Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უფრო მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს და არა მგონია ტრაგიკული იყოს. გაცილებით ტრაგიკული რაღაცები ხდება ჩვენს განათლების სისტემაში"


თამარ ლებანიძე, გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორი
თამარ ლებანიძე, გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორი

სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ამბავს მოჰყვა ცხარე დისკუსია საზოგადოებაში იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია დღეს ამ სახელმძღვანელოს გამოყენება ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად. სახელმძღვანელო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადაპტირებულია და ის ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა, ჯერ არ არის მისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი ორ ჯგუფად გაყოფილიყო და „დედაენის“ საკითხზე ერთმანეთს დაპირისპირებოდა.

„რაც ამ საზოგადოებას ანგრევს და ამან გოგებაშვილის „დედაენის„ ახალი ვერსიის განხილვის დროსაც იჩინა თავი, არის საშინელი დაპირისპირება და სურვილის უქონლობა ერთმანეთის გაგების. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული მომენტი.

30 წელია მუშაობს ბიუროკრატია, ჩინოვნიკები საზოგადოების გახლეჩაზე. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. აი, რომ გავიაზროთ - გვყოფენ, რეგულარულად გვყოფენ და გვაპირისპირებენ ერთმანეთს და საზოგადოება ამას უნდა შეეწინააღმდეგოს უპირველეს ყოვლისა. ნებისმიერი ახალი თემა რომ იწვევს ასეთ რადიკალურ დაპირისპირებას, ზუსტად ამის გამოვლინებაა“,

ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში თამარ ლებანიძე, გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი. კონკრეტულად „დედაენას“ რაც შეეხება, ის თვლის, რომ დისკუსია უნდა იყოს არა მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, არამედ რეალურშიც და იმ ადამიანების მონაწილეობითაც, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს:

„ბუნებრივია, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენცია. უნდა ილაპარაკონ იმათ, ვინც საკითხში ჩახედულია, ვისაც პროფესიული პასუხისმგებლობა ეკისრება და ასეთ დიალოგში, გნებავთ დისკუსიაში, ეგებ ჭეშმარიტებამდე მივიდეთ კიდეც“.

ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს - „დედაენის“ შესახებ მსჯელობის ამოსავლად თამარ ლებანიძე ასახელებს პასუხისმგებლობას:

„მთავარი, ამოსავალი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ის პასუხისმგებლობის განცდა, თუ როგორ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი კულტურული ისტორიის შესახებ, კულტურული ტრადიციების შესახებ იმ თაობას, რომელიც ახლა იწყებს სწავლას.

ეს პასუხისმგებლობა რამდენად აქვთ გაცნობიერებული იმ ადამიანებს, რომლებიც ლაპარაკობენ, ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ეს პასუხისმგებლობა უნდა მდგომარეობდეს ზუსტად იმ პროფესიულ კომპეტენციაში.

კარგი იქნებოდა საზოგადოებისთვის კომპეტენტურ ადამიანებს ეთქვათ რა არის გოგებაშვილის მეთოდი. ის, რომ „აი ია“ არის მართლაც ფანტასტიკური ფორმულა, ამაზე არავინ დაობს. პირიქით, ყველა იყენებს ამ მიგნებას საანბანო გამოცემებში. თუმცაღა, ჩაღრმავებული ლაპარაკი ამაზე არ მიდის“.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ადაპტირებული ვერსია ჯერ არ გამოცემულა. თამარ ლებანიძის პროგნოზი ასეთია:

„ეს წიგნი გამოიცემა, იქნება მეტნაკლებად მისაღები საზოგადოებისთვის და იქნება სამი ვარიანტი ამ წიგნის გამოყენების: პირველი - პედაგოგების მცირე ნაწილი შეეცდება ეს წიგნი გამოიყენოს სასწავლო პროცესში. შეეცდება გულწრფელად, მაგრამ აქედან რა გამოვა, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია მასალის ხარისხზე, მის თანამედროვეობაზე და ბევრ დეტალზე, რომელიც მხოლოდ სასწავლო პროცესში გამოვლინდება;

მეორე ნაწილი იქნება ის, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ამ წიგნს და თაროზე შემოდებს, პირობითად. ბავშვები სავარაუდოდ ამ წიგნს შინ წაიღებენ. ეს იქნება მათი ბიბლიოთეკის ნაწილი და გამიხარდება ცოცხალი ნაწილი იყოს, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ, სამწუხაროდ, არ გადაშალონ ეს წიგნი;

და, იქნება მესამე ნაწილი - ალბათ, ყველაზე მრავალრიცხოვანი, რომელიც ამ წიგნს ძალიან სწორად მიაწვდის თანამედროვე ბავშვებს და ეტყვის, რომ ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, აუხსნის ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი საქართველოს ისტორიისთვის, ქართული პედაგოგიკისთვის და შეეცდება ნაწილი გამოიყენოს სასწავლო პროცესშიც.

უფრო მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს და არა მგონია ტრაგიკული იყოს. გაცილებით ტრაგიკული რაღაცები ხდება ჩვენს განათლების სისტემაში“.

ახალი სახელმძღვანელის კომპეტენტურ შეფასებას „დილის საუბრების“ სტუმარი მოელის ცოტა უფრო მოგვიანებით, სასწავლო წლის ბოლოს. თამარ ლებანიძე, ზოგადად, განათლების სფეროში რეფორმების, მათ შორის სახელმძღვანელოების ნაწილში დაგროვებული გამოცდილების კრიტიკული გააზრების საჭიროებაზეც ლაპარაკობს და ამას საშურ საქმედ თვლის.

თამარ ლებანიძე "დედაენაზე" და არა მარტო...
please wait

No media source currently available

0:00 0:22:12 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG