ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს მეოთხედ განიხილავს ცხინვალის დე ფაქტო რაიონული სასამართლო. ის რადიო თავისუფლების ეთერში ჰყვება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი დევნის მიზეზებსა და მიზანზე.
2020 წლის იანვარში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა და საქმის პირველ ინსტანციაში, ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება მის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას. კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.