ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით "ვოლტის" კურიერებმა დღეს, 15 თებერვალს, მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე პროტესტის ნიშნად აპლიკაციები გამორთეს და დღის პერიოდში კომპანიის მომსახურება დროებით შეჩერდება.
საპროტესტო მსვლელობას დღეს 200-მდე კურიერი შეუერთდა.
მათ შორის იყო რატი კალმახელიძეც. ის მეორე წელია, რაც "ვოლტის" კურიერად მუშაობს. შეკვეთებს საღამოს 6 საათიდან იღებს, მას შემდეგ, რაც ერთი სამსახურის სამუშაო საათები უკვე დასრულებული აქვს. რატი ღამის 12-მდე 50-60 ლარს გამოიმუშავებს, აქედან დაახლოებით 10 ლარი ყოველდღე ბენზინზე ეხარჯება, დანარჩენი მისი მოგებაა. "ვოლტის" კურიერებს ხელფასი თვეში ორჯერ ერიცხებათ.
ერთ გამოძახებაზე, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს იხდის შეკვეთაში კლიენტი, კურიერებს 3 ლარი რჩებათ. გარდა ამისა, ითვლება გზაც, რომელსაც ისინი კლიენტებამდე გადიან. 1 კილომეტრზე კომპანია 50 თეთრს იხდის. "ვოლტის" კურიერები სწორედ ამ ორი ტარიფის გაზრდას ითხოვენ. შეკვეთაზე 50 თეთრის მომატებას, ყოველ კილომეტრზე - 20-ის.
"ზუსტად, 12 თუ 13%-იანი მატება გამოდის, რომ დათანხმდნენ ჩვენს მოთხოვნებს, რაც "ვოლტის" სუფთა მოგებიდან ძალიან მცირე თანხაა", - ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე კურიერი რადიო თავისუფლებასთან.
"ვოლტის" ერთ-ერთი კურიერი თავისუფლებას ანონიმურად ესაუბრება, რადგან შიშობს, რომ ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში კომპანიამ შეიძლება მასთან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს.
"ნებისმიერ რამეზე, ნებისმიერ სიტყვაზე, რაც არ მოეწონებათ, შეუძლიათ დაგვბლოკონ. ან გვითხრან, რომ ბაზარზე სხვა კომპანიებიც არსებობს… ძალინ მცირედს ვითხოვთ მართლა, როცა კომპანია ყოველწლიურად სამ მილიონ სუფთა მოგებაზე გადის", - ამბობს ის.
"ვოლტის" კიდევ ერთი კურიერი, გიორგი ტიკარაძე გვეუბნება, რომ მთელი დღე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის შემთხვევაშიც კი, კურიერს თვეში 1500 ლარზე მეტი არ რჩება. რაც არ შეესაბამება შრომას, რომელსაც ისინი კლიენტებისთვის შეკვეთების მისატანად სწევენ.
"ქვეყანაში ორმაგად და სამმაგადაა გაძვირებული ყველაფრის ფასები და გაუსაძლისია უკვე ასეთ პირობებში ცხოვრება. რაც გვქონდა ხელფასი 2 წლის წინ, იგივე გვაქვს ახლაც. ძალიან მინიმალური მატება გვაქვს. ისეთი უმნიშვნელო, რომ არაფერს არ ნიშნავს. ნორმალური დაზღვევა არ გვაქვს, ნორმალური ანაზღაურება არ გვაქვს, ვილეწებით და არაფერი არ გვინაზღაურდება. ბევრი პატარა პრობლემებიც არის, მაგრამ რაც ყველას ურტყამს, კონკრეტულად ესენია. ძალიან დიდ შრომას ვდებთ და ძალიან ცოტას გვიხდიან", - ამბობს გიორგი ტიკარაძე.
ტარიფების ზრდასთან ერთად, დღევანდელ აქციაზე მათ "ვოლტის" რეგიონალური გენერალური მენეჯერის, ნატალია ხიზანიშვილის თანამდებობიდან გადადგომაც მოითხოვეს. კურიერები ამბობენ, რომ წინა საპროტესტო აქციების გამართვისა და მასში სხვა კურიერების ჩართვის მოწოდების საპასუხოდ, კომპანია მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ამის გამო კურიერებმა დახმარება 13 თებერვალს სახალხო დამცველს სთხოვეს.
"ვოლტის" თბილისის ოფისში, ერთი მხრივ, უარყოფენ აქციებში მონაწილეობის გამო კურიერების სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევების არსებობას და, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ კურიერების პრობლემების გადაჭრის გზების განსახილველად და აქციის ორგანიზატორებთან შესახვედრად თავიდანვე მზად იყვნენ.
"აქციის მონაწილეებმა "ვოლტის" მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარი განაცხადეს და ითხოვდნენ, მოლაპარაკების პროცესს დასწრებოდა უკლებლივ ყველა კურიერი, ვინც აქციაზე იმყოფებოდა. მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აქციის ორგანიზატორებს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლას, კომპანიის ოფისში შეხვედრას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნების განხილვას", - ამბობენ "ვოლტში".
კურიერებს პრინციპულად არ სურთ ამ დათმობაზე წასვლა, ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთობლივ შეხვედრას ითხოვენ.
"ვოლტსა" თუ სხვა მსგავს პლატფორმაზე დასაქმებულებს, იქნება ეს Bolt, Bolt Food, Yandex, Glovo, კომპანიები, როგორც წესი, არა შრომით, არამედ მომსახურების, იმავე საპარტნიორო ხელშეკრულებებს უფორმებენ.
ამ ხელშეკრულებით კურიერებს კანონი დასაქმებულად არ აღიქვამს და, შესაბამისად, არც შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი მინიმალური სოციალური გარანტიები აქვთ, როგორიცაა შვებულება, ბიულეტენი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხელშეკრულების პირობების დაცულობა და ასე შემდეგ.
"თუ სამართლებრივად შევხედავთ, ვნახავთ, რომ შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი აქვს ამ ურთიერთობას. მაგალითად, ის, რომ დაქვემდებარებულები არიან დამსაქმებლებზე, ემორჩილებიან მათ მითითებებს, ათანხმებენ მათთან კონკრეტულ საკითხებს. რაიმე ტიპის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია გამოიყენოს სანქცია და ა.შ.", - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა რადიო თავისუფლებასთან.
ამ საკითხზე "ვოლტის" წინააღმდეგ მისი ყოფილი კურიერის დავას უზენაესი სასამართლო განიხილავს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, კურიერმა, რომელიც კომპანია "ვოლტში" 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა, სასამართლოს მოსთხოვა განესაზღვრა, მისი ხელშეკრულება შრომითი იყო თუ მომსახურების.
რადგან სასამართლო ჯერ კიდევ იხილავს "ვოლტის კურიერის საქმეს", ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინსპექციის განსახორციელებლად სრულფასოვანი მანდატი არ აქვთ.
"ევროპის ქვეყნებში არაერთი ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ეს ურთიერთობები შრომითი ურთიერთობებია. მაგალითად, ესპანეთმა კურიერებთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური კანონი, სადაც პირდაპირ დაადგინა, რომ კურიერები შრომითი ურთიერთობის მხარეები არიან", - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი და აზუსტებს, რომ კურიერები ამ საქმიანობისთვის მიღებული შემოსავლიდან გადასახადებსაც ჩვეულებრივ იხდიან.
"ვოლტის" კურიერები არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.