ლამპრობა, რომელიც სვანეთში 14 თებერვალს აღინიშნება, მირქმის დღესასწაულს უკავშირდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ის კიდევ უამრავი სხვა ლეგენდის წყაროა.
14 თებერვალს, შებინდებულზე, სვანეთში სახლებიდან ყველა კონებად შეკრული ხის ნაჭრებითა და სურსათ-სანოვაგით გამოდის და საგვარეულო სასაფლაოსკენ მიემართება. საფლავზე სუფრა უნდა გაიშალოს. კუბდარის, ნამცხვრის, კარტოფილიანი ხაჭაპურის გასასინჯად უცნობები და ნაცნობები ერთმანეთს ეპატიჟებიან.
„არ ვიცი, როდინდელი ტრადიციაა. ალბათ, ძალიან ძველია და ჩვენც არ ვღალატობთ, მოგვწონს. მე იმიტომ მომწონს, რომ მიცვალებულთა გახსენება და სიახლოვეა. წელიწადში ერთხელ მიხვალ სასაფლაოზე, გაესაუბრები, სთხოვ ანგელოზად დაგიდგეს და დაგიცვას“, - ამბობს სოფელ ლენჯერის მკვიდრი, 80-ს გადაცილებული გერონტი ფილფანი.
მიუხედავად იმისა, რომ რიტუალი სასაფლაოზე ტარდება, ლამპრობა უფრო მხიარული ტრადიციაა, ვიდრე სევდიანი. ლამპრობას ატარებენ ბავშვებთან ერთად. საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოდიან მშობლიურ სოფლებში, ხოლო მათ, ვინც ვერ ჩამოდის, ვიდეოზარის მეშვეობით აჩვენებენ, რამხელა კოცონი დაანთეს.
ამ დროს ყველგან მუხლამდე თოვლი დევს, მათ შორის სასაფლაოებზეც, სადაც საღამოს ლამპარი უნდა დაანთონ. ზოგი ამბობს, რომ ლამპრობის ერთ-ერთი დანიშნულება წინაპართა ძვლების გათბობაა და იმავე წინაპრებისთვის პატივის მიგებაც. სვანები ხუმრობენ კიდეც, რომ თუ საფლავზე ლამპარი არ მიიტანე, მიცვალებულის სულს „ეწყინება“ და შეიძლება ღმერთთანაც „დაგაბეზღოს“.
„დღესა ლამპრასა“
ხალხური გადმოცემებისგან განსხვავებით, ისტორიული ცნობების თნახმად, ლამპრობის ტრადიცია მირქმის დღესასწაულს უკავშირდება, ანუ დღეს, როდესაც სვიმეონ ღვთისმეტყველმა იხილა და მიირქვა ჩვილი იესო, - ამბობს ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი.
„ახლა ლამპრობას [მესტიაში] უფრო ტურისტული სახე აქვს, მაგრამ სოფლებში ძველებურად ტარდება. ლამპრობას მთელი ციკლი მოსდევს ხოლმე: ბავშვების ლამპრობა, კეისრობა, რომელიც სოფელ ლახირში (მულახის თემი) ტარდება და თან საკარნავალო ელემენტებიც ახლავს“.
„მატიანე ქართლისაში“ ერთი ისტორიული ფაქტის აღწერისას თარიღად მითითებულია „დღესა ლამპრასა“. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ეს უთუოდ სვანურ ლამპრობაზე უნდა მიუთითებდეს. მეორე ისტორიული დოკუმენტი კი, „ხელმწიფის კარის გარიგება“, მირქმის ძველ სახელწოდებად „ლამპრას“ (ლამპრობა) ასახელებს.
წმინდა გიორგის ლამპარი
წმინდა გიორგის ლამპარიც ეკლესიის ეზოში ინთება. ლამპრებს ოჯახის ყველა მამაკაცისა და ორსული ქალის (ვინიცობაა ბიჭი ეყოლოს) რაოდენობის მიხედვით აკეთებენ და საერთო ცეცხლში ყრიან. ყველაზე დიდი კოცონი სწორედ წმინდა გიორგის სახელზე მიტანილი ლამპრებით ინთება.
Candlemas
ლამპრობის დღესასწაული, რომელიც დღეს სვანეთში შემორჩა, ადრე უფრო მასშტაბური იყო და აღინიშნებოდა როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისე გურიაში. ზოგადად, მირქმის დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელთა ფუძედ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სწორედ „ლამპარი“, „კანდელი“ არის: ინგლისურად – Candlemas, ფრანგულად – Chandeleur (Fête des chandelles), შვედურად – KYndelsmäss dagen და სხვა.
ლამპრობის მეორე სიცოცხლე
ლამპრობას, როგორც დღესასწაულს, ჯერ საბჭოთა კავშირში ებრძოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელ საქართველოში უყურებდნენ ეჭვის თვალით.
„კომუნისტები გვიშლიდნენ, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, - იხსენებს გერონტი ფილფანი.
15 თებერვალს საპატრიარქომ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პატრიარქ ილია II-ის კურთხევით მოიძიეს მასალა ,,მირქმის“ დღესასწაულის, იმავე ,,ლამპრობის“ აღნიშვნის ძველი წესის აღსადგენად. განცხადებაში ნათქვამია: „მომავალი წლიდან ეს წმინდა დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეკლესია-მონასტერში აღინიშნება, ისე როგორც საუკუნეთა განმავლობაში იდღესასწაულებოდა ჩვენი წინაპრების მიერ – სანთლების კურთხევითა და ლიტანიობით“.