2 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თეონა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხელშესაწყობად მთავრობის მიერ წარმოებულ პროექტზე, რომელიც ორი წელია მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში მოქალაქეების ხელშეწყობა. გარკვეული სერვისების საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფარვამ ბევრი მესაკუთრე წაახალისა, თუმცა, თეონა ზაქარაშვილი თვლის, რომ ე.წ. სპორადული რეგისტრაცია მასშტაბურ შედეგს ვერ მოიტანს. რეფორმის ამ ტალღის დაწყებამდე მიწის ნაკვეთების სავარაუდოდ 75-80% მოსახლეობას დაურეგისტრირებელი ჰქონდა. სპორადული რეგისტრაციის პარალელურად 12 სოფელში მიმდინარეობს სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი, რომელშიც სახელმწიფო თავად მიდის მოქალაქეებთან და სისტემურად აღრიცხავს დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. თეონა ზაქარაშვილი რეფორმის დაწყებიდანვე უპირატესობას ანიჭებდა სისტემურ მიდგომას და იმედი აქვს, რომ საპილოტე პროექტის შედეგები დაარწმუნებს სახელმწიფოს სისტემური რეგისტრაციის უპირატესობაში. რეგისტრაციის ეს მეთოდი ახალი არ არის და თეონა ზაქარაშვილის თქმით, ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოსაგვარებლად. გასულ კვირაში ხელისუფლებამ 6 თვით გააგრძელა მიწის ნაკვეთების გაიოლებული რეგისტრაციის ვადა.