Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაღალი ალბათობით, თემირლანმა ვერც კი გაიგო სპეცრაზმის შესვლა მის ოთახში. დაახლოებით ათი წუთით ადრე ის ჯერ კიდევ ფილმს უყურებდა"


თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი
თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მაჩალიკაშვილების სახლში 19 წლის ბიჭი დაჭრეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს თავის საძინებელში დაჭრეს და ის 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავს მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს. ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„უნდა ითქვას, რომ ორი წლის შემდეგაც გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგები არ მოჰყვა. ისეთ მინიმალურ შედეგსაც ვერ მივაღწიეთ, რომ ქალბატონ მედიკო და ბატონ ვახა მაჩალიკაშვილებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე უკვე არის შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, იძლევა იმის საფუძველს, რომ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, პროკურატურა უარს ამბობს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ დრომდე აჭიანურებს მას.

ჩვენი დაკვირვებით, წინა წლის დეკემბერში უკვე არსებობდა საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დევნის დაწყების საფუძველს შექმნიდა. მაისში ვნახეთ აგრეთვე პროკურატურის დაპირება, რომ ორ თვეში იქნებოდა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, თუმცა ამ დრომდე გამოძიებას შედეგი არ აქვს“.

თამთა მიქელაძე ლაპარაკობს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირების წრეს:

„ჩვენ არა მხოლოდ სპეცრაზმელის (იმ პირის, ვინც სროლა განახორციელა) პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ, არამედ იმ თანამდებობის პირების, რომლებმაც არასათანადოდ დაგეგმეს სპეცოპერაცია. ამ ზაფხულს გამოკითხული მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები აჩვენებს, რომ სპეცოპერაცია ნამდვილად პრობლემურად დაიგეგმა. პირდაპირ არის ბატონი გომელაურის ჩვენებებში მითითებული: მათ ეს ვარაუდი, რომ ადგილზე შეიძლებოდა წინააღმდეგობა დახვედროდათ, დაუკავშირეს ნოემბრის მოვლენებს, მაგრამ კონკრეტული, დასაბუთებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვარაუდი, რომ იგივე თემირლან მაჩალიკაშვილს ან სხვებს შეიძლებოდა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწიათ და ამის გამო აუცილებელი იყო ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება, არ არის წარმოდგენილი. ის პირდაპირ უთითებდა, რომ მთელი ეს პროცესი დაიგეგმა ზეპირი კომუნიკაციით, არ არსებობდა წერილობითი ინსტრუქციები, გადაწყვეტილებები“.

EMC-ს წარმომადგენელი ჰყვება, ბოლო ორი წლის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე - იქნებოდა ეს საქმის აღძვრა თუ მისი ძმის შვილის დაკავება.

თამთა მიქელაძე აღწერს გამოძიების პირველი ეტაპის უმნიშვნელოვანეს ხარვეზებს, მათ შორის, მტკიცებულებების გაფუჭებას. ეს შეეხება იარაღს, რომლიდანაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს და მეორე - ხელყუმბარას, რომელიც, სუს-ის ვერსიით, თემირლანს ჰქონდა

„ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება განადგურდა ან შეიცვალა სუს-ის ხელში. საქმის მასალები მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში გადაეცა სუს-იდან პროკურატურას“.

სპეცოპერაციიდან ორი წლის თავზე EMC-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ჩამოთვლილია პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები. ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი სახეზეა:

„მაღალი ალბათობით, თემირლანმა ვერც კი გაიგო სპეცრაზმის შესვლა მის ოთახში. დაახლოებით ათი წუთით ადრე ის ჯერ კიდევ ფილმს - სასიყვარულო ფილმს უყურებდა და ვიდეოებს უგზავნიდა მეგობრებს.

...მტკიცებულებებიდან რატომღაც არის გამქრალი ყურსასმენები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე გადაღებულ ფოტომასალაში ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, რომ ის იყო შემთხვევის ადგილზე“.

რაც შეეხება საქმის პერსპექტივას, თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„მე ვფიქრობ, რომ დრო გავა, ამ საქმეზე ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, არამედ ამ საქმის გამოძიებაც მოუწევს და პირების დასჯაც. ეს, ადრე თუ გვიან, როგორც სხვა ბევრ ძალიან მძიმე და ტრაგიკულ საქმეზე მოხდა, მოხდება.

მაგრამ, მე კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, სუს-ის მიერ ამ საქმეში საერთოდ რა მოხდა - არა მხოლოდ თემირლანის ნაწილში, არამედ ზოგადად ჩატაევის ინციდენტთან დაკავშირებით - გამოძიებული იქნება და ძალიან ბევრი რამ ნათელი გახდება“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG