საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა წიგნი „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო“. წიგნის ავტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თამაზ გოგოლაძე „დილის საუბრებში“ ყვება, რომ თორის ხეობის წარწერების ერთ ნაშრომში თავმოყრის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა ბორჯომის ხეობის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ გზამკვლევი გამოიცა:
„50-მდე წარწერას მოვუყარეთ თავი ამ ნაშრომში, რათა ისინი დროთა განმავლობაში არ დაიკარგოს. მოვუყარეთ თავი ინფორმაციას, თუ ვინ რა გააკეთა ამ წარწერების შესწავლისთვის წლების განმავლობაში. წარწერათა ნაწილი შევისწავლეთ ისტორიული წყაროთმცოდნეობის თვალსაზრისით, რაც მეტნაკლებად გვაძლევს საშუალებას თვალი გავადევნოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ამ ისტორიულ მხარეში“.
პროექტის მენტორი, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თეიმურაზ ჯოჯუა საინტერესოდ განმარტავს წარწერების ერთი ჯგუფის შინაარსს, რაც ხეობაში, კერძოდ ფოთოლეთის ეკლესიაში მომლოცველთა შორიდან მისვლას ადასტურებს:
„ამ ადამიანებს შორის მოდიან ძალიან დაშორებული ტერიტორიებიდან. მაგალითად, მოხსენიებულია ვინმე დამიანე ბედიელი (იმდროინდელი ოდიშიდან). მე-11 საუკუნეა, ახლადგაერთიანებული სახელმწიფო. იმავე ეკლესიაში გვაქვს ვინმე ბასილი კახის წარწერა. პოლიტიკურად, ადმინისტრაციულად და ეპარქიალურად დანაწევრებული სახელმწიფო კულტურულად, ეკლესიურად არის ერთიანი“.
თორის ხეობის წარწერების შესწავლისას ვინ, როდის და რატომ დააკავშირა ერთ-ერთი შოთა რუსთაველთან და როგორ განმარტავენ „დილის საუბრების“ სტუმრები ამ ვარაუდს, მოისმინეთ ჩანაწერში: