Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვისღა აინტერესებს რუსული კანონი?“ - ალენ ბერსეს პრეზიდენტი, პარტიები და არასამთავრობოები აკრიტიკებენ


ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები აკრიტიკებენ.
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები აკრიტიკებენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ შეთანხმება შედგა კანონთან დაკავშირებით დისკუსიაზე და კანონს მხოლოდ მაშინ შეცვლიან, თუ მის „სამართლებრივ ხარვეზებს“ დაუსაბუთებენ.

„ვისღა აინტერესებს“?

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ალენ ბერსე და მისი დელეგაცია „მგონი, ცოტა გაუგებრობაში არიან“.

„კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი, რომ ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია ერთადერთ რამეზე: დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებები“.

პრეზიდენტმა განაცხადა:

„მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ - რა? რუსული კანონი! ვისღა აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა?!"

„რეალობას მოწყვეტილი“

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარია, პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, ბერსეს განცხადებას „აგენტების კანონის“ შესაძლო ცვლილებაზე.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“:

„ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, - წერს გვარამია.

მისი თანაგუნდელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ახლა პროტესტის მკაფიო მოთხოვნა ახალი არჩევნებია. ის ფეისბუკზე წერს:

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ) პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები“.

„კრიზისს ეს ვერ უშველის“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ „აგენტების კანონის“ „გაკეთილშობილებას“ ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს.

„ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

„თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს“, - მიიჩნევს საიას ხელმძღვანელი.

იმავე აზრზეა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე. ის აკრიტიკებს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და აცხადებს:

„ნაცვლად იმისა, რომ სწორედ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები ჰქონოდა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე მკაფიო განცხადებები გაეკეთებინა, მაინც პროცესის პოლიტიკური მხარდაჭერა მოინდომა და ქართული ოცნების ირიბი მხარდაჭერა გამოუვიდა“.

„რეჟიმის გაკეთილშობილების მანდატი არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს, როცა ხალხს ქუჩებში აწამებენ, მწამებლებს ღირსების მედლების დაკიდებას უპირებენ და უფრო მძიმე ავტორიტარიზმის მუქარას ვიღებთ ყოველ დღე. მხოლოდ ფუნდამენტური კომპრომისების შემდეგ შეიძლება საუბარი ნორმალიზების და დეესკალაციის სამუშაოებზე. ორდღიანი ვიზიტით, სტრასბურგიდან დანახული საქართველოთი და პოლიტიკური წონის გარეშე ამ პროცესს ვერ შექმნის ვერავინ“, - წერს იგი ფეისბუკზე.

ალენ ბერსემ მანამდე განაცხადა: „გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები [კანონის შეცვლაზე], ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს“.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეკრებას გარკვეული დრო დასჭირდება:

„რა გინდათ, შუადღესავე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დაკავებულები არიან, ბევრი სამუშაო აქვთ. ასევე, იწყება საშობაო არდადეგები... ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემთ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. გავუწევთ ორგანიზებას. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - ერთ თვემდე ვადის“, - უპასუხა მან ჟურნალისტებს.

ალენ ბერსეს თქმით, ის საქართველოში „არჩევნების ლეგიტიმაციისთვის“ არ არის ჩამოსული: „მე აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი“, - განაცხადა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG