საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულთა მიერ წინასაგაფიცვო პროცედურების დაწყებაზე ავრცელებს ინფორმაციას. პროფკავშირი მოითხოვს 50%-ით გაეზარდოთ ხელფასი რკინიგზის იმ თანამშრომლებს, ვისაც 2012 წლიდან არ მომატებია ანაზღაურება და ის 1000 ლარს არ აღემატება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ წინასაგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა 4800-მა რკინიგზელმა. რაც შეეხება გაფიცვის ეფექტს:
„იმაზე მძიმე სიტუაციას ვერ წარმოვიდგენ, რა მძიმე სიტუაციაც ახლა არსებობს რკინიგზაში - 13 ათასი ადამიანი წლების განმავლობაში ებრძვის გაჭირვებას, ისინი შრომობენ პატიოსნად და ვერ იღებენ სამართლიან ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, გვესმის ეს პროცესები. ამიტომ მივყვებით კანონიერ გზას. არის თვეების წინ დაწყებული პროცესი და სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოჰყვება ამ გაფიცვას, ეკისრებს რკინიგზის ადმინისტრაციას, რომელმაც არც კი ინება და არც კი იკადრა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ამიტომ, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილებაა ეს ჩვენთვის“.
4 აგვისტოს მედიით გავრცელებულ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში აღნიშნულია:
„სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს, საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა“.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს“. აგრეთვე ნათქვამია, რომ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში 400 წევრია გაერთიანებული და ამ ჯგუფს არ აქვს ლეგიტიმაცია მთელი კოლექტივის სახელით ილაპარაკოს:
„ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია“.
ილია ლეჟავა „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრთა რაოდენობა დასამალი არ არის. მთავარი საკითხი კი, მისი თქმით, ის არის, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ვალდებულია შრომით დავაში ჩაერთოს, რაზეც კომპანია ინფორმირებული იყო და მან უარი განაცხადა:
„ჩვენი პროფკავშირის წევრია 1000 ადამიანი და დასამალი არაფერია. თუმცა, შრომის კოდექსი განმარტავს - 20-მა ადამიანმაც რომ დაიწყოს კოლექტიური შრომითი დავა, ნებისმიერი ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი ვალდებულია ამ დავაში ჩაერთოს და მოლაპარაკებები აწარმოოს დასაქმებულებთან. კანონმდებლებმა ეს თავის დროზე გაიაზრეს“.
ილია ლეჟავა განმარტავს, რომ მედიაციის პროცესზე უარის თქმით კომპანიამ კანონი დაარღვია, რითაც აიძულა რკინიგზელები შედგომოდნენ წინასაგაფიცვო პროცედურებს, რაც მათი მიზანი არ ყოფილა:
„ელმავლის მემანქანეა ყველაზე მაღალი პოზიცია და მისი ხელფასიც არ აღემატება 1000 ლარს. განცხადება გაავრცელა „საქართველოს რკინიგზამ“ და თავადვე აღიარა, კი, წლებია არ მოგვიმატებია ხელფასი და ვაპირებთ 2020 წლის მაისში მომატებას 10%-ით, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია დასაქმებულებისთვის. ეს ინფორმაცია ჩემთვის აქამდეც ცნობილი იყო და სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა რკინიგზელების აღშფოთება და კოლექტიური შრომითი დავის დაწყება. არ ვაპირებთ წინასარჩევნოდ გადმოგდებული 10%-ის მიღებას 2020 წელს, რადგან იქამდე შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს რკინიგზელების მდგომარეობა.
4800-მა ადამიანმა მოაწერა ხელი წინასაგაფიცვო პროცედურების დაწყების შესახებ თანხმობას და არასწორია ახლა იმაზე ლაპარაკი რამდენი ადამიანი გაიფიცება. რკინიგზაზე 100 ადამიანიც რომ გაიფიცოს, დგება როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის პრობლემა.
იმპერატიული მოთხოვნაა კოდექსში - მედიაციის პროცესში ჩართვა და მით უფრო სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტი ვალდებულია ჩაერთოს“.
ილია ლეჟავამ ინტერვიუში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გაფიცვა არ ყოფილა რკინიგზელთა მიზანი, არამედ ხელფასების მომატება:
„მათი ხელფასის მსყიდველუნარიანობა 2012 წელთან შედარებით არის ძალიან შემცირებული და თითქმის გაუსაძლისია უკვე ამ ადამიანების ყოფა. გამომდინარე აქედან ჩვენ ვალდებულნი ვიყავით და მოთხოვნაც იყო რკინიგზაში დასაქმებულებისგან, რომ ეს კოლექტიური შრომითი დავა დაგვეწყო“.
რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ მიერ პოპულისტურად და არარეალურად შეფასებულ 50%-იან ზრდის შესახებ მოთხოვნას, ილია ლეჟავა აცხადებს, რომ ხელფასის ზრდის მოცულობა უნდა ყოფილიყო სწორედ კომპანიასთან მოლაპარაკების საგანი:
„50% არ არის იმპერატიული მოთხოვნა, ეს არის შრომითი დავის საგანი და მოლაპარაკებების პროცესში უნდა დარეგულირდეს. იქ იქნება 10%-იანი მატება, 15%-იანი, 20%-იანი, 25%-იანი თუ 50%-იანი, ამაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ კონკრეტული მოლაპარაკების პროცესში, კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენის დროს. აი, ეს პროცესია რკინიგზის მხრიდან ხელიდან გაშვებული და რა თქმა უნდა, გაფიცვა დაიწყება 50%-იანი მოთხოვნით ასეთ შემთხვევაში. თუკი რკინიგზის ადმინისტრაციას აქვს არგუმენტები, რატომ არ არის შესაძლებელი ხელფასის 50%-იანი მატება, ეს ყველაფერი უნდა წარმოედგინა მედიაციის პროცესში მოლაპარაკების მაგიდასთან“.
ამასთან, პროფკავშირის ერთ-ერთი ლიდერი კვლავ მოუწოდებს დამსაქმებელს მოლაპარაკებებისკენ:
„დღემდე მოვუწოდებთ! კიდევ არის შანსი, კიდევ არის დრო, რომ გავიაროთ ყველა ეს დეტალი!
ჩვენ მზად ვართ! აუცილებელია შედგეს მოლაპარაკება! ძალიან გვიჭირს იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა გაფიცვა დაიწყოს. თავად ვართ რკინიგზელები და ზუსტად ვიცით, რა პრობლემები მოჰყვება ჩვენი კომპანიისთვის ამ გაფიცვას და რამდენად მძიმე გადასატანი იქნება. დამერწმუნეთ, იმაზე მძიმე ვერაფერი მოხდება, ვიდრე ის, რა სოციალურ მდგომარეობაშიც არიან რკინიგზელები“.
ილია ლეჟავას თქმით, პროფკავშირსა და „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია კვლავაც არ არის:
„ჩვენ ოფიციალურად წარმოვადგენთ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის სოციალურ პარტნიორს და წარმოვადგენთ რკინიგზის დასაქმებულებს. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაცია ამ დრომდე პროფკავშირთან კომუნიკაციას არ ამყარებს. მეტიც, სამუშაო ოფისებში შესვლის საშუალებაც არ გვქონდა ამ დრომდე და სასამართლოს დადგენილებით მოვიპოვეთ წვდომა ოფისებზე და რკინიგზას კანონით ვაიძულებთ პროცესებში ჩაერთოს.
ნებისმიერი რაოდენობის რკინიგზელების გაფიცვა უნდა ნიშნავდეს რკინიგზის ადმინისტრაციისთვის, რომ ის ძალიან რისკავს სატვირთო გადაზიდვების და მგზავრთა გადაყვანის გაგრძელებას. ასე რომ, თუკი გაფიცვა დაიწყება, რა რაოდენობაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რკინიგზის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს, რომ მგზავრთა გადაყვანა და სატვირთო გადაზიდვები არ აწარმოოს უსაფრთხოების დარღვევით“.