Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, სამწუხაროდ, არ გააჩნია სრულყოფილად გამართული დახმარების სისტემები"


ქეთევან ხუციშვილი, თამთა უტიაშვილი და ეკატერინა სუხიშვილი
ქეთევან ხუციშვილი, თამთა უტიაშვილი და ეკატერინა სუხიშვილი

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს, მაშ შორის იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობისთვის, გოგონების გაძლიერებისთვის, ნაადრევი ქორწინების პრევენციისთვის, ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის და ა.შ.

უკვე ერთი წელია Save the Children-ი ახორციელებს პროექტს დევნილთა თემებისთვის, გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გასაძლიერებლად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო.

საქმიანობა მიმდინარეობს სამეგრელოსა და შიდა ქართლში არსებულ დევნილთა 5 ჩასახლებაში. უფასო ფსიქო-სოციალური დახმარების შეთავახების გარდა პროექტი ითვალისწინებდა საინფორმაციო კამპანიებს. პროექტის კოორდინატორი თამთა უტიაშვილი ამბობს:

“ეს შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ამ თემაზე ესაუბრათ, არამედ იმიტომ, რომ მათთვის რაღაც ახალი იყო იმ ჩასახლებაში. არანაირი აქტივობა მანამდე არ ჰქონდათ“.

თამთა უტიაშვილის შეფასებით, წლებთან ერთად დევნილთა პრობლემები არ იკლებს, არამედ იმატებს.

Save the Children-ი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რადგან მისი ამოწურვის შემდეგ საჭიროა ადგილობრივ ხელისუფლებას დარჩეს ელემენტარული ბერკეტი მაინც, რითაც გენდერული/ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ელემენტარულ დახმარებას გაუწევს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ხაზს უსვამს, რომ გორის მუნიციპალიტეტში კონფლიქტით და ომით დაზარალებულების რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთეულია:

„ჩვენ კონფლიქტით დაზარალებულები გვყავს არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ ჩვენ მათ 1991 წლიდან ვითვლით. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება, რადგან მათ დაკარგეს, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდნენ, რასაც მათი მამა-პაპა ქმნიდა და ეს ქართველი მოსახლეობისთვის არის უმძიმესი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ“.

მერის მოადილე აღნიშნავს, რომ დევნილების მხოლოდ ცალკეულ ჯგუფთან მუშაობა შედეგიანი ვერ იქნება და ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, რომლებიც მასშტაბურად უდგებიან პრობლემებს. ეკატერინე სუხიშვილი ჩამოთვლის დევნილთა დახმარების არაერთ მიმართულებას და აგრეთვე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ საჭიროა ეს დახმარება იყოს მასშტაბური და კომპლექსური:

„ეს ხალხი ძალიან ძლიერი ხალხია. უძლიერესი ხალხია, რადგან მათ გამოიარეს რთული პერიოდი და დღემდე გადიან მას. მე ქედს ვიხრი მათი გამძლეობის, ამტანობის, სიცოცხლისუნარიანობის და იმედიანობის წინაშე!

მათ უნდა ჰქონდეთ კომპლექსური დახმარება: ფსიქოლოგიური, სოციალური და განათლების მიმართულებით აუცილებლად“.

ის ლაპარაკობს ინფორმაციის დეფიციტზე - რომ მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თავიანთ უფლებებზე:

„ინფორმაცია იმიტომ არის საჭირო, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ რა უნდა მოითხოვონ სწორად სახელმწიფოსგან“.

ქეთევან ხუციშვილი Save the Children-ის გენდერული ძალადობის სპეციალისტია. ამბობს, რომ როგორც ზოგადი მოსახლეობა, დევნილებიც არ არის ერთგვაროვანი ჯგუფი და რომ კონფლიქტის გამოცდილება არ არის აუცილებლად ძალადობისკენ მიდრეკილების გამაპირობებელი. ისიც აღნიშნავს ინფორმაციის უქონლობის პრობლემას. აგრეთვე ამბობს:

"სახელმწიფოს - არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, სამწუხაროდ, არ გააჩნია სრულყოფილად გამართული დახმარების სისტემები. ამაში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფულადობრივ შემწეობას. ჩვენ ოქროს პრინციპით ვხელმძღვანელობთ, რომ ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე მთელი ცხოვრება, თევზის დაჭერაც უნდა ასწავლო. ყველა სისტემის კოორდინირებული მუშაობაა საჭიროა, რომ ადამიანმა რაღაც ეტაპზე თვითონ შეძლოს მოიპოვოს მისთვის საარსებო რესურსები.

ადამიანებს აქვთ მუდმივი მოლოდინი დახმარების, როცა მათშიც არის საკმარისი რესურსი, რომ დამოუკიდებლად გაართვან თავი პრობლემებს.

ჩვენი პროგრამის ფარგლებში, სადაც ფსიქოლოგები მუშაობენ არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან, ვფიქრობ, კარგი საშუალებაა გააღვივონ და აღმოაჩენინონ ადამიანებს ის, რაც შეიძლება ტრავმამ დაფარა, ცუდმა გამოცდილებამ დაფარა და არასდროს უფიქრიათ, რომ საკმარისი ძალა ჰქონდათ პრობლმებისგან თავის დასაღწევად“.

ქეთევან ხუციშვილი აღიარებს, რომ რთულია ადამიანს, ვისაც არ აქვს საკუთარი თავის, ოჯახის გამოკვების საშუალება, ელაპარაკო ქალთა მიმართ ძალადობაზე. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ნდობის მოპოვება გაცილებით ადვილია ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წინასწარი განწყობები და ნეგატიური დამოკიდებულებები, იმდენად არ აწევთ ოჯახის რჩების პასუხისმგებლობაც.

„ძალადობის პრევენცია მოზარდების ჯგუფებთან არის გაცილებით მარტივი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასრულწლოვნებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად, ისინი დღეს არიან აღჭურვილი საკმარისი რესურსით, რომ იცოდნენ როდის სად უნდა დაურეკონ, ხვალ რომ მის მეგობარს რამე დასჭირდეს. ზუსტად ვიცი, „ჩვენმა ბავშვებმა“ იციან სად რა გააკეთონ. იციან რა არის კონფლიქტი და რა არის გაუგებრობა, სად გადის კრიტიკული ზღვარი, როცა აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევა“.

როგორც ქეთი ხუციშვილი ყვება, ზრდასრულ მოსახლეობაში იყო გარკვეული წინააღმდეგობა: “თუმცა, რამდენადაც შესაძლებელი იყო ყინულის გალღობა, ამ ერთ წელიწადში რესურსი არ დაგვიზოგავს“.

საწყის ეტაპზე დევნილთა ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ ყვება მადონა ხარებავაც, ამ პროექტში Save the Children-ის პარტნიორი ორგანიზაციის - „დეას“ ხელმძღვანელი:

„ვერ ვიტყვი, რომ თავიდან დიდი სიამოვნებით შეხვდნენ ამ პროცესს, რადგან როცა გშია, გწყურია, ბავშვისთვის საჭმელი ვერ მიგაქვს უმუშევრობის გამო (ამდენი წლის შემდეგაც ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან ორიენტირებული), რთულია იმსჯელო ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, მაგრამ ეს ადამიანები თანდათან იხსნებიან და თვითონ გრძნობენ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარება.

თავიდან წინააღმდეგობა იყო, ქალებისგან - ნაკლებად, უფრო მამაკაცების მხრიდან - არ გინდათ ფსიქოლოგიური დახმარება, ჩვენი ოჯახების დანგრევა უნდათ, პატარა კონფლიქტზეც პოლიციაში დარეკვისკენ მოგიწოდებენ მსგავსი პროექტებითო. თუმცა, მერე თვითონაც ერთვებოდნენ ამ პროექტებში“.

თამთა უტიაშვილი მნიშვნელოვნად თვლის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის იმ ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას, რაც მათ ძალადობის მსხვერპლის დახმარებისთვის ან შესაბამის სამსახურებში მიმართვისთვის სჭირდებათ და ლაპარაკობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შემუშავებულ პროტოკოლზე, რომელშიც გაწერილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეფერირების პროცედურები.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG