, რაც ასეთ კონტექსტში ეხება გოგონებსა და ქალებს, დიდ ტკივილის მაყენებს. ასე რომ, შევეცადე აბსტრაჰირება მომეხდინა, გამეგო თავად პროცესი“.
რის თქმა შეიძლება სპექტაკლში მონაწილე ადამიანებზე, როგორ მოიქცნენ ისინი?
„ის ხალხი, ვინც აქ შეიკრიბა, ჩვენი საზოგადოებაა, - ამბობს ვიქტორია კაპიკიანი, - ეს იყო პერფორმანსი, რომელშიც შეიძლებოდა ტანსაცმლის ზოგიერთი ნაწილის მოჭრა, მაგრამ ამას ადამიანები აკეთებდნენ პატივისცემით, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მაქსიმალურად კომფორტულად ყოფილიყო. ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით ერთმანეთს - სითბოთი და პატივისცემით. ჩვენ ეს შევინარჩუნეთ. პერფორმანსში ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. ისინიც აბსოლუტურად იმნაირადვე იქცეოდნენ, ჩვენ დავინახეთ სითბო, პატივისცემა, რომელიც გამოიჩინეს თავად ნიკას - პერფორმერის მიმართ“.
ვიქტორია კაპიკიანის თქმით, თანამედროვე არტისტებმა აფხაზეთში კიდევ არაერთი პერფორმანსი უნდა დადგან:
„ვისურვებდი, რომ აუცილებლად იყოს პერფორმანსები, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარი თავის გაგებაში. ჩვენს საზოგადოებას აქვს თავისი დაავადებები, რომლებსაც გამოვლენა და ჩვენება სჭირდება. თუ არ გავაცნობიერებთ ამას, ვერც მათ აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. ამიტომ, ისეთი პერფორმანსები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი სოციუმის დაავადებებს აჩვენებს, აუცილებლად უნდა დაიდგას.
სწორედ ასეთ ფორმატებში ვაცნობიერებთ, რისი უფლება შეიძლება მივცეთ ჩვენს თავს და რისი - არა, სად და როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს და ა.შ. ვფიქრობ, დიახ, საჭიროა ერთმნიშვნელოვნად! ეს პირველი პერფორმანსია აფხაზეთში, აქამდე არ მსმენია, რომ მსგავსი რამ ყოფილიყო“.
რამდენად შევესაბამებით ჩვენსავე იმიჯს?
ხელოვნებათმცოდნე ალინა შამბა, რომელიც აკვირდებოდა საზოგადოების რეაქციას, აღნიშნავს ნიკოლ ბარციცის გამბედაობას, რომ იგი არ შეშინდა და მიენდო ხალხს:
„ის საზღვრები, რაც ჩემს აღქმაშია გავლებული, არ დარღვეულა, ამიტომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ ყველაფერი ასე წარიმართა.
ძალიან საინტერესო მომენტი იყო, როცა ხალხი დგებოდა, მიდიოდა და რაღაც ნაწილს აჭრიდა, მაგრამ ამ ყველაფერში იყო რაღაც პოზიტიური, თითქოს უმეტესწილად, იმისთვის მოქმედებდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ წარმოდგენაში და სოლიდარობა ეჩვენებინათ, მათ შორის პერფორმერთანაც. ძალიან საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, თუ როგორ განსხვავებულად რეაგირებდნენ ადამიანები.
პერფორმანსს ესწრებოდნენ მხატვრის როგორც ნაცნობები, ასევე უცნობი ადამიანები. პერფორმანსის შედეგად შევიტყვეთ, რომ ისინი, ვინც ნიკოლს იცნობდა, უფრო მკვეთრ და ნეგატიურ ემოციებს განიცდიდნენ, როდესაც მასთან მიდიოდნენ და, უხეშად რომ ვთქვათ, აჭრიდნენ, ართმევდნენ გარე სამყაროსაგან თავის დასაცავ ნაჭრებს. მაგრამ მხატვარი წავიდა ამ რისკზე. ძალიან საინტერესო იყო გვერდიდან დაკვირვება. ჩემი აზრით, პერფორმანსი შედგა, თუმცა დაწყებამდე ეჭვი მეპარებოდა წარმატებაში“.
რატომ არის საჭირო მსგავსი პერფორმანსები აფხაზეთში? - ამ კითხვის პასუხად ალინა შამბა ფიქრობს, რომ ისინი საჭიროა საკუთარ თავში გასარკვევად:
„საჭიროა კვლევის თვალსაზრისითაც, როგორც მაჩვენებელი იმისა, თუ სად ვიმყოფებით მოცემულ მომენტში. რაღაც თვალსაზრისით სარისკო ამბავიცაა, ვაი თუ, შედეგმა იმედი გაგვიცრუოს? მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენად შევესაბამებით იმ წარმოდგენას, რომელიც ჩვენს თავზე გვაქვს და ვართ თუ არა ისეთივე, როგორადაც თავის წარმოჩენას ვცდილობთ. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, პერფორმანსები მიზანშეწონილია“.
"თუ რამეს იღებ, სანაცვლოდ აუცილებლად რაღაც უნდა დათმო"
პერფორმანსში მონაწილეობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი სანდრიკ აბლოთია, მაგრამ მან არა მხოლოდ რამდენიმე ნაჭერი მოაჭრა მხატვრის მაისურს, არამედ რაღაც თავისიც დატოვა.
„მე ეს პერფორმანსი არ აღმიქვამს ისე, თითქოს ადამიანი უნდა დაგვეგლიჯა, აღვიქვი, როგორც რაღაც სახის ურთიერთობა. როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რაიმე გასცეს ან მიიღოს, ოღონდ სანაცვლოდ აუცილებლად დატოვოს რაღაც. ამიტომ ფეხსაცმლის თასმები მოვიჭერი, მისგან გული გავაკეთე და დავტოვე. ამით ვაჩვენე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენგან რაღაც წავიღე, სანაცვლოდ გიძღვნი ჩემს სიყვარულსა და ყურადღებას-მეთქი.
რა დასკვნა გამოვიტანე? რომ ადამიანს არასდროს არ უნდა გამოართვა ძალიან ბევრი, რადგან თუ მას მუდმივად რაღაცას წაართმევენ, ის ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. თუ რამეს აიღებთ, სანაცვლოდ აუცილებლად უნდა მისცეთ რამე“.
გუდაუთის საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იური აბლოთიაც არასტანდარტულად მოიქცა:
”იცით, მე არ მომეწონა აზრი, რომ ვიღაც ხალხი, მოძალადეების მსგავსად, გლეჯს და ნაკუწ-ნაკუწ ძარცვავს ადამიანს. მომეჩვენა, რომ ბევრს ეს არც ჰქონია მხედველობაში, მათ უბრალოდ სურდათ, მოქმედება გაგრძელებულიყო. თავიდან ბევრი ვერც ჩასწვდა პერფორმანსის აზრს, მხოლოდ შემდეგ, როცა მოქმედება დაიწყო, მიხვდნენ რაშიც იყო საქმე.
მე თმა მოვიჭერი. ვიფიქრე, რომ მას ძალიან უჭირდა იქ ჯდომა, თან ნაწილებად ფლეთდნენ, ამიტომ სოლიდარობის ნიშნად მოვიჭერი თმა, რომ მეთქვა, ის მარტო არ იყო, აი, ჩემი ნაწილი-მეთქი!”
წარმოდგენის მთავარი გმირი ნიკოლ ბარციცი პერფორმანსის დასრულების შემდეგ დუმდა. კითხვას, როგორ გრძნობდი თავს, როცა იქ იჯექიო, მხატვარმა ძალიან მოკლედ უპასუხა: „როგორც იესო“.